წმიდა მამები მართლმადიდებლური სწავლების ჩამოყალიბების დროს, მსოფლიო კრებებზე, არ ეძებდნენ ისეთ სიტყვებს, ან კომპრომისებს, რომლებიც დამალავდა განსხვავებას მართლმადიდებლებსა და ერეტიკოსებს შორის, არამედ ისინი აგნებდნენ სულიწმიდის მადლით, ისეთ სიტყვებს, რომლებიც მკაფიოდ გამოხატავდა მართლმადიდებლურ არსს. მაგალითად: პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმ. მამები ქრისტეს ბუნების გამოხატვისთვის შეჯერდნენ სიტყვაზე „ერთარსი მამისა", რომელიც არიოზელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ მართლმადიდებლურმა კრებსითმა აზრმა იზეიმა, ვინაიდან - ნაპოვნი იქნა სიტყვა, რომელიც მოციქულთა გადმოცემას ცრუსწავლებისაგან იცავდა. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოიძებნოს მაქსიმალურად ზუსტი, და არა „მისღები", „კომპრომისული" სიტყვა, ფორმულირება.
რაც შეეხება ჩვენს საკითხს. ეკლესიის ისტორიაში აპოკატასტასისის პრობლემა არასოდეს რჩებოდა პიროვნების კერძო აზრად. ვიდრე ეს ასე იყო, ეკლესია მოძღვრული შემწყნარებლობით ეკიდებოდა ამ საკითხს და კრებით ხედვას არ გამოხატავდა. თუმცა ორიგენეს სიცოცხლეშივე მართლმადიდებელი ეკლესია უკომპრომისოდ ამხელდა მის ცრუ შეხედულებას.
საეკლესიო მკვლევარების აზრით, მართლმადიდებლური სწავლების ალექსანდრიის საღვთისმეტყველო პოზიცია ორიგენიზმისაგან წმ. პეტრემ (ალექსანდრიელმა) დაიცვა, მცირე აზიისა - წმ. მეთოდიმ, ხოლო ანტიოქიის საღვთისმეტყველო პოზიცია - წმ. ევსტათიმ. IV საუკუნის დასასრულისთვის კამათი ამ საკითხის გარშემო იმდენად გამძაფრდა, რომ სამი დგილობრივი კრება შედგა, რომლებზეც დაგმეს ორიგენეს სწავლება. ეს კრებები იყო: 1) ალექსანდრიის კრება წმ. თეოფილეს თავჯდომარეობით, 2) კიპრის კრება წმ. ეპიფანეს ხელმძღვანელობით, 3) რომის კრება პაპი ანასტასის თავჯდომარეობით.1
მაგრამ ორიგენეს ერეტიკული შეხედულებები ჯერ საბოლოოდ არ იყო ანათემიზირებული. ხოლო როდესაც მცდარი შეხედულებები მიმზიდველი გახდა მრავალი ქრისტიანისათვის, დედაეკლესიამ კრებითად გამოხატა თავისი აზრი ამის შესახებ.
მსოფლიო კრების მასალებში შესულია ვრცელი საღვთისმეტყველო წერილი ორიგენ წვალებათა წინააღმდეგ და სხვა ცრუ აზრთან მხილებასთან ერთად, მრავალ წმიდა მამათა თხზულებებზე დაყრდნობით, ამ წერილში ამქვეყნიური სასჯელის არსებობის უარმყოფელი ორიგენისტული სწავლებაც მხილებულია. ხოლო მსოფლიო კრებაზე წაკითხული საღვთისმეტყველო თხზულებები, როგორც ვიცით, უცდომელობის კრიტერიუმად მიიჩნევა და მათში რაიმე პრინციპული შეცდომის არსებობა გამორიცხულია.
იგივე, მეხუთე მსოფლიო კრებამ მიიღო ორი უმნიშვნელოვანესი დადგენილება (მე-9 და მე-10 დადგენილებები) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რომელშიც წერია:
9) ვინც ამბობს ან ფიქრობს, რომ დემონთა და უწმინდურ კაცთა სასჯელი დროებითია და გარკვეული დროის შემდგომ მას ექნება დასასრული, ანდა ის, რომ (სასჯელი ვითომდა დასასრულის შემდგომ) მოხდება უწმინდურ კაცთა და დემონთა აღდგენა - ანათემა მას.
10) ანათემა: ამის გამომთქმელ, ადამანტად წოდებულ ორიგენესაც, მის უწმინდურ, გარყვნილსა და დანაშაულებრივ მოძღვრებასთან ერთად და ყველა იმათ, რომელთაც ასეთნი აზრნი უპყრიათ, ანდა მათ (ე.ი. ისეთ აზრებს) იცავენ, ან კი როდესმე რაიმე სახით გაბედავენ მათ გამეორებას.2
ხოლო VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ან სხვაგვარად ტრულის V-VI მს. კრებაზე, წმიდა მამებმა განაჩინეს: „... ამ მამებმა თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე ორიგენი, დიდვიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განაშორეს, რადგან იმათ ელინური ზღაპრები განაახლეს და წარმომავლობა და გარდაქცევა ზოგიერთი სხეულისა და სულის კვლავ სამარცხვინოდ წარმოგვიდგინეს სიზმრისეულ ოცნებებში მოხეტიალე გონებით, და მკვდრეთით აღდგომის წინააღმდეგ უსჯულოდ და უგუნურად გამოვიდნენ".3
ასევე წმ. ათანასე დიდის მიერ შედგენილ სარწმუნოების სიმბოლოშიც არის პირდაპირი მინიშნება საუკუნო ტანჯვის არსებობის შესახებ, რომელიც უარყოფილია ორიგენეს მიერ.
ხოლო წმიდა კლიმენტი რომაელი ამბობს: „ყოველი სული უკვდავია. ეს ბიწიერთა მიმართაც ითქმის, თუმცა კი მათთვის უმჯობესია არ ყოფილიყვნენ უკვდავნი: რამეთუ მარად ჩაუმქრალ ცეცხლში საუკუნო ტანჯვას მიეცემიან და მოკვდებიან არასოდეს, რის გამოც მათ უბედურებას არ ექნება დასასრული".4
წმიდა ირინეოსი კი, სატანჯველის შესახებ ორიგენისტულ სწავლებას ძალზედ ლაკონურად გამოთქვამს: „ვისაც უფალი ეტყვის: წარვედით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, ისინი განსჯილნი იქნებიან სამარადისოდ".5
წმიდა მღვდელმთავარი პოლიკარპე თავის მდევნელს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „შენ მემუქრები დროებითი და მსწრაფლ ჩამამქრალი ცეცხლით, რამეთუ არ უწყი მომავალი სამსჯავროს ცეცხლისა და საუკუნო ტანჯვის შესახებ, რომელიც უწმინდურთათვისაა გამზადებული".6
წმიდა მამათა ამონარიდების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ არის ამის საჭიროება?
ნურც თანამედროვე ეკუმენისტ-ორიგენისტებსაც ექნებათ დიდი იმედი - წმიდა მამებმა მართლმადიდებლური სწავლების ყველა დამრღვევზე ბრძანეს: „ხოლო ვინც კი პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ იყოს ზემოთ მოხსენებული წმიდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტიანთა კრებულისაგან და ისინი როგორც უცხოები გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას".7 (გაგრძელება...)
1ჟურნ. Православная Беседа. №7. გვ. 9.
2ციტირებულია საქ. საპატრიარქოს თბილისის აკადემიისა და სემინარიის შრომებიდან. №11. 1990 წ. გვ. 104.
3VI მს. საეკლესიო კრება I კანონი. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. ეპისკოპოსი ნიკოდიმოს (მილაში).
4ციტ. Св. Иоан Дамаскин. Творение.
5Св. Ириней Лионский. Против ереси IV. გვ. 28.
6წიგნ. Церковн. ист. Св. Поликарп Смирнский. თავი 15.
7დიდი სჯულის კანონი. თბ. 2004. გვ. 150.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია