„მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ:
არაფერი მითქვამს მათთვის, თავისით წინასწარმეტყველებენ".
(იეს. 23. 21)
ადამიანი ყოველდღიურ ყოფით პირობებში მრავალი, ხშირად მტანჯველი, დილემის წინაშე დგას. როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ ვითარებაში, როგორ გადავწყვიტოთ ესა თუ ის კონკრეტული საკითხი? სულიერი ცხოვრების დაწყებისთანავე კიდევ მრავალ პრობლემას ვაწყდებით, რომლის გადაჭრა ჩვენს დროში არც თუ იოლი საქმეა. როგორ გავარკვიოთ, ღვთისგანაა ესა თუ ის აზრი, თუ ეშმაკის ხრიკია? საერთოდ, როგორ შევაფასოთ ესა თუ ის სულიერი მოვლენა, რომელსაც ვამჩნევთ ჩვენს თავში ან გარესამყაროში: ბუნებრივია, ღვთაებრივია თუ დემონური ხასიათისაა?
ეკლესიური ცხოვრების დამწყები ადამიანი ნელ-ნელა იხვეჭს სულიწმიდის მადლს თავისი მოღვაწეობით. მასში როგორც გარეგნული, ისე შინაგანი ცვლილებები შეინიშნება. თუ ადამიანი მოსვლისთანავე იწყებს ფიქრს, რომ რამდენიმე წელიწადში, მაგალითად, შიო მღვიმელს მიემსგავსოს ღვაწლში, უნდა დავასკვნათ, რომ ეს ადამიანი ხიბლშია. ეკლესიაში არ შეიძლება მიზნად დაისახო სასწაულების, სხვა ხილული ნიჭების მოთხოვნა. სადაც მსგავსი სასწაულების ძიება იწყება, იქ ცხადი და აშკარაა ცნობისმოყვარეობის ვნება.
საქმე ამგვარადაა: თანამედროვე ქრისტიანი ხშირად სულიერ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ ნათლად ვერ წვდება დროის სულს, თავის რეალურ სულიერ მდგომარეობას, იმას, თუ რამდენად დაშორებულნი ვართ ჩვენ წმიდა მამათა ცხოვრებისაგან. ამგვარ შეგონებას არაერთი წმიდა მამისა და თანამედროვე ღვთისმეტყველის კრებულებში ვპოულობთ, აი, რას წერს ამის შესახებ მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი): „მართლმადიდებლური წიგნები სულიერი ცხოვრების შესახებ სულ უფრო მისაწვდომი ხდება. სულ უფრო მეტი ადამიანი მსჯელობს ისიხაზმზე, იესოს ლოცვაზე, ასკეტურ ცხოვრებაზე, ამაღლებულ ლოცვით მდგომარეობაზე, წმიდა მამათაგან ისეთ გამორჩეულ პიროვნებებზე, როგორებიც არიან: სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგოლ პალამა ან გრიგოლ სინელი.
ძალიან კარგია წარმოდგენა გვქონდეს მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების ჭეშმარიტად ამაღლებულ მხარეზე, პატივი მივაგოთ იმ უდიდეს წმინდანებს, რომლებიც ნამდვილად ცხოვრობდნენ სულიერი ცხოვრებით; მაგრამ, თუ ჩვენ არ გვექნება ძალზე რეალისტური და ძალზე თავმდაბალი შეგნება იმისა, თუ რამდენად შორს ვართ ისიხასტების ცხოვრებისაგან, რამდენად მცირედ მომზადებულნი ვართ რომ ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ მათ, ჩვენი ინტერესი იქნება კიდევ ერთი გამოხატულება ჩვენივე ეგოცენტრული (ხელოვნური) სამყაროსი...
უნდა ღრმად გავაცნობიეროთ ჩვენი დრო, თუ რაოდენ ცოტა ვიცით მართლმადიდებლობის შესახებ, რაოდენ ცუდად ვგრძნობთ მას და შორს ვართ არა მარტო წმინდა სიძველეებისაგან, არამედ იმ უბრალო მართლმადიდებელი ქრისტიანებისაგან, რომლებიც ცხოვრეობდნენ 100 წლის, თუნდაც ერთი თაობის წინ და რაოდენ უნდა ვეცადოთ დღეს, რომ გადავრჩეთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი."1
ამრიგად, სულიერ ცხოვრებას, რომელიც ღვთის განგებით გვხვდა წილად, უდიდესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ძველი დროის წმიდა მამები პირდაპირ აუწყებდნენ თავიანთ მორჩილებს ღვთის ნებას. დღეს ადამიანმა თავად უნდა ეძებოს ღვთის ნება წმინდა წერილში. ეს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვას მოითხოვს. მაშინ სულიერი წარმატება სწრაფად მოიპოვებოდა, დღეს კი ერთობ რთულია. ასეთია ღვთის ნება თანამედროვე ქრისტიანებზე.
უნდა ითქვას ერთიც: სულიერი მოძღვრობა (სტარცობა) ქარიზმატული ნიჭია, რომელიც მოძღვარს სულიწმიდის მიერ მიეცემა. ღვთის მადლი ფარულად მოქმედებს მოძღვარში, როდესაც იგი პასუხობს შეკითხვებს, ანუ: რჩევა გადაეცემა ადამიანს არა გონების, აზროვნების შედეგად, არამედ ზეგარდამო. ყოველივე ამის მოპოვება დამოკიდებულია მოძღვრის სულიერ სიწმინდესა და სრულყოფილებაზე.
ახალბედა მოძღვარს, ღვაწლს რომ შეუდგა, მართებს ზემოთქმულის გათვალისწინება. სხვაგვარად მისი სულიერი მდგომარეობა მეტად რთული აღმოჩნდება. წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: „იმ მამებმა, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ ძველი დროის წმიდა მამათა ფუნქციას და არა აქვთ შესაფერისი სულიერი შესაძლებლობა, დაე უწყოდენ - ცრუა მათი განზრახვა, აზრები და შეხედულებები. მათი აზრების წყობა, ცოდნა ეშმაკის ხიბლია, რომელიც შესაბამის ნაყოფს გამოიღებს მოწაფეში. მათი არასწორი დამოკიდებულება მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება შეუმჩნეველი მორჩილს ან გამოუცდელს, დამწყებს. თუ ეს დამწყები რამდენადმე გონიერია და წმიდა მამათა თხზულებების კითხვასა და მათ ცხოვრებაზე ფიქრშია გამეცადინებული, თავის დროზე ამ ურთიერთობას ნათელი მოეფინება და სამწუხარო განშორების მიზეზი გახდება."2
ამ თვალსაზრისით ყურადსაღები მაგალითებია წმ. მამათა თხზულებებში. განსაკუთრებული უბრალოებით გამოირჩევა, რასაც ბერი პაისის „სულიერ ბრძოლაში" ვკითხულობთ: „თუ ადამიანი თავს ეგოისტურად აიძულებს იღვაწოს და სურს რომელიმე წმინდანს გაუტოლდეს, რათა ამით სხვათა აღტაცება დაიმსახუროს - ეს უკვე ხიბლის დასაწყისია...
მაშინ, როდესაც საკუთარ „მშრალ" მოღვაწეობას განიხილავს ადამიანი და დაასკვნის, რომ სულიერად წარმატებულია. ის ამპარტავნობს: „მე ასეთი და ასეთი სულიერი ღვაწლი ვიტვირთე, ის ძმა კი ამაში მოიკოჭლებს, მე უკვე მივაღწიე ამა და ამ წმინდანის დონეს, იმ წმინდანს კი გადავამეტე". და ის კიდევ უფრო გულმოდგინედ მარხულობს და მეტ მღვიძარებაშია, მაგრამ მისი ყოველი შრომა ამაოდ იხარჯება, იმიტომ რომ, ყოველივე ამას ის ვნებების მოსაკვეთად კი არ აღასრულებს, არამედ იმისათვის, რომ ეგოისტური კმაყოფილება განიცადოს."3
ცრუ „წმინდანობის" საცთურს წმინდა მამები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოვლენად მიიჩნევენ. ამ დროს მოძღვარი, ბერი ან მონაზონი ესწრაფვის მრევლის სასწაულებითა და ნიშნებით განმტკიცებას. ასეთ ადამიანს თავი განსაკუთრებული მლოცველი ჰგონია. მას უჩნდება „კურნების", მჭვრეტელობის კადნიერი პრეტენზია, თითქოსდა სხვათა აზრებს სწვდება, მომავალს წინასწარმეტყველებს, ან ანგელოზებსა და რომელიმე წმინდანს ესაუბრება და ა.შ. მსგავსი ქმედება, რა თქმა უნდა, ადამიანს ხიბლში აგდებს. ეს ყველაფერი შეიძლება საშინელი შედეგებითაც დასრულდეს: (ჭკუაშეშლილობა, ეშმაკისეულობა ან თვითმკვლელობა).
ამის მაგალითები უხვადაა პატერიკებში. ხელთა გვაქვს არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნი „სულის ფარული სნეულებანი". მამა ლაზარე მაგალითების მეშვეობით, დეტალურად საუბრობს ამ სულიერი სენის შესახებ: „წმინდა მამათა მოთხრობებში, მათ ცხოვრებაში ვხვდებით ეშმაკის დახვეწილ მზაკვრობებსა და ბოროტმოქმედებებს. ხშირად, თითქმის ყოველდღე, ყოველ საათს ეშმაკი მზაკვრული რჩევებითა და ჩურჩულით ცდილობს თითოეული ქრისტიანის მცდარ გზაზე გადაყვანას. დემონები იოლად ახერხებენ საუბარს ჩვენს გონებასთან ისე, რომ თავად არ ჩანან, გვაწვდიან რჩევებს, რომელთაც ჩვენივე ჩვეულებრივ ყოველდღიურ აზრებად მოგვაჩვენებენ. ამიტომაც ხშირად გვემუქრება საფრთხე, რომ ეს მყვირალა, შელამაზებული აზრი, სულის მისწრაფება, გაღვივებული გრძნობა მივიღოთ ჭეშმარიტად მაცხოვნებელ და მადლმოსილ გაცისკროვნებად. ეშმაკები, როგორც წესი, ჩვენს მოტყუებას მზაკვრული გულისთქმითა და ყალბი შეგრძნებებით ლამობენ. რაც შეეხება მოღვაწეებს, განდეგილებსა და იმ ერისკაცებს, რომლებმაც განსაკუთრებული ღვაწლი იტვირთეს, აგრეთვე, მათ, ვინც არ არის ღვაწლში, მაგრამ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, დემონები მათ ხშირად აცთუნებენ ცრუ ხილვებითა და გამოცხადებებით, ეჩვენებიან რა ნათელ ანგელოზთა ან კაცთა სახით. ეს და ზემოხსენებული ხრიკებიც ზოგადად ერთი სახიათისაა - მათთვის ხელჩასაჭიდი, გნებავთ დასაყრდენი, არის ადამიანის სულში არსებული საიდუმლო - საკუთარ სიმართლეში ღრმა თავდაჯერება, საკუთარი ღირსების გრძნობა... საინტერესო და ფრიად შემაგონებელ შემთხვევებს აღწერს ერთი მთაწმინდელი მონაზონი, რომელიც ათონზე მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა, მან წმიდა მთაზე მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი მოინახულა და შთაბეჭდილებები აღწერა.
ავტორი წმიდა მთის ერთ მონაზონს მისი სენაკისკენ მიჰყვებოდა. გზად მათ უფსკრულზე გადაკიდებულ კლდეებს ჩაუარეს. მონაზონმა თანამგზავრს ამ ადგილთან დაკავშირებული შემდეგი ამბავი მოუთხრო: თურქეთთან უკანასკნელი ომის დროს აქ მოღვაწეობდა ერთი ბერძენი, სახელოვანი გავრიშვილი. მან უარი თქვა თავის ყველა უფლებაზე, მაღალი საზოგადოების დიდებასა და პატივზე და მეუ-დაბნოის ცხოვრება აირჩია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ძალზე ძლიერი მოღვაწე იყო, სხვაგვარად ეშმაკს ვერ გააღიზიანებდა. როდესაც მეუდაბნოესთან გონებისმიერი ბრძოლის ყველა მცდელობა ეშმაკისათვის ამაო გამოდგა, მან მოღვაწეს სუსტი მხარე მოუძებნა და მისი საოცარი დაცემის იარაღად მისივე გული და გონება გამოიყენა. ეშმაკმა თავბრუ დაახვია მოღვაწეს, აფიქრებინა, რაოდენ დიდია მისი ღვაწლი და ნელ-ნელა ისეთ ცდომილებამდე მიიყვანა საცოდავი, რომ მეუდაბნოემ მოინდომა საიდუმლო ხილვები, სულიერი სამყაროს გამოვლინებათა თვალნათლივი განცდა. როდესაც მასში თანდათანობით დამკვიდრდა ამპარტავნება და თვითდაჯერებულობა, ეშმაკი პრაქტიკულად ამოქმედდა. იგი მეუდაბნოეს ანგელოზის სახით ეცხადებოდა და ესაუბრებოდა. საცოდავმა იმდენად დაიჯერა „ანგელოზის" სიტყვები, ანუ საკუთარი აზრები, რომ მოინდომა ეკლესიაში ეპისკოპოსის ხარისხით ემსახურა. ამის ღირსი, როგორც „ანგელოზი" ჩააგონებდა, იგი თითქოს უკვე დიდი ხანია იყო და ამისთვის ამზადებდა თავად უფალი. საპატიო ადგილი, რომეოიც მოღვაწის ნათესავებს ერში ეკავათ, მეტისმეტად იპყრობდა მის წარმოსახვას - მათ სახელგანთქმულ დიდებაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. შემთხვევაღა აკლდა გზააბნეულს, რომ უდაბნოდან გამოსულიყო და ერში დაბრუნებულიყო. ეშმაკმაც არ დააყოვნა. ერთხელაც, მსგავს ფიქრებში რომ იყო, უეცრად ვიღაცამ კარზე დამაგრებული რგოლი დააბრახუნა. მეუდაბნოე შეკრთა, პირჯვარი გადაიწერა და ხმამაღალი ლოცვით მივიდა კართან.
-ვინ არის? - იკითხა მან.
-ესა და ეს, - მიუგეს გარედან, შენი მშობლიური მხარიდან ვართ, ნათესავებმა გადმოგცეს მოკითხვა და კიდევ რაღაც. ამასთან მნიშვნელოვანი დავალება გვაქვს, ნება დაგვრთე, შემოვიდეთ და გაგესაუბროთ, წმიდა მამაო.
მეუდაბნოემ კარი ოდნავ გამოაღო და ორი უცნობი პატივისცემით მიესალმა მას.
-მობრძანდით, - მოკრძალებით წარმოთქვა მეუდაბნოემ და კარი ფართოდ გააღო. უცნობები შევიდნენ. მასპინძელმა სტუმრობის მიზანი ჰკითხა უცნობებს. მათაც მიუგეს:
-აი, რა გვინდა გვეთქვა შენთვის, წმიდა მამაო: იცი, როგორ ვიტანჯებით ორტას ქვეშევრდომობით, როგორ დათრგუნულნი ვართ, ჩვენო ოჯახებიც, სარწმუნოებაც და თავად ეკლესიაც... შენ, რა თქმა უნდა, ეს თავადაც იცი.
-დიახ, ასეა - დაუდასტურა შეწუხებულმა მეუდაბნოემ, - მაგრამ ამით რა?
