"და აღვიდა იესუ იერუსალემად, და პოვნა ტაძარსა მას შინა მოფარდულნი ზროხათანი და ცხოვართანი და ტრედთანი და მეკერმენი მსხდომარენი. და შექმნა შოლტი საბლისაი და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაი და ცხოვარი: და კერმის მსყიდელთა მათ დაუთხია კერმაი და ტაბლები იგი დაუმხუა. და ტრედის-მოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო."(ინ. 2.13.16)
ჩემო მეგობრებო, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას დიდ სავაჭრო ჯიხურად მიიჩნევენ, სადაც ყველაფერი გარკვეული ერთეულით ფასდება და მისი საშუალებით ყველაფრის ყიდვა და გაყიდვა შეიძლება. ასეთ სავაჭრო ჯიხურში მჭედელი აფასებს თავის გამოჭედილ დანას და ყიდის მას. ათიოდე წლის წინათ ამერიკაში აფასებდნენ და ყიდდნენ მონებს, და კანონი ამას არ კრძალავდა?! მოღალატე აფასებს, რას მოუტანს მას სამშობლოს გაყიდვა და ყიდის მას. მოსამართლე - რა ღირს სამართალი და ყიდის მას, მღვდელი აფასებს და ყიდის სათნოებას, მეომარი - სინდისს, ქალი - ერთგულებას, ჭაბუკი - ღირსებას. იუდამ შეაფასა ქრისტე და გაყიდა. ასეთ სავაჭრო ჯიხურში მთელი ჩვენი დედამიწა სავაჭრო მოედნად არის გადაქცეული, სადაც ყველაფერს ყიდულობენ და ყველაფერს ყიდიან.
ამგვარად ესმით ამ ადამიანებს ცხოვრება. მათ ჰგონიათ, რომ ამქვეყნად ყველაფერს, გამონაკლისის გარეშე, იყიდიან და გაყიდიან, მაგრამ ადრე თუ გვიან ისინი იძულებულნი იქნებიან სხვაგვარი დამოკიდებულება აღიარონ - როდესაც უფლის წინაშე წარსდგებიან.
ოდესღაც ქრისტემ იერუსალიმის სოლომონის ტაძრიდან შოლტით გამოყარა მოვაჭრენი და ავაზაკები: "აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო."
მაგრამ ქრისტემ შოლტი აღმართა არა მხოლოდ იერუსალიმის ტაძრის მოვაჭრეებზე, არამედ სიწმინდით მოვაჭრე ყველა ადამიანზე, რა ფორმითაც არ უნდა აკეთებდეს იგი ამას.
ამრიგად, ვინც ტაძარში მიდის და ღმერთს ძღვენს სწირავს, თავად კი თავისი ძმა სძულს, იგი სიწმინდით ვაჭრობს, ვინაიდან ივიწყებს თავის ძმას და ღვთის მოტყუებას ფიქრობს. უფალი კი ბრძანებს: "წადი, უპირველესად შეურიგდი ძმასა შენსა, და მაშინ მოდი და შემოწირე ძღვენი".
ადამიანს, რომელსაც უყვარს მხოლოდ მოყვარე, არაფრით სჯობს იერუსალიმის ტაძრის მოვაჭრეს, ასეთი ადამიანი მოწყალებას მხოლოდ მისთვის გასცემს, ვისგანაც აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ საზღაურს მიიღებს.
ვინც ღვთის წინაშე ლოცულობს, რათა ადამიანებს თავისი ღვთისმოსაობა აჩვენოს, ის სიწმინდით ვაჭრობს, ვინაიდან ტრაბახობს იმ სათნოებით, რომელიც მას არ გააჩნია, თუმცა სურს რომ მას მეტად აფასებდნენ.
ვინც ორ ბატონს ემსახურება, ისიც ერთგულების სიწმინდით მოვაჭრეა, რამეთუ ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად ღმერთსა და მამონას ემსახუროს. ვინც თითქოს ღმერთს ემსახურება, ეშმაკს კი ემალება, ან ეშმაკს ემსახურება ღმერთს კი ემალება, ასეთი ადამიანი ღმერთსაც ევაჭრება და ეშმაკსაც, ვინაიდან ორივე მხრიდან შემწეობას ელის.
გოლგოთის ტრაგედია მრავალი საუკუნის წინ მოხდა. მაგრამ, მოდით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, დღეს ქრისტე ჩვენს ტაძრებში რომ შემოვიდეს და ჩვენს სიწმინდეს დახედოს? იგი ნახავს, რომ ბევრი ჩვენგანი, მღვდელთაგანი, თუმცა ძროხებს, ცხვრებსა და მტრედებს არ ვყიდით, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩვენც ერთგვარად ტაძარში მოვაჭრენი გავხდით. რადგან ნელთბილად და გულგრილად ვეპყრობით სიწმინდეს, რომელსაც ვემსახურებით. ჩვენ თითქოს ვალდებულებას ვიხდით და აღფრთოვანებისა და ერთგულების გარეშე ვემსახურებით ღმერთს.
ბევრი ჩვენგანი იმიტომაც გახდა ტაძარში მოვაჭრე, რომ თვითონ ვერ ხედავს სად მიდის, მრავალთა წინამძღვრობა კი სურს. მღვდელი, რომელიც სიწმინდით არ ვაჭრობს, თვითონაც მნათობია და სხვასაც ცხოვრების გზას უნათებს. ჩვენ კი დაუღალავად ვღაღადებთ, რომ ნათელი მონიჭებული გვაქვს, ამ დროს ვერც თვითონ ვხედავთ მას და ვერც სხვებს ვუჩვენებთ. ჩვენ გავხდით მნათობი, რომელიც არ ანათებს და მარილი, რომელიც განქარდა. ამიტომაც აღმართავდა ქრისტე თავის შოლტს ჩვენს წინააღმდეგ.
მაგრამ იგი აღმართავდა შოლტს არა მარტო სასულიერო პირების, არამედ მათ წინააღმდეგაც, ვინც კანონის სიწმინდით ვაჭრობს, რომლებიც თავიანთ ტაძარში - პარლამენტში არა კანონმდებლობისათვის, არამედ მხოლოდ ეგოისტური მიზნების მისაღწევად მიდიან. უნდა ნახოთ ისინი არჩევნების მოახლოების დროს. როდესაც თითოეული მათგანი უბრალო ადამიანად გვაჩვენებს თავს, არადა მსახიობთა მსგავსად დაუმახსოვრებია როლები, დაუჯერებელ კომედიას თამაშობს, რომელშიც ჩვენ გვითრევს. დააკვირდით, არჩევნების მოახლოებისას, ჩვენი ერის ცხოვრება რაოდენ უფრო კომიკური - არა, უფრო ტრაგიკული ხდება, რა სწრაფად კარგავს იგი რეალობას და სპექტაკლად გარდაიქცევა. და ეს მოთამაშე ადამიანები, გამოდიან ქუჩებში და ხმამაღლა გაიძახიან: "ჩვენ საუკეთესონი ვართ, აგვირჩიეთ ჩვენ!"
ძმანო, რომელი თქვენგანი გაბედავს და ყველას წინაშე იტყვის: "მე ყველაზე უკეთესი ვარ!" რა თქმა უნდა, ვერცერთი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნების მოახლოებისას გამოჩნდება ათასობით ადამიანი, რომელიც იტყვის: "აგვირჩიეთ, ჩვენ საუკეთესონი ვართ!" იქნებ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს "საუკეთესონი" მართლაც ხალხისთვის ზრუნავენ? ცდებით! ისინი მოვიდნენ არა კარგი კანონების მისაღებად, არამედ სავაჭროდ.
მაგრამ ზიზღით ნუ შესცქერით კანონმდებლობის ტაძარს, რამეთუ იგი საერო სიწმინდეა. ნუ შეიძულებთ მრავალრიცხოვან მოვაჭრეთა გამო. გწამდეთ მხოლოდ, რომ ქრისტე დღესაც აღმართავდა თავის შოლტს მათ წინააღმდეგ, ისევე როგორც, ოდესღაც ცრუ იერუსალიმელ კანონმდებლებზე აღმართა.
ადამიანთა საზოგადოებაში ვაჭრობა საჭირო და გამართლებული საქმიანობაა. ქრისტეს არასდროს აღუმართავს შოლტი იმათზე, ვინც კანონიერ საქონელს ჰყიდდა. გაიხსენეთ, მისი მოწაფენი თევზით ვაჭრობდნენ. მაგრამ ქრისტე ამხელდა მათ მაშინ, როდესაც მოციქულნი ეკითხებოდნენ, რა საზღაური გველოდება სახლისა და ახლობლების მიტოვების სანაცვლოდო. ამხელდა, რადგან სიწმინდით ვაჭრობას ცდილობდნენ, ჭეშმარიტების ნამდვილი მიმდევარი არ კითხულობს, რამდენს გადაუხდიან მას.
ძმანო, ივაჭრეთ საქონლით და არა ჭეშმარიტებით. რადგან თუ ჭეშმარიტებით ვაჭრობას დავიწყებთ, ქრისტე თქვენს წინააღმდეგ იქნება, ხოლო როდესაც ქრისტეა თქვენს წინააღმდეგ, მაშინ თქვენსკენ იუდაა. ვის აირჩევდით მოკავშირედ: ქრისტეს თუ იუდას? მე გთავაზობთ ქრისტეს.
თარგმნა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია