ტერმინი „ვარდისფერი ქრისტიანობა" არ გახლავთ სიახლე. ის XIX ს-ის ბოლოს შემოიღო ცნობილმა მოაზროვნემ კონსტანტინე ლეონტიევმა. ამით მან ცნობილი ორიგენისტული მოსაზრება „რა ღვთის შიში, ღმერთი ხომ სიყვარულია და მხოლოდ სიყვარულის" - გამოხატვა. მას შემდეგ ზოგიერთმა სასულიერო პირმაც და ღვთისმეტყველმაც უსაფუძვლოდ მიიჩნია მამებისეული სწავლება ჭეშმარიტი სიყვარულის შესახებ.
კ. ლეონტიევის დროს „ვარდისფერი ქრისტიანობის აპოლოგია" მეტწილად ინტელიგენციისა და ნაკლებრელიგიურ წრეებში შეინიშნებოდა. დღეს ეს მოსაზრება ფართოდ შემოიჭრა ეკლესიის ცნობიერებაში.
„ვარდისფერი ქრისტიანობის" საფუძვლებში ჩანს სპეკულაციური დამოკიდებულება ღვთის უმნიშვნელოვანესი სათნოების - სიყვარულის მიმართ. სიყვარული არ არსებობს თავდადების, ქრისტეს ჯვარცმის, გამოსყიდვის გარეშე. ვარდისფერი ქრისტიანობის აპოლოგეტებს სურთ მხოლოდ მოზეიმე სიყვარული ზემოხსენებული სათნოებების გარეშე. ვარდისფერი ქრისტიანობის აპოლოგეტებს სურთ მხოლოდ მოზეიმე სიყვარული ზემოხსენებული სათნოებების გარეშე. ამგვარი იოლმისაწვდომი, სენტიმენტალური, ჰუმანური სიყვარული მართლმადიდებლობის საპირისპირო სულისკვეთებისაგან მომდინარეობს გარკვეულწილად.
ამგვარი სიყვარულისაკენ ლტოლვა გასაგები და ადვილსარწმუნო გახდა თანამედროვე ადამიანისათვის.
დღეს ადამიანმა ძალიან შეიყვარა ბიწიერი, კომფორტული ცხოვრება, ამა სოფლის სული, თავისი მომხიბვლელი საცთურებით, ფსევდოკულტურით და მისთ. ამას მოჰყვა ძიება ისეთი რელიგიისა, რომელიც არ დაგვსჯის ცოდვების გამო, რომელიც მყისიერად, ღვაწლისა და შრომის გარეშე მოგვანიჭებს სიყვარულს, სიმშვიდეს, ბედნიერებას, ამქვეყნიურ სიხარულს.
პაისი ათონელმა შემდეგნაირად ახსნა „ვარდისფერი ქრისტიანობის" სიყალბე: „ადამიანებს სურთ სცოდონ და ჰყავდეთ კეთილი ღმერთი. ისეთი ღმერთი, რომელიც ყოველივეს შეგვინდობს, ჩვენ კი შეგვიძლია განვაგრძოთ ცოდვაში ყოფნა". დიახ, ადამიანებს გვსურს მოვიქცეთ სურვილისამებრ, ღმერთმა მუდმივად გვაპატიოს, ჩვენ კი ჩვენებურად განვაგრძოთ.
ამგვარი სულიერი მოთხოვნილება შობს ისეთ „ქრისტიანობას", რომელშიც მართლმადიდებლური სწავლების საფუძვლები იგნორირებულია, ჭეშმარიტი სიყვარული კი სახეცვლილი, პროფანაციული სიყვარულითაა ჩანაცვლებული.
თანამედროვე „ვარდისფერ ქრისტიანობას" ახასიათებს:
1. სიყვარულის აპოლოგია ღვთის სამსჯავროს უგულებელყოფის ფონზე.
2. ადოგმატური მსოფლხედვის ჩამოყალიბება. ამ დროს წყდება კავშირი დოგმატებთან, ვით მოძველებულ, უსარგებლო სწავლებასთან და ღვთის მცნებებთან. აბსოლუტური ჭეშმარიტების პრინციპი თითქოს არც არსებობს: ესეც მართებულია, ისიც მისაღებია და ა.შ.
3. ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების არცოდნა თუ გაუაზრებლობა, წმიდა მამათა ასკეტური სწავლებისა და ცხოვრების პირადი, მხოლოდ გარეგნული მოღვაწეობით ჩანაცვლება ზოგჯერ პირიქით, - მყისიერად მაღალი სულიერი საფეხურებისადმი ქარიზმატული გარღვევები.
შედეგად, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული მკრეხელურად დაიყვანება ჰუმანურ, „ლამაზ" ადამიანურ გრძნობებამდე, რომელიც არ საჭიროებს არც ღვთის შიშს, არც თავმდაბლობას, არც მორჩილებას. ამიტომაც ფსევდოღვთისმეტყველური თეზისი: „ღმერთი არ არის მსაჯული, არამედ მხოლოდ სიყვარულია", დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს ხიბლავს.
ჩვენი ოპონენტები ხშირად გაიძახიან იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებს „ღმერთი სიყვარულია" (იონ. 4. 16), მაგრამ იმავე მოციქულმა დაწერა აპოკალიფსში: „ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცისმკვლელთა და მეძავთა და მწვალებელთა და კერპთმსახურთა და ყოველთა მტყუვართა ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე" (გამოცხ. 21.8). თან ეს განაცხადა მაშინ, როცა კერპებს თაყნავს სცემდა თითქმის მთელი კაცობრიობა.
იმავე იოანე ღვთისმეტყველი, სიყვარული მოციქული, არ შევიდა ქ. ეფესოში, აბანოში, სადაც ერეტიკოსი კერინთი იმყოფებოდა. ის (კერინთი) ასწავლიდა, რომ ძე ღვთისა არ იყო ღმერთი. თანამგზავრებს მოციქულმა უთხრა: „გავიდეთ აქედან, აბანო შეიძლება დაიწვას, ვინაიდან უწმინდური ადამიანია იქ."
იქნებ აგვიხსნან „სიყვარულის" აპოგოლეტებმა, რას ნიშნავს ეს სიტყვები? იქნებ ეს სიძულვილია? არა, ეს არ არის სიძულვილი. უბრალოდ სიყვარული სულაც არ უნდა იყოს ბრმა. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი ადამიანის სულიერ სნეულებებზე. ჭეშმარიტი სიყვარული სულაც არ ითხოვს გარეგნულ ურთიერთობას ადამიანთან, რომლისგანაც შეიძლება სულიერად დაზიანდე და მასაც ვერ მოუტანო სარგებელი. სიყვარული დისტანციაზეც, შორითაც შეიძლება გამოვლინდეს სხვა ფორმით - მეტწილად პირადი ლოცვითა და სიკეთის კეთებით.
სიყვარულის მცნება ყოველთვის სავალდებულოა, ყველა შემთხვევაში, განსხვავებული შეხედულებების დროსაც, მაგრამ დამოკიდებულება იცვლება იმის მიხედვით, თუ ვისთან გვაქვს საქმე.
უსიყვარულოდ რელიგიური მოშურნეობაც არ არის სათნოება, ხოლო რელიგიური მოშურნეობა, სიძულვილთან შერწმული, აშკარად ცოდვაა.
როცა სიმდაბლითა და სიყვარულით ვექცევით არამართლმადიდებლებს, მოციქულის სიტყვით, მათ სინანულსა და ჭეშმარიტებისათვის განვაწყობთ: „მშვიდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა." (2 ტიმ. 2.25).
ძველად, იერუსალიმის ეკლესიაში არსებობდა სხვადასხვა საღვთისმეტყველო სკოლა. ისინი განსხვავებული შეხედულებებით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია სულიერი ერთობა და მშვიდობა შეენარჩუნებინათ და ერთიან ეკლესიაში ყოფილიყვნენ. განსხვავებული მოსაზრების გამო პავლე მოციქული კორინთელ ქრისტიანებს წერს: „... მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს - რაჲმე მრწამსს. რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ". (1 კორ. 11. 18-19). ე.ი. კამათი, პოლემიკა, საუბარი, მსჯელობა უმნიშვ-ნელოვანეს საკითხებზე საჭირო და მნიშვნელოვანია, რათა გამოჩნდეს, მართალი პოზიცია.
პავლე მოციქული მხოლოდ ერთს მოგვიწოდებს, რომ „ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ". (1 კორ. 14.40).
თუმცა განსხვავებულ აზროვნებასაც აქვს თავისი საზღვარი. როდესაც შეხედულება არღვევს სულიერ ერთობას, სიყვარულს და ეკლესიას განხეთქილებით ემუქრება, იგივე პავლე მოციქული ამბობს: „... მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა... რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყვის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე-აპოლოსი, ხოლო მე-კეფასი, ხოლო მე-ქრისტესი. გან-მე-ყოფილ არს ქრისტე? ნუ პავლე ჯუარს-ეცუა თქუენთვის? ანუ სახელითა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთ?" (1 კორ, 1. 11-13).
ამრიგად, დედაეკლესია ქრისტეში ერთობისაკენ მოგვიწოდებს და არა ნებისმიერ სწავლებასთან ერთობისაკენ.
ცრუ ჰუმანისტური ქრისტიანობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ქადაგებენ, აბსოლუტურად კოსმოპოლიტური შინაარსისაა. უარყოფილია მკაფიო დოგმატური სწავლება, წეს-განგება და ტრადიციები. არადა ოპონენტებს მართებული სწავლების პრეტენზია აქვთ. ასეთი ქრისტიანობა იგივე რევოლუციაა ეკლესიაში.
„ვარდისფერებმა" სახარებისეული სწავლების, მართალია, უძირითადესი, მაგრამ მხოლოდ ერთი მხარე წარმოაჩინეს, ის ნაწილი, სადაც საუბარია სიკეთეზე, მიტევებაზე, სიყვარულზე. ისინი ამბობენ, რომ ეს არის არსებითი მხარე ქრისტიანობისა. ხოლო არანაკლებ მნიშვნელოვანი - ცოდვასთან ბრძოლა, ასკეზი, შინაგანი მოღვაწეობა მათ უგულებელყვეს.
ცხადია, ღმერთს უყვარს ყოველი ადამიანი. ამიტომაც გასწირა მან თავი კაცობრიობისათვის. მაგრამ, როგორ განვმარტოთ წმ. წერილის სიტყვები: „ვინც მიყვარს, მას ვსჯი", რომელიც, აგრეთვე, გამოხატავს ღვთაებრივ სიყვარულს ადამიანისადმი?
განა ღვთის განგებით ყოველ ადამიანზე არ არის დაშვებული სამსჯავრო? ადამიანი ყოველდღიურად ეჯახება უამრავ გასაცდელს, ავადმყოფობას. განა ეს არ არის ერთგვარი გამოვლინება ღვთის სამართლიანი სასჯელისა? როდესაც ხან მოთმინებაში გაძლიერების მიზნით გვევლინება მწუხარებები? შემდეგ, მადლიერებით მიღებული განსაცდელი იცვლება სულიერი სიხარულით.
ამრიგად, ღვთის სამსჯავრო არ იქნება სიყვარულს მოკლებული. როგორც ექიმები განაშორებენ ჯანმრთელებს სნეულთაგან, რათა ისინიც არ დასნეულდნენ, ასეთივე იქნება ღვთის სამსჯავროც.
„ღმერთი არ შეიძლება მარად ტანჯავდეს," - ამბობენ ლიბერალები. ასეთი მიდგომა უფრო სამოქალაქო სამართლებრივ მიდგომას ჰგავს, ვიდრე მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას. ისინი იაზრებენ ან შეგნებულად უგულებელყოფენ იმ რეალობას, რომ ვნებებს დამონებულ ადამიანს უყვარს თავისი ცოდვა და არა ღმერთი.
ქრისტიანობა მართლაც სიყვარულის რელიგიაა, მაგრამ ამ ქრისტიანულ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ცრემლიან - სენტიმენტალურ, მიწიერ სიყვარულთან, როგორც ამსოფლიური სულით ავსებულ ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია. ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი სიყვარულის რელიგია, რომელიც განუყოფლადაა დაკავშირებული ქრისტეს სწავლების ღვთაებრივ ჭეშმარიტებასთან.
აი ამიტომ გვმოძღვრავს „სიყვარულის მოციქული" „ნუ გიყვარნ სოფელი ესე, ნუცაღა რა არის სოფლისა ამის", და კიდევ: „უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისა მის თანა" (1 იონ. 2. 15).
არანაკლები შემართებით გვეუბნება იაკობ მოციქული: „მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისა ამის მტერობა არს ღმრთისა? აწ უკვე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგეს" (იაკ. 4.4).
როგორც ხედავთ, ქრისტიანული სიყვარული არ შეიძლება განურჩევლად ყველასა და ყველაფერზე გავრცელდეს.
Xareba.net - ის რედაქცია