-ალბათ, ისიც იცი, - განაგრძო ერთ-ერთმა უცნობმა, - რომ თურქეთის რუსეთთან ომი ჩვენთვის ხელსაყრელი ზავით დასრულდა. ახლა გვეძლევა საშუალება და თავისუფლება, ქრისტიანულად ვიცხოვროთ... მაგრამ უბედურება ის არის, რომ შენს მშობლიურ მხარეში ეპისკოპოსი არ ჰყავთ. განა უამისოდ იქნება ეკლესია, განა ძალგვიძს ჩვენვე ვმწყემსოთ ჩვენი თავი? ვინ დაგვიცავს თურქთა სიმხეცისგან? ამასთან ჩვენ ვიცნობთ შენს ნათესავებს. ვიცით, ვინც ხარ და რა ცხოვრებასაც ეწევი. ამიტომაც მოგვიტევე, რომ ეპისკოპოსად შენი თავი გამოვითხოვეთ შენი თანხმობის გარეშე. აი, ეს თურქთა ფირმანი და მასთან ერთად პატრიარქის სიგელი.
უცნობებმა საბუთები მეუდაბნოეს გადასცეს.
-შემიბრალეთ! - შეეწინააღმდეგა მეუდაბნოე და თვალები თავმდაბლად დახარა. სინამდვილეში კი მზად იყო სიხარულისაგან ეხტუნავა.
-როგორ მივიღო სამწყსოს მმართველობის კვერთხი, როცა ჩემს თავს ვერ ვფლობ, როგორ ვიტვირთო სამოციქულო მსახურება, როდესაც საკუთარ უძლურებასა ვგრძნობ? არა, შვილებო, უარს ვამბობ იმაზე, რაც ჩემს ძალებს აღემატება. ამასთან ეს უდაბნო ჩემთვის სამოთხეა, მე აღვუთქვი ღმერთს აქ მოვკვდე...
-როგორც გსურს, ისე იფიქრე საკუთარ თავზე, წმიდა მამაო, - უპასუხეს უცნობებმა, - მაგრამ ხმა ერისა არის ხმა ღმერთისა, ნება მთავრობისა, ნება ღმრთისა! იცი, რომ საზოგადო კეთილდღეობა ჩვენს საკუთარ სარგებელზე უპირატესია, ფირმანი რისთვის მოგცეს? არა, მამაო, უარს ნუ იტყვი! ეკლესია გიხმობს. თუ არაფერი გაწუხებს, არც ერის უბედურება, არც ჩვენო ოჯახების სიმწარე, ნუთუ ეკლესიის გაჭირვებაც არაფერს ნიშნავს შენთვის - რაკი ასეა, - მიუგო მცირე ხნის ფიქრის შემდგომ მეუდაბნოემ, - თანახმა ვარ.
-აბა, მამაო აჩქარდი! - შენიშნეს სტუმრებმა - რაც მალე გავუდგებით გზას, მით უკეთესი. შორიახლოს გზაზე, ჯორები და მეგზურები გველოდებიან.
სანამ მეუდაბნოე ემზადებოდა, რაღაცას ალაგებდა თავის ტომარაში, უცნობები გაუთავებლად აჩქარებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, წამოვიდნენ და აუყვნენ კლდის წვერისაკენ მიმავალ ბილიკს. მოღვაწეს მძიმე დარდი და ბუნდოვანი წინათგრძნობა ღრღნიდა, გული წყდებოდა, რომ თავის უდაბნოს შორდებოდა. როცა მთის მწვერვალს მიაღწიეს, უბედურმა არ მოისურვა წასვლა ისე, რომ კიდევ ერთხელ არ შეევლო თვალი დაბლობზე განფენილი თავისი მკაცრი უდაბნოს არამიწიერი სილამაზისთვის. სამივენი კლდეზე იდგნენ, მათ ფეხქვეშ უფსკრულს დაეღო ხახა... მეუდაბნოე იმდენად გაუფრთხილებლად მოიქცა, რომ უცნობებთან საუბრით გაერთო და მათთან ერთად მიადგა კლდის ყველაზე აზიდულ ქარაფს. აქ კი ზურგში ძლიერმა ბიძგმა უფსკრულში გადაისროლა იგი, როგორც ქარიშხლის მიერ ხიდან მოწყვეტილი შემოდგომის ფოთოლი. გაისმა სტვენა და სატანურმა ხარხარმა მთელ უდაბნოს გადაუარა.
საბრალო სასიკვდილოდ დაშავდა მაგრამ, ღმერთმა მისცა დრო სინანულისთვის და გაუგზავნა მონაზონი მეზობელი სენაკიდან. კლდიდან გადმოვარდნილი ერთიანად დამტვრეული იყო, თავის ქალა დაზიანებოდა, სისხლი ჭრილობებიდან ნაკადულებად სდიოდა, მაგრამ მას ჰქონდა საკმარისი დრო და ძალა საიმისოდ, რომ თავისი ცხოვრებისა და ცდუნების ამბავი დაწვრილებით მოეთხრო. მან სთხოვა ნაცნობ განდეგილებს, ლოცვებში მოეხსენიებინათ და ატირებული მონაზონის ხელში დალია სული. შემზარავი განსაცდელიდან მას სამ საათზე მეტი არ უცოცხლია.
მთაწმინდელის წერილიდან ჩანს, რომ დემონებს ხშირად სულაც არ ეშინიათ ლოცვებისა. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ კიდეც ბევრ ჩვენ არასწორ ლოცვით მცდელობას.
შემდეგ მამა ლაზარე ერთი მოძღვრისა და ბერის საუბარს გადმოგვცემს. კითხვაზე „იქნებ მართლა ანგელოზი ევლინება?" ბერმა უპასუხა:
- მოვლინებულმა თუნდაც თავად ქრისტეს სახე მიიღოს, მერე რა? უფლის ამაღლების შემდგომ ჩვენთვის სასარგებლოა უფრო მისდამი რწმენა, ვიდრე მისი ხილვა. აქ ერთი რამ არის საჭირო: ყურადღება არ მივაქციოთ მოვლენას და საკუთარ საქმეს მივხედოთ, ანუ ვილოცოთ. დაე, ანგელოზიც გამოგვეცხადოს, მერე რა? ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან - ჩვენს მეუფესთან და უფალთან. ანგელოზი კი მისი მონა და მსახურია მხოლოდ... განსაჯე: განა კარგი იქნება, საუბარი შეწყვიტო უფალთან და მის მსახურს მიაპყრო ყურადღება? და თუ ანგელოზი, მისი თანამყოფობის დროს, მისდამი გამოჩენილი გულცივობით განაწყენებული, ხელს შეუშლის ღმერთთან ჩვენს ლოცვით საუბარს, მაშინ ასეთ ანგელოზს, თუნდ ჯვარს ემთხვეოდეს, თუნდაც მთლად ჯვრებში იყოს ჩაფლული, ნუ შეიწყნარებ, ის დამაბრკოლებელია!.. ამრიგად, ჩემი რჩევა ასეთია: არათუ არ შეიწყნარო, არამედ სულიერი სამყაროს ხილულ სამყაროს გამოვლინებათა შეხედვაც არ უნდა მოისურვო, ეს ჩვენ არც გვჭირდება და არც სარგებელს გვძენს, საფრთხეს კი უამრავს შეიცავს.
როდესაც ერთ მეუდაბნოე ბერს ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა: „მე ქრისტე ვარ", ბერმა თვალები დახუჭა და მიუგო: „მსურს ვიხილო ქრისტე სამომავლო ცხოვრებაში და არა აქ". ამის შემდეგ მას ეშმაკი აღარ გამოცხადებია.4
ამრიგად, არ შეიძლება ვენდოთ სასწაულებისა და ხილვების სურვილს, ზუსტად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი და ცრუ, ეშმაკური სასწაული.
აქვე ვთქვათ, რომ ზოგიერთ მღვდელმსახურში შეინიშნება, საიდუმლოს აღსრულების დროს აღსრულებული სასწაული პირად ღირსებად აღიქვას. მაგალითად: პური და ღვინო მაცხოვრის წმიდა ხორცად და სისხლად გარდაიქმნება, წყალი იკურთხება და არ ფუჭდება, მონათლული ადამიანი ღვთის განგებით ეკლესიის წევრი ხდება, აღსარების საიდუმლოში სხვისი ცოდვების მიტევება ხორციელდება და ა.შ.
სულიერ ხიბლში ჩავარდნილი მოძღვარი საკუთარ თავს იმას მიაწერს, რაც ნუგეშინისმცემელ სულს ეკუთვნის, რაც ყველა საიდუმლოსა და მღვდელმოქმედებაში ვლინდება, მღვდლის პირადი ნიჭიერების მიუხედავად. სიამაყით დაბრმავებული მღვდელი თავის პირად სულიერ მიღწევად, საკუთარი ასკეტური ღვაწლისა და ლოცვითი ძალის ნაყოფად მიიჩნევს ამას. მსგავსი შეცდომა, უფრო მეტად ფსიქოლოგიის, განწყობილებებისა და შეგრძნებების სფეროში ვლინდება, ვიდრე განსჯად თეორიულში. მღვდელს შესანიშნავად ესმის, რომ მაკურთხეველი ძალა სულიწმიდას ეკუთვნის, მაგრამ ღვთის სულის მაკურთხეველი ძალის მეტ გამოვლინებას, სხეულთა კურნებასა და მჭვრეტელობას ის საკუთარ მე-ს, თავის პირად ღირსებებს მიაწერს.5
ამრიგად, უნდა განვასხვავოთ ხელდასხმის შედეგად მიღებული სულიწმიდის ნიჭი საკუთარი მოძღვრობის (შემდგომში ბერობის, სტარცობის) განსაკუთრებული ქარიზმატული ნიჭისაგან, რომელიც არ მიეცემა ადამიანს ხელდასხმისას. სულიერი მოძღვრობა როგორც წესი, ვნებებისა და აზრებისაგან, გულისა და გონების ხანგრძლივი განწმენდის, მძიმე მოღვაწეობის შემდეგ ღვთის განგებით ეძლევა ღვთის რჩეულ ჭურჭლებს. მათ ღვთისაგან ეძლევათ ადამიანთა ფარული სულიერი ვნებების ხედვის ნიჭი. ამის შემდეგ ძალუძთ მათ მიუთითონ სულის გამოსწორების გზებზე. ასეთი ადამიანები განსაკუთრებული მადლმოსილებით ხდებიან სტარცები, ბერები. მათ ცხოვრებაში ნამდვილად მრავალი სასწაული (უკურნებელი სენის განკურნებები და მისთ.) და მჭვრეტელობის ნიჭი შეინიშნება. ხოლო ცრუ სტარეცი, ბერი არ დარდობს თავისი რჩევა-დარიგების სიავკარგეზე. მას მხოლოდ ერთი სურს: მოიპოვოს გამოცდილი, წმიდა, გონიერი, მჭვრეტელი მოძღვრის სახელი. მშვინვიერი, მოხიბული მოძღვარი, ყოველთვის ცდილობს ეფექტი მოახდინოს საზოგადოებაში, მაგრამ იგი ვერ იაზრებს, თუ რამდენად დიდი სულიერი ზიანის მოტანა შეუძლია მის დაუფიქრებელ რჩევას. სწორედ ასეთების გასაგონად თქვა მაცხოვარმა: „ბრმანი არიან და წინამძღვარნი ბრმათანი."
ჩვენს დროში ერთობ მოხშირდა დამახინჯებული წარმოდგენა ჭეშმარიტი მოძღვრის ფენომენზე. მას აშკარად ეგზალტირების ელემენტებიც სდევს თან. ჭეშმარიტი მოძღვრის დანიშნულება, თვისებები, დამოკიდებულება, სულიერი ხელმძღვანელობის უნარი სრულიად უგულებელყოფილია თანამედროვე ქრისტიანების ერთი ნაწილის მიერ. ზედმეტი, გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება „მჭვრეტელი", „სასწაულთმოქმედი", „მკურნალი", მამებისა და დედების ძიებას. მავანთა აზრით, ასეთი მოძღვარი არ შეიძლება შეცდეს. ამიტომ მის ლოცვაში სასწაულთქმედების ნიჭს ხედავენ. ხშირად იქ, სადაც სამედიცინო თვალსაზრისით შეუძლებელი არაფერი ხდება, სურთ დაინახონ უცნაური და ზებუნებრივი. დასანანია, ცრუ მოძღვრის კულტი სწორედ ხალხში, მასებში ყალიბდება. ვით იუდეველები ეძიებდნენ სასწაულებს ზეცით, ასევე თანამედროვე ფსევდოქრისტიანები, მისანთა და მარჩიელთა სანაცვლოდ თვით ეკლესიის წიაღში ეძებენ თავიანთი ვნებების დაკმაყოფილების საშუალებას, თითქოსდა ცხოვრება იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რამდენჯერ დაესწრებიან სასწაულთმოქმედთა „სეანსებს".
ამ ტრაგიკულ გაუცნობიერებლობას ხელს უწყობენ მოძღვრის გარემოცვაში მყოფი ეგზალტირებული და სენტიმენტალური რელიგიური პირები. ისინი არიან მეტწილად ქალბატონები, რომლებიც „აღმერთებენ" თავიანთ მოძღვარს.
ზემოხსენებულ სულიერ სენს - სტარცების, ბერების ძიების ვნებას ძლიერ აღვივებს შესაბამისი სულისკვეთებისა და შინაარსის ლიტერატურა. მკითხველს მიეწოდება წიგნები სხვადასხვა მოძღვარსა და მონაზონზე (შესაძლოა სასულიერო ხარისხის არმქონე პირებზე) სადაც წმიდა მამებისა და ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლება იქადაგება.
ვერასგზით დავმალავთ ამის მიზეზს. ე.წ. „სასწაულთმოქმედთა ძიების ვნებას იწვევეს მორწმუნეთა სულმოკლეობა. იმის ნაცვლად, რომ მორწმუნე ადამიანმა სისტემატიურად იკითხოს მართლმადიდებ-ლური ლიტერატურა, იგი შემოიფარგლება ზერელე და საეჭვო ბროშურებით. ზოგჯერ ასეთი გამოცემების შინაარსი ლამის „გამოცხადების" ტექსტს გაუტოლონ, არადა ყურადღებით, გულისყურით რომ კითხულობდეს ქრისტიანი წმიდა მამათა ცხოვრებას, არ გამოეპარებოდა შემდეგი ფაქტი: ყველა წმიდა მამა გაურბოდა ქებადიდების ყოველგვარი ხილული ნიშნების გამოვლინებას. სწორედ ასეთია წმიდა წერილის სულისკვეთებაც. ახლა კი პირიქითაა - დღევანდელი „სასწაულთმოქმედი" მამებისა და დედების ქცევაში სახელის განთქმის, საკუთარი რეკლამის ნიშნები იკვეთება.
ამრიგად, „წმინდანობის" საცდური, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება, ყველაზე საშიში განსაცდელია მოძღვრისთვისაც და მისი თაყვანისმცემლებისთვისაც. საშიშია რადგან ამას ხიბლის მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანი. უფრო სახიფათო ის გახლავთ, რომ ცრუ სტარცობა ერთგვარ ჰიპნოზს იწვევს. ცრუ იდეა სულიერ სუბრმავეში ამყოფებს ადამიანს, ცრუ აზრით მოცულ გონებას კი არანაირი არგუმენტი, მტკიცებულება, წმიდა მამათა სწავლების მოხმობაც კი არ შველის. ცრუ ბერებიც და მათი მიმდევრებიც ბოლოს ხშირად სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, ანდა, წმიდა მამათა აზრით, თვითმკვლელობით ასრულებენ თავიანთ „მოღვაწეობას".
მთავარი უთუოდ უნდა ითქვას: რა არის ამ სულიერი სენის მიზეზი? წმიდა მამათა ერთსულოვანი სწავლების თანახმად ამ სენს ხიბლი ჰქვია.
ვიდრე ხიბლზე საუბარს შევუდგებოდეთ, ერთ გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. აღნიშნული სულისკვეთების ლიტერატურათი ხშირად იშველიებენ XX საუკუნის მოღვაწეთა ციტატებს; მათში სხვადასხვა მოვლენას უწინასწარმეტყველებდნენ გარკვეულ პირებს, მაგალითად, ესა და ეს პიროვნება იცოცხლებს მეორედ მოსვლამდე და მისთ. ეკლესიის ისტორიაში არსებობს მაგალითები, როდესაც წმიდა მამა ზოგიერთ საკითხში ცდებოდა, მაგრამ ეს შეხედულება კერძო აზრად რჩებოდა და ეკლესია მას არ იზიარებდა.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება XX საუკუნის მოღვაწეებს და წმინდანებს. მათი შეხედულებები ძირითადად ზეპირი ფორმით გადმოიცემოდა, როგორც წესი, მეორე ან მესამე პირის მიერ და შემდეგ იწერებოდა. ეს ეჭვქვეშ აყენებს ამ „წინასწარმეტყველებების" ნამდვილობას. კიდევ: ხშირად რთულია გავიგოთ, რა კონტექსტში იყო ნათქვამი ესა თუ ის ციტატა; შემოთავაზებულია ამონარიდი, მაგრამ არ ჩანს მთლიანი სურათი, ფონი, რომ მივხვდეთ, რას გულისხმობდა ავტორი? რა ფორმით გამოხატა აზრი, იქნება ალეგორიაა ეს ან ხუმრობა? საინტერესოა როგორი სულისკვეთების ადამიანები წერდნენ ამ მოღვაწეთა ნაამბობებს? იქნება ეგზალტირებულნი, მოხიბლულნი იყვნენ ისინი და არ ჰქონდათ სწორი მართლმადიდებლური, წმინდა მამებისეული დამოკიდებულება? ან რატომ უნდა ვინტერესდებოდეთ იმით, რაც წმიდა წერილში აკრძალულია? წმიდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებდა: „მრავალი ცდილობდა ბოლოჟამის გამოცნობას. ამბობდნენ: „ეს-ესაა დასრულდება ზაფხული", მაგრამ ვერასდროს გამოიცნეს. მაცხოვარმა თქვა, რომ არავინ იცის ქვეყნის აღსასრულის დრო. ამიტომ არ ღირს მკითხაობა და სხვათა ნამკითხავების გამო დამწუხრება. უფლის მეორედ მოსვლა რომ იქნება, ცხადია; ისიც ცხადია, რომ ბოლო ჟამის მრავალი ნიშან-თვისების მიუხედავად, იგი მოულოდნელი იქნება. ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ მაცხოვრის გამუდმებული ლოდინი და მზადება მიგებებისათვის და არა მარჩიელობა მეორედ მოსვლაზე."6 ამავე შინაარსისაა არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) კითხვა-მიგებებაც: „პირადად ჩემთვის აპოკალიფსიც საკმარისია, რომელშიც მომავალი ისტორიის კონტურებია მითითებული. ის (აპოკალიფსი) არ მიგვანიშნებს კონკრეტულ თარიღებსა და გეოგრაფიულ მდგომარეობებზე. მე უფრო მეტად მაინტერესებს რა ხდება ადამიანის სულში, იმიტომ რომ სწორედ ამაზე და არა გარეგნულ სიტუაციაზეა დამოკიდებული მარადიული ცხოვრება ან სიკვდილი."7
სასწაულთმოქმედების საცდურის შესახებ სათქმელი გვსურს კიდევ ერთხელ დავამოწმოთ წმიდა მამათა და თანამედროვე ღვთისმეტყველთა შეფასებებით. ისინი გვაუწყებენ, რომ მიუხედავად ჩვენი დროის სულიერი სიდუხჭირისა, მაინც მოიპოვებიან არამოხიბლული, არამედ ჭეშმარიტი მოძღვრები; ისინი ჩვენს სულიერ დონეს დააკმაყოფილებენ.
