ამბავი მუსხა ათისთავისა, ვინც მოწყალება უბოძა გლახაკ დედაკაცს და არ კი შეეხო
ნეტარების მეხუთე მცნება: (მათ. 5,7), გვასწავლის, რომ ნეტარების მსურველნი გულმოწყალენი უნდა იყვნენ. ამ მცნების აღსრულება შესაძლოა როგორც ხორციელი, ასევე სულიერი მოწყალების საქმეთა ქმნით. ხორციელი მოწყალების საქმეებია: მშიერის დაპურება; მწყურ-ვალისთვის წყურვილის მოკვლა; შიშველის შემოსვა; საპყრობილეში მყოფთან მისვლა, სნეულის მონახულება; მწირის შეფარება ჭერქვეშ; და სიღარიბეში გარდაცვლილთა გაპატიოსნება და დამარხვა. სული-ერი მოწყალების საქმენი კი გახლავთ: უმეცარისთვის ჭეშმარიტების და სიკეთის სწავლება; მოყვასისათვის კეთილი და დროული რჩევის მიცემა გაჭირვებისას ან მათგან შეუმჩნეველი ხიფათის დროს; ლო-ცვის აღვლენა მოყვასთათვის; მწუხარეთა ნუგეშისცემა; ჩვენთვის გაკეთებულ ბოროტებაზე პასუხის არმიგება; წყენის პატიება; და ცო-დვილისთვის ცოდვის ჩადენის გადათქმევინება. განზრახული მაქვს, რამდენიმე სიტყვით გიამბოთ სწორედ სულიერ მოწყალებაზე, რომ-ელსაც ხორციელი მოწყალებაც ერთვის. რამდენადაც დიდია უბე-დურება იმ ადამიანისა, ვინც დაღუპვის გზაზე შემდგარა, იმდენადვე დიდია სათნოება მისი, ვინც გადაარჩენს დასაღუპად განწირულს. ამ-გვარი ადამიანი საკუთარ სულს სიკვდილისგან იხსნის და მრავალ ცოდვას გამოისყიდის.
ქალაქ ტიროსში ცხოვრობდა მავანი შემოწირულებათა ამკრეფი, სახ-ელად მუსხა. აი, რა გადახდა მას თავს: ერთხელ, გვიან ღამით, ქალა-ქის ქუჩებში სიარულისას, ერთი დედაკაცი შემომეყარა,-ყვებოდა იგი.-მივიწვიე, თან წამომყოლოდა, მანაც არ იუარა. შინ მივიყვანე და შე-ვთავაზე, ჩემთან ერთად ევახშმა. ჭამაზე უარი თქვა და შევნიშნე, რომ სახეზე სასოწარკვეთა ეხატებოდა. მცირე ხნის შემდეგ წამოიძახა:
-ვაიმე, წყეულ მწირს, სულითა და ხორცით დაღუპულს!
ეს რომ მესმა, გავოცდი და ვკითხე:
-ამას რად გაიძახი?
მაშინ მან ცრემლთა ფრქვევით მიამბო, რომ მისი ქმარი ვაჭარია, ვი-საც ზღვით მოჰქონდა საკუთარი და სხვათა საქონელი, რომ გემი დაე-ღუპა და ახლა სხვათა სიმდიდრის დაკარგვის გამო საპყრობილეში ზის.
-რაკი მისთვის პურის ნატეხის მიწოდების სახსარიც კი არ გამაჩნ-და,-განაგრძობდა დედაკაცი,-სასო წარმეკვეთა და გადავწყვიტე, ცოდ-ვით მოვუპოვო ლუკმაპური.
-რამდენი მართებს შენს ქმარს?-ვკითხე მე.
-ხუთი ლიტრი ოქრო,-მომიგო მან.
მაშინ ავიღე ოქრო, გადავეცი ქალს და ვუთხარი:
-გულში ღვთის შიში მაქვს. აიღე ოქრო, გამოისყიდე ქმარი და ილო-ცე ჩემთვის, მრავალცოდვილისთვის.
ამ ამბის შემდეგ გავიდა წელიწადი და მეფის წინაშე შემასმინეს, ვით ქურდი. ამის გამო ჩემი მამული ხაზინას ჩაბარდა, თავად კი საპ-ყრობილეში ჩამაგდეს. საპყრობილეში ერთადერთ ჯვალოს პერანგში გავატარე მთელი ზაფხული. და, რაკი მესმა, რომ მეფეს ჩემი სიკვ-დილით დასჯა აქვს გადაწყვეტილი, გადარჩენის ყოველგვარი იმედი დავკარგე. ერთხელაც, ამგვარ გაუხარელ მდგომარეობაში მყოფმა, მწა-რე ცრემლისღვრის და მოთქმის შემდეგ, დავიძინე და სიზმრად ვი-ხილე ის დედაკაცი, ოქრო რომ მივეცი.
-რა მოგივიდა, ბატონო ჩემო,-მკითხა მან,-აქ რად იტანჯები?
მე მივუგე, რომ მეფის წინაშე ცილდაწამებული ვიტანჯებოდი და აქვე მოველოდი სიკვდილს.
-ხომ არ გინდა,-შემეპასუხა იგი,-რომ მეფეს შენი გათავისუფლება ვთხოვო?
-გიცნობს განა მეფე?-შევეკითხე.
-მიცნობს,-მომიგო მან. ამით სიზმარი დასრულდა.
რომ გავიღვიძე, ვერაფრით გამეგო, რას ნიშნავდა ჩემი ზმანება. მე-ორე ღამეს იგივე დედაკაცი გამომეცხადა და პირდაპირ მითხრა:
-ნუ გეშინია, მე გაგათავისუფლებ.
ამ მეორე ღამის შემდეგ, დილით, დამიბარეს მეფესთან, მან კი, ამ-გვარ საწყალობელ დღეში რომ მიხილა, შემიბრალა და მითხრა:
-მიპატიებია შენთვის.
თვალები ავაპყარი მეფეს და გაოცებულმა შევნიშნე სწორედ ის ქა-ლი, იგი მეფის გვერდით იდგა და ღიმილით უცქერდა მას. პატიების წყალობას სხვა წყალობებიც მოჰყვა: დამიბრუნეს ჩემი მამული; მეფემ მდიდრული საჩუქრები მიძღვნა, შემდგომ კი შემოწირულობათა ამკ-რეფების უფროსად დამადგინეს. ამ ბედნიერი დღის შემდეგ სიზმრად კვლავ ვიხილე იგივე დედაკაცი. მან მკითხა:
-მცნობ?
მე ვდუმდი.
-მე იგი ვარ, - განაგრძობდა ქალი, - ვისაც შენ მოწყალედ მოეპყარი; შენ ჩემი ქმარი საპყრობილედან გამოისყიდე და ამით მეც ცოდვისგან მიხსენი. მეც ამ მოწყალების გამო აგარიდე ჭირი.
რაღა გითხრათ ამ ამბის დასასრულს? მოციქულ იაკობის სიტყვებით მოგმართავთ: ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭე-შმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაქციოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხ-სნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცო-დვათა (იაკ. 5, 19-20). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.