წმინდა წინასწარმეტყველ დანიელის და სამი ჭაბუკის: ანანიას, აზარიასა და მისაილის ხსენება
ჩვენი დროის სოფლისმეტრფენი და ხორცის განმალაღებელნი არცერთ საეკლესიო დადგენილებას წინ ისე არ აღუდგებიან, როგორც მარხვას.
რა საჭიროა მარხვა? - გაიძახიან ისინი, - ნოყიერი საკვების გარეშე ჯანმრთელობაც იკარგება, გონიც იბინდება, არც ლოცვა შეგვიძლია, მისგან ვღიზიანდებით, - და ა.შ. ამგვარად, მათი აზრით, გამოდის, რომ მარხვა მართლაც ბოროტებაა და მისი დარღვევა სრულიადაც არაა დასაგმობი საქმე, მეტიც, საჭიროცაა. მაგრამ სინამდვილეში ისინი სასტიკად ცდებიან; რადგანაც მარხვა არათუ არ ვნებს ჯანმრთელობას, არამედ აუმჯობესებს კიდევაც; არათუ არ ბინდავს გონებას, არამედ უფრო ცხადს ხდის მას.
როდესაც ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, იუდეველებს ტყვედ მირეკადა ბაბილონში, ინება, საუკეთესო ებრაული ოჯახებიდან რამ-დენიმე ჭაბუკი აეყვანა სამეფო კარზე აღსაზრდელად. ამ ბავშვებს შორის იყო თორმეტი წლის ყრმა დანიელი და მისი სამი ამხანაგი: ანანია, აზარია და მისაილი. მათ მეფის სუფრიდან ეძლეოდათ უხვი, მაგრამ მოსეს რჯულით აკრძალული საკვები. ყმაწვილებმა არ მოისუ-რვეს, შებილწულიყვნენ ამგვარი საკვებით, და სთხოვეს მათთვის მი-ჩენილ ზედამხედველს, მხოლოდ ბოსტნეული და წყალი მიეცა მათთვის. მან თავდაპირველად იუარა მათი თხოვნა, თქვა:
მეშინია მეფის - თუკი დასუსტებულებს გნახავთ, სიკვდილს მიმცემს.
ამაზე დანიელმა უპასუხა:
ათი დღის მანძილზე გამოგვცადე; თუკი ამ დროის გასვლის შემდეგ ის ყმაწვილები, ვინც სამეფო ულუფას ჭამენ, ჩვენზე უფრო მსუქნად იქნებიან, მაშინ უარი გვითხარი თხოვნაზე, თუ არა და - აგვისრულე იგი.
ზედამხედველი დათანხმდა, და რა მოხდა? დათქმული ვადის გასვლის შემდეგ აღმოჩდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფას რომ ჭამდნენ (დან. 1,15). ეს ქრისტეს მოსვლამდე მოხდა. ახალი აღთქმის დროს მივხედოთ: მაკარი ალექსანდრიელი დიდ მარხვაში (წმინდა ორმოცში) კვირაში ერთხელ იღებდა საზრდოს, და ას სამი წელი იცოცხლა. წმინდა სვიეონ მესვეტე დიდი მარხვის დროს საზრდოს საერთოდ არ იღებდა, და ას სამი წელი იცოცხლა. ღირსი ანთიმოზიც საკვების გარეშე ატარებდა დიდ მარხვას და ას ათი წელი იცოცხლა. ზოგი უფრო დიდხანსაც ცოცხლობდა: მაგალითად, პავლე თებელმა-ას ცამეტი, ხოლო ალიპუს მესვეტემ-ას თვრამეტი წლის ასაკს მიაღწია. მაშასადამე, ცხადია, რომ მარხვა არათუ ვნებს ჯანმრთელობას, არამედ პირიქით, აუმჯობესებს მას.
რაც შეეხება აზრს, თითქოსდა მარხვისგან გონება იბინდებოდეს, იგი უფრო მეტადაცაა საფუძველს მოკლებული. უკვე ხსენებული დანიელი და მისი ამხანაგები სამი წლის განმავლობაში მარხულობდნენ და მთელი ეს ხანი სწავლობდნენ. განა დაკნინდა მათი გონება? პირიქით, მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი (დან. 1,17). და როდესაც სწავლის ვადა ამოიწურა და ისინი მეფეს მიჰგვარეს, ელაპარაკა მათ მეფე და ყველა მათგანიდან დანიელის, ანანიას, მისაილისა და აზარიას ბადალი არავინ ამოურჩევია; და შეუდგნენ ისინი მეფის წინაშე სამსახურს. გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და და-ინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ (მუხ. 19-20). ახლა კვლავ ახალი აღთქმის ჟამს გადავავლოთ თვალი: მაკარი ეგვიპტელი, დიდი მომარხულე, საერთოდ არ იყო განსწავლული; მიუხედავად ამისა, მისი თხზულებები ღვთისმეტყველების, ადამიანის სულისა და ხილული ბუნების ღრმა ცოდნითაა აღბეჭდილი. ანტონი დიდი მხოლოდ ბუნების წიგნით განისწავლებოდა და სიბრძნით გამედიდურებული ფილოსოფოსები დაჯაბნა. მოციქულებს, აგრეთვე განუსწავლელ ადამიანებს, ვისაც ჩვევად ჰქონდათ, ქადაგების წინ მარხვა დაეცვათ, აგრეთვე არაერთხელ დაუჯაბნიათ ამა სოფლის ბრძენნი და მთელი ერები და სამეფოები დაუმორჩილეს ქრისტეს. დაბოლოს, თავად უფალიც? მანაც, ვიდრე მოღვაწეობას შეუდგებოდა, ორმეოც დღე და ორმეოც ღამე იმარხულა. ყოველივე თქმულის შემდეგ საჭირო აღარაა, განვაგრძოთ მარხვის სარგებლიანობის მტკიცება და მისი მავნეობის საბუთთა უარყოფა. გემოთმოყვარეებს, ვინც ხორცად და სისხლად გამხდარან, ვერაფრით დაარწმუნებ. ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარნი კი, ვინაც ჯვარს აცვამენ ვნებებითა და სურვილებით დატვირთულ ხორცს, საფიქრებელია, ამ მტკიცებულებათა გარეშეც დარჩებიან ეკლესიის დადგენილი წესების ერთგულნი და მათ არანაირი საბუთები არ ესაჭიროებათ მარხვის სარგებლიანობის თაობაზე.
მივბაძოთ, ძმანო, ამ უკანასკნელთ, და ვერიდოთ პირველთა ცრუბრძნობას. თუნდაც რომ მართლაც სუსტდებოდეს ჩვენი სხეული მარხვისგან, მერედა რაო? ქრისტიანი ხორცის სისავსესა და მომხიბვლელობაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ - სულის განახლებასა და გამშვენებაზე; ხოლო სული კიდევაც განახლდება, კიდეც განმტკიცდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხორცს მას დავუმორჩილებთ. დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ (2 კორ. 4,16). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.