ქართული ლიტერატურა ოდითგანვე განსაკუთრებულ ისტორიულ როლს ასრულებდა. სამართლიანად შენიშნავდა ა. ბაქრაძე: „ქართველ-მა ხალხმა სიტყვაკაზმულ მწერლობას განსაკუთრებული მისია დაა-კისრა. იგი ერის წინამძღოლად აღიარა. ეს განაპირობა ქართველი ხალხის ისტორიულმა ცხოვრებამ. ჩვენს ერს ხშირად და დიდხანს უხდებოდა ცხოვრება ნაციონალური ხელისუფლების თვინიერ, დამპყრობლის უღელქვეშ. ასეთ პირობებში ორად ორი ძალა იცავდა ქართველი ხალხის ეროვნულ ღირსებას-ქრისტიანული რელიგია და მწერლობა".1
ლიტერატურა საზოგადოებრივ ინტერესებს რომ უნდა ემსახურე-ბოდეს, ეს აზრი ისეთივე ძველია, როგორც თავად ლიტერატურა. ქართულ მწერლობას კი, ამ მხრივ, მაინც გამორჩეული მისია ჰქონდა. ლიტერატურის ეროვნული, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკით-ხი მთელი სისავსით XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა მხატვრულსა თუ პუბლიცისტურ შემოქმედებაში დამუშავდა. როგორც ვაჟა-ფშაველა წერდა: „მწერლობა ძალაა, ერთი უმთავრესი იარაღ-თაგანია ერის წინსვლისა, მისი გონების და ცხოვრების გაუკეთე-სებისა... მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას. უკეთესი ქვეყნის სამსახური მწერლობისა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ ყოველი წვლილი, ავი თუ კარგი თავის ქვეყნისა ესმოდეს... ყველა ავადობას, ყველა წყლულს წამალი დასდვას და, მაშასადამე, კარგი მწერალის ის არის, ვისაც უკეთ შეუგნია ეს საჭიროება და უკეთესად ემსახურება ამ საჭიროების დაკმაყოფილების საქმეს".2
ქართული მწერლობის ისტორიული როლი ამგვარადაა გაგებული XX საუკუნის ქართველ მწერალთა შემოქმედებაშიც. ვითარება იცვ-ლება XXI საუკუნეში. ახალი დრო ახალ მოთხოვნებს აყენებს. მწერლობის ტრადიციული დანიშნულება კომუნისტურ გადმონაშთად ცხადდება. მართალია, ნეოლიბერალებმა შესანიშნავად იციან, რომ კომუნისტები აქ არაფერ შუაში არიან, მაგრამ სახეზეა ნეოლიბე-რალური პოლემიკის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი: იმ თვალსაზ-რისს, რომელიც მათ არ მოსწონთ, გამოაცხადებენ კომუნისტურად და შემდეგ ამ საბაბით იწყებენ მის წინააღმდეგ ბრძოლას.
ის შეხედულება, რომ მწერალი თავისი ერის უმაღლესი კულტუ-რული ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს, ჯანსაღ საზოგადო-ებაში დავის საგანი არასოდეს ხდება. მწერალი თავისი ერის, თავისი კულტურის სახეა. სწორედ ამიტომ განაცხადა ამერიკაში, ემიგრაციაში მყოფმა თომას მანმა: „სადაც ვარ მე, იქ არის გერმანული კულტურა!"
თანამედროვე ქართველ მწერალს კი ასეთი სიტყვების თქმის არც მორალური უფლება აქვს და, რაც უფრო გულდასაწყვეტია, არც არა-ვითარი სურვილი.
მწერლის საზოგადოებრივი როლის დაკნინება შესანიშნავად ჩანს თავად მხატვრულ ტექსტებში. თანამედროვე ქართულ ლიტერატუ-რაში ხშირად შეხვდებით მწერლის მხატვრულ სახეს.3 ამ ნაწარმო-ებებში დახატული მწერალი თავისი არსით საშუალო სტატისტიკური მასობრივი ადამიანია, მწერლობა კი გამოცხადებულია პროფესიად, რომლის დაუფლებისთვისაც სრულიად არ არის საჭირო განსა-კუთრებული სულიერ-ინტელექტუალური მონაცემები. მას ნებისმი-ერი იდიოტი შეიძლება მისდევდეს; მთავარია, ჰქონდეს ამის სურ-ვილი.
თანამედროვე ლიტერატურაში აღწერილი მწერალი უთუოდ მსუბუ-ქი ყოფაქცევისაა და აღმერთებს ბოჰემას, მას იშვიათად თუ ნახავთ ფხიზელს. ზოგჯერ გულის გადაყოლება მართლაც აუცილებელია შემოქმედისათვის, რადგანაც როგორც მეფსალმუნე ბრძანებს: „ღვინო ახარებს გულსა კაცისასა" (ფს. 103, 15), მაგრამ თანამედროვე მწერალ-თა ლოგიკით ისეთი დასკვნა გამომდინარეობს, რომ თუ ღვინის სმით თავ-პირი არ დაისიე, ისე კარგ ლექსს ვერ დაწერ.
არცთუ უსაფუძვლოდ წუხდა ო. ჭილაძე: „...ორსაუკუნივან ომში დაღუპულ (შეშლილ, დახვრეტილ, ნაწამებ, თვითმკვლელს) მწერლების შთამომავალმა განთავისუფლებისთანავე... უარი თქვა მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე, ანუ, ჩვენი ისტორიული პრობლემა გადაწყვეტილად მიიჩნია და უცხო-ელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით, უაღრესად „თანა-მედროვე" და „აქტუალური" თემებით დაინტერესდა, როგო-რიცაა, თუნდაც, ჰომოსექსუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი თუ გლობალიზაცია, ანუ მშობლიური ისტორიის კრიტიკა და მშობლიური კულტურის უარყოფა. ქართული მწერლობა მო-ნობაშია შექმნილი, ოღონდ, თავისუფალი ადამიანისათვის. დღეს კი, მეტ-ნაკლებად თავისუფალ საქართველოში მონე-ბისათვის განკუთვნილი ლიტერატურა იწერება... ამგვარი ლიტერატურა, რა თქმა უნდა, ზნეშეცვლილ ოჯახთან და კორუმპირებულ საზოგადოებასთან ერთად, ხელს უწყობს ახალი ყაიდის, მე ვიტყოდი, ანტიქართული აზროვნების ჩა-მოყალიბებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს".4
თანამდეროვე მწერლობაში ეროვნულ საკითხზე, პატრიოტიზმზე საუბარი უკვე ჩამორჩენილობად აღიქმება. თავისი გონებამახვი-ლობით გამორჩეული თეოლოგი, კულტუროლოგი და მუსიკოლოგი ნოდარ ლადარია გვთავაზობს პროვინციალი", „მოპატრიოტო პოეტის" კრებით სახელს: „მუხრან ხარხელაური", რომელიც ასე იშიფრება: მუხრან მაჭავარიანი + ტარიელ ხარხელაური.5 ნეოლიბერალები აცხა-დებენ, რომ პატრიოტულ თემაზე წერა ერთგვარ კლიშედ გადაიქცა და ხშირ შემთხვევაში სახეზეა ავტორის ემოციის სიყალბე. ამ ლოგიკით პატრიოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უგუნურებაა. დაკვირვებული მკითხველისათვის სირთულეს სრულიადაც არ წარმოადგენს, განას-ხვაოს ერთმანეთისაგან ყალბი პათეტიკა და ნამდვილი გრძნობა. პატრიოტიზმი არც იმას გულისხმობს აუცილებლად, რომ პოეტი მიასკდეს მშობლიურ მთებს და ველებს და საგალობელი აღუვლინოს მათ. პატრიოტიზმი, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი ნაკლის, ყოფითი სიმახინჯის მხილებას ნიშნავს. ოღონდაც, ამ საქმეს სიყ-ვარული უნდა ედოს საფუძვლად. თანამედროვე ქართველი მწერლების „მხილებითი" მოღვაწეობა კი ყოველივე ქართულისადმი პათოლოგიური ზიზღით არის გაჯერებული.
როგორც ო. ჭილაძე წერდა: „პატრიოტიზმი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, მართლაც სისხლხორცეულად აუცილებელია მწერლობისა-თვის. ამ მარად მფეთქავი, მარად ფხიზელი ნერვის გარეშე, ნებისმიერი ტექსტი, პოეტურიც და პროზაულიც, შეიძლება გარეგ-ნულ მომხიბვლელობას არ კარგავს, მაგრამ აშკარად კარგავს შინაგან მუხტსა და დაძაბულობას".6
მართლაც, პატრიოტული პათოსი ერთ-ერთი უმძლავრესია (თუ არა ყველაზე მძლავრი) სხვადასხვა სახის პათოსთა შორის, მას მკითხ-ველზე განუმეორებელი ესთეტიკური ზემოქმედების ძალა გააჩნია.
საყოველთაოდაა აღიარებული ლიტერატურის უდიდესი როლი ადამიანის პატრიოტული აღზრდის პროცესში. მოზარდი ამ ღვთაებ-რივ გრძნობას, უპირველესად, სწორედ ლიტერატურული შედევრების საშუალებით ეზიარება. ეს გარემოება შესანიშნავად იციან ახალმა ლიბერალებმაც. ქვემოთ მოვიტანთ დოკუმენტს, რომელიც არაერთ-ხელ გამოქვეყნდა ქართულ პრესაში. იგი წარმოადგენს თბილისის ყოფილი მერისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ზ. ჭიაბე-რაშვილის საგრანტო პროექტს: „წინ, ტრადიციისაკენ" (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება):
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ დაბრკოლებად წარმოგვიდგება ე.წ. ეროვნული იდეოლოგიის შესახებ გავრცელებული შეხედულება და ტერმინ „ტრადიციის" მცდარი გაგება. ამ თვალსაზრისთა ძირითადი გამავრცელებელი მექა-ნიზმია საშუალო სკოლა, ხოლო მიმწოდებლები - ისტორიისა და მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. ამ საგნების სწავლებისას ჯერ კიდევ განსაკუთრებით შეინი-შნება ეროვნულ სახელმწიფოზე, პატრიოტიზმზე, საზოგა-დოების რელიგიურ მოწყობაზე ვადაგასული წარმოდგენების გაბატონება.
პროექტი „წინ, ტრადიციისაკენ!" თავისი ძირითადი საქმი-ანობის კონცენტრირებას ახდენს იმ სოციალურ ჯგუფზე, რომლის გავლენა მომავალი თაობის სოციალიზაციაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია: სახელმწიფო უნივერსიტეტის ფი-ლოლოგიური და ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტები, რომელთა შორის ლიბერალურ ღირებულებათა დამკვიდრებას ერთგავარად შეიძლება აბრკოლებდეს ოჯახსა და უმაღლეს სასწავლებელში დამკვიდრებული ატმოსფერო".
აღმასრულებელი დირექტორი: ზ. ჭიაბერაშვილი.7
სრულიად ნათლადაა გამოკვეთილი ნეოლიბერალთა შეტევის ობიექტი: უნივერსიტეტის ფილოლოგიის და ისტორიის ფაკულტე-ტები. ეროვნული თვითცნობიერების საფუძვლებს სწორედ ეროვ-ნული მეცნიერებები, უმთავრესად კი ისტორია და ფილოლოგია აყალიბებს. ამიტომაც იმყოფება მეცნიერების ეს ორი სფერო უდი-დესი წნეხის ქვეშ.
ახლა აღარ არის გასაკვირი, თუ რატომ ამოიღეს სასწავლო პროგ-რამიდან პატრიოტული ეპიკის ბრწყინვალე ნიმუშები: გრიგოლ ორბე-ლიანის „სადღეგრძელო", აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი" და რატომ შეიტანეს მათ მაგიერ ზერელე ტექსტები; ამით სწორედ მოზარდების მენტალურ სიჯანსაღეს უფრთხილდებიან, რათა „იზო-ლაციონისტი", „ფუნდამენტალისტი" პატრიოტები კი არ გაიზარდონ, არამედ ღია საზოგადოების ღირსეული წევრები, სიკეთისა და ბოროტების მიღმა მდგომი, დედამიწის ღირსეული მოქალაქეები-„დედამიწელები".
ქართული მწერლობის ისტორიულ როლზე საუბარს კი იაკობ გოგებაშვილის სიტყვებით დავასრულებთ: „ჩვენს ახლანდელს მდგომარეობაში, როდესაც კავკასიის ერთა შორის გაცხა-რებული ბრძოლა არსებობისათვის ემუქრება ქართველობის საბოლოოდ დაცემას, მიწასთან გასწორებას, სრულიად უგუ-ლო ეგოისტი უნდა იყოს ქართველი მწერალი, რომ მის-დევდეს პრინციპსა: კაცია და გუნებაო, ხელოვნება ხელო-ვნებისთვისაო. ამ პრინციპს ადგილი შეიძლება მიეცეს მხო-ლოდ მაშინ, როდესაც მშვიდობით გავაღწევთ აწინდელს, მეტად საშიშარს ხანას ჩვენის ცხოვრებისას. იქამდინ კი ყო-ველი პოეტი და ლიტერატორი უნდა სწერდეს მას, რაც ქა-რთველ გონებას უნათლებს და უმდიდრებს ცხოველი ცოდ-ნით, სულს უმაგრებს, უსპეტაკებს, უმხნევებს და... ჰხდის კარგად შეიარაღებულ და მარჯვე მეომრად სასტიკ საარსებო ბრძოლაში".8
ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ბრძოლა არსებობისა და ეროვნული ვინაობის შენარჩუნებისათვის ქართველთა მარადიული საზრუნავია, შესაბამისად, იგივე საკითხი არის და იქ-ნება ქართული მწერლობის მთავარი პრობლემაც.
„დღეს დამოუკიდებლები ვართ,-იტყვის ზერელედ მოაზროვნე ნეოლიბერალი,-ასე, რომ საზოგადოებრივ პრობლემებს დემოკრატი-ული ინსტიტუტები მოაგვარებენ, ხოლო მწერლობას შეუძლია წმინდა ესთეტიკის სფეროში დარჩეს".
ჯერ ერთი, ბატონის გამოცვლა დამოუკიდებლობას სრულიადაც არ ნიშნავს; მეორეც, იქნებ საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა არასოდეს მდგარა ისეთი დიდი საფრთხის წინაშე, როგორც დღეს. თუ ადრე მტერი ხილულად იბრძოდა და მისი მოქ-მედების მიზანდასახულობაც სრულიად ნათელი იყო, დღეს ეროვნული გადაგვარების პროცესი უაღრესად ფაქიზი და დახვეწილი ტექნოლოგიებით მიმდინარეობს.
ამიტომაც, საღად მოაზროვნე ქართველმა მწერლებმა საკუთარ შემოქმედებაში მთელი სიმწვავით უნდა დააყენონ ეროვნული პრობ-ლემატიკა, თანამედოვე ავტორებმა კი თავად გადაწყვიტონ, თუ ვის გაჰყვებიან მწერლობის არსის განსაზღვრისას: ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილისა და ვაჟა-ფშაველას გზას, თუ ნოდარ ლადარიასა და ემზარ ჯგერენაიას ბილიკს.
ლევან ბებურიშვილი
1ა. ბაქრაძე, მწერლობის მოთვინიერება, თბ., 1990, გვ. 3.
2ვაჟა-ფშაველა, რამე-რუმე, თხზულებანი, თბ., 1987, გვ. 404.
3იხ. მაგ.: ა. მორჩილაძის „ეკოტერინოს ნაჩუქარი ვითომ სულის შემძვრელი თავგადასავალი", ლ. ბუღაძის „ლიტერატურული ექსპრესი", ბ. ხვედელიძის„უზარმაზარი ბაზარი", ბ. ქურხულის „დაბოლილები და გამქრალები" და სხვ.
4ო. ჭილაძე, წინ მარადისობაა!, გვ. 21.
5ნ. ლადარია, ჟამთა სიავე, გაზ. „Weekend”, № 40, 2011, გვ. 10. ცდუნებას ვერ ვუძლებთ, რომ არ შევქმნათ თანამედროვე ქართველი „თეოლოგიის" კრებითი სახელი: „ზელიმხან ლადარია".
6ო. ჭილაძე, წინ მარადისობაა!, გვ. 130.
7გაზ. „ასავალ-დასავალი", 2004, № 36, გვ. 5.
8ი. გოგებაშვილი, თხზულებანი X ტომად, ტ. III, თბ., 1954, გვ. 122.