მრავალი მიზეზის გამო დღეს ნაკლებად არიან სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი მოძღვრები. კეთილგონიერება მოითხოვს მშვიდად და გონივრულად მოვეკიდოთ ამ ფაქტს. როდესაც წმიდა მამები საუბრობენ სულიერი ხელმძღვანელების ნაკლებობაზე, იგულისხმებიან შინაგანი ლოცვის მასწავლებელი მოძღვრები. მაგრამ ეს გარემოება ქრისტიანს არ უშლის ხელს ჰქონდეს ნორმალური ეკლესიური მორჩილება მოძღვრისა, მიაგოს პატივი მის ხარისხს თავმდაბლურად, მიიღოს რჩევები სარწმუნოებრივი, ოჯახური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებში. ასეთი შემართების ადამიანი დღევანდელ დროშიც მოიპოვებს სარგებელს. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) უკიდურესობად მიიჩნევს ზემოთქმულის საპირისპირო შეხედულებას: „ჩვენს ქვეცნობიერში ხშირად წარმოისახება ძველი დროის წმიდა მამათა ღვაწლი, რომლის შესახებ ვკითხულობთ პატერიკებში. შემდეგ ჩვენ ვასკვნით: რაკი ასეთი მოღვაწე მამები აღარ არსებობენ, ე.ი. ვერავის დავემორჩილებით. მაგრამ არსებობენ მოძღვრები, მართალია, არა იმ სულიერი სიმაღლისანი, თუმც კმარნი ჩვენი ცხონებისთვის - აი, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი! უდავოა: სულიერ მოძღვარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი სულიერი გამოცდილება. ეს გამოცდილება მრავალი წლის მოღვაწეობის შედეგად მოიპოვება. თუ მოძღვარს გულწრფელად სურს ღვთის მცნებების შესრულება, მიუხედავად შეცდომებისა, გარკვეულ გამოცდილებას მაინც მიიღებს".8
ამდენად, წმიდა მამათა თხზულებების გაცნობას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მამები გვირჩევენ ჩვენი სულიერი დონის შესაფერისი წიგნების წაკითხვას. როდესაც ერში მცხოვრები ქრისტიანი დიდი ასკეტი მამების შინაგანი ღვაწლის შესახებ კითხვას და მათი სულიერი გამოცდილების პირდაპირ შესრულებას იწყებს, იგი უდავოდ ხიბლშია. ღირსი იოანე კიბისაღმწერელი ჯერ კიდევ IV საუკუნეში გვაფრთხილებდა: „წმიდა მამათა ცხოვრების შესწავლა ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, მათი საგმირო საქმეების გაცნობა კეთილად მოქმედებს ჩვენს სულზე, მაგრამ პირდაპირ მივბაძოთ მათ ცხოვრებას, დიდი უგუნურებაა."9
სწორედ მოხიბლულთა სულისკვეთებას უნდა ვერიდოთ. სულიერი ხელმძღვანელობის არა დიდი ასკეტი, მჭვრეტელი და სასწაულთმოქმედი, არამედ კეთილმორწმუნე, მამებისეულ გადმოცემებში მტკიცედ მდგომი, მრევლის მოყვარული და თავდადებული მოძღვარი უნდა ვეძიოთ. წმიდა თეოფანე დაყუდებულის თქმით, ასეთი მოძღვრები ყოველთვის არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ.10
დავასრულოთ ამ საკითხზე საუბარი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) შეგონებით:
„ცრუ მოძღვრებთან ერთად თავი უჩენიათ ცრუ წინასწარმეტყველთა და ქადაგთა, რომელნიც თითქოს ზეგარდმო შთაგონებისა გამო მუქარით გვაფრთხილებენ: თუ ბავშვების მონათვლას დააყოვნებთ, უეჭველად დაიხოცებიან. თავიანთი გაფრთხილება - ქადაგებით მისან-მეზრაპრეთ მიზნად დაუსახავთ ცთუნების შეტანა თქვენს შორის. ჭეშმარიტ არს სიტყვა უფლისა: აღდგნენ ცრუ წინასწარმეტყველნი, რათა აცდუნონ, უკეთუმცა შეუძლეს, რჩეულნიცა.
გლოცავთ თქუენ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, ეკრძალენით, თუ ვინმე ღვთის მგმობელთა და ქრისტეს უარის მყოფელთა გაცდუნეს თქუენ, განაშორენით თავნი თქუენნი ცრუმოძღვართა, ცრუ წინასწარმეტყველთა, მისანმეზღაპრეთა და ქადაგთაგან; მიიქეცით სარწმუნეობრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად კანონიერად დადგინებულ მოძღვართა მიერ, რომელნიც განაგებენ ქრისტეს საიდუმლოთა და რომელთაც ბოძებულ აქვთ ადგილობრივ მღვდელმთავართა ან ჩვენ მიერ ხელმოწერილი სიგელი, რათა მათგან შესრულებული ღვთისმსახურებით მოიღებდეთ მადლსა და წყალობასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა. ამინ."11 (გაგრძელება...)
1ს. როუზი. „სამეუფეო გზა". თბ. 1998 წ. გვ. 27.
2Аскетические опысы. Св. Игнатий (Брианчанинов). ტ. II. 1998. Сретинс-кий Мон.
3ბერი პაისი „სულიერი ბრძოლა". გვ. 201.
4არქ. ლაზარე (აბაშიძე). „სულის ფარული სნეულებანი". თბ. 2009. გვ. 82-85.
5"სამოძღვრო ღვთისმეტყველება". გელათის სასულიერო აკადემია. ნაწილი I. ქუთაისი. 2007 წ. გვ. 160.
6დ. ჯინჭარაძე. „შეიცანი ჟამი". გვ. 1. თბ. 2006 წ.
7არქ. რაფაელი კარელინი. „Море житейское". М. 2008. გვ. 249.
8Арх. Рафаил (Карелин). „О Духовном Делании" Н.გვ. 21. 2007. Сар.
9Преп. Иоанн Лествичник. 7 слово.
10Сборник Молитв Иисусовой. Валаам. С-П. 1997. გვ. 421.
11პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე). „დიდი ქართველები". გვ. 142.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია