ჟურნალ ”Благодатный огонь’’ – ის რედაქციამ მიიღო აუდიო კასეტა, სადაც ბიბი–სის მიერ ჩაწერილია სუროჟელი მიტროპოლიტის ანტონისა (ბლუმი) და პროტოპრესვიტერ სერგი გაკელის საუბარი, რომელიც აბორტის თემას ეხება. მეუფე ანტონის მსჯელობა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ რედაქციის გაოგნებულ თანამშრომლებს ვერ გადაეწყვიტათ საჯაროდ გამოექვეყნებინათ თუ არა ეს საუბარი. პატივცემული მეუფე ანტონის სიტყვების წაკითხვა ჩვენს დროში შეიძლება სერიოზულ საცდურად იქცეს. მიტროპოლიტ ანტონისთან მართლმადიდებელ ქრისტიანებს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ, არასდროს აკრიტიკებდნენ მას იმის გამო, რომ იგი იზიარებდა ზოგიერთ ეკუმენისტურ ცდომილებას. არ ამხილებდნენ მიტროპოლიტს მოდერნიზმის მიმდევრობაში, არადა, ბევრი, მოდერნისტებიდან, ერეტიკოს ღვთისმეტყველ ეპ. ილარიონთან (ალფეევი) ერთად თავის მასწავლებლად მეუფე ანტონს თვლის. რედაქციამ გადაწყვიტა დაებეჭდა მიტროპოლიტ ანტონის საუბარი, რომელიც 1999წ. ლონდონში შედგა.
„მიტროპოლიტი ანტონი: არის კიდევ ერთი, უფრო რთული გარემოება, ეს იმ ბავშვების საკითხია, რომლებიც არასრულფასოვნები: ფიზიკურად მახინჯები ან ფსიქიურად დაავადებულები იბადებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. არიან ქალები, რომლებსაც იმდენად უნდათ შვილის ყოლა, რომ მზად არიან გაჩნდეს ბავშვი, რომელიც წინასწარი სამედიცინო გამოკვლევით მთელი ცხოვრება ფიზიკურად და ფსიქიურად დაიტანჯება. ეს კი, მგონია დედების მხრიდან საკითხისადმი ეგოისტური მიდგომაა, რადგანაც ასეთი ქალები შვილებზე კი არ ფიქრობენ, არამედ მხოლოდ დედობაზე, იმაზე, თუ როგორ გასცემენ მათთვის ალერსსა და სიყვარულს.
რაც მთავარია, ამ ქალებისგან ბევრს არც კი აქვს გაცნობიერებული, შეძლებს თუ არა სიყვარულისა და სითბოს გამომჟღავნებას იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ფიზიკურად შესაძრწუნებელი და ზიზღის მომგვრელია.
პროტოპრესვიტერი სერგი: მიუხედავად ფიზიკური სიმახინჯისა, ყოველი ადამიანი ღვთის ქმნილებაა. უფლის მცნებით ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. მაშ, როგორღა მივუდგეთ ამ საკითხს?
მიტროპოლიტი ანტონი: სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა. ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა უმჯობესია ბავშვი არ გაჩნდეს, ვიდრე დაიბადოს ფსიქიურად და ფიზიკურად დასახიჩრებული. როცა ბავშვი ჯერ ისევ პატარაა, დეფექტი იმდენად არ ჩანს, მაგრამ როცა იზრდება, მთელი ცხოვრების მანძილზე ფიზიკური და სულიერი ტანჯვისთვისაა განწირული. მე ვფიქრობ, შეიძლება ამ საკითხის სამედიცინო თვალსაზრისით განხილვა, ამ შემთხვევაში კანონიერი იქნებოდა გაკეთებულიყო აბორტი. რა უფლება გვაქვს ადამიანს მივუსაჯოთ ფსიქიური და ფიზიკური ტანჯვის ათწლეულები, მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა გვყავდეს შვილი.
სამედიცინო თვალსაზრისით ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც შეიძლება გადაჭრას მორწმუნე ექიმმა, მაგრამ ჭირს ამ აზრის ეკლესიურად დასაბუთება.
მე მინახავს არასრულფასოვანი ბავშვები, ისინი მძიმე გავლენას ახდენენ ოჯახზე და გარშემო მყოფ ადამიანებზე.
პროტოპრესვიტერი სერგი: რა იდეოლოგიის მიხედვით ამბობ ამას მეუფე?! შენი ეს სიბრალული ჭეშმარიტად ქრისტიანული მიდგომაა ადამიანების ცხოვრების შესამსუბუქებლად?
მიტროპოლიტი ანტონი: მე არ შემიძლია გიპასუხო, რომ ვარ უნაკლო ქრისტიანი და ვერ ვილაპარაკებ ქრისტეს სახელით. მე შემიძლია მხოლოდ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით ვთქვა, რომ საუბარი არაა არსებული საეკლესიო წესების შეცვლაზე, არამედ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა პირობებში იქნა ისინი დამტკიცებული. რა იცოდნენ ადამიანებმა სიცოცხლის, სიკვდილის, ჩასახვის შესახებ, როცა განისაზღვრა ესა თუ ის წესი? ეჭვგარეშეა ჩემთვის, რომ ზოგიერთი წესი მიღებულია ბევრი რამის არცოდნის საფუძველზე, მაგრამ როცა გაჩნდა ამა თუ იმ საკითხისადმი ახლებური მიდგომა, დადგენილი წესები კი არ უნდა შევცვალოთ, არამედ დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ და როდის შეიძლება გამოვიყენოთ ესა თუ ის წესი, ან გვაქვს თუ არა უფლება საერთოდ უგულებელვყოთ ისინი პრაქტიკაში’’.
გვანცვიფრებს ის, რომ სასულიერო პირი ლაპარაკობს როგორც ათეისტი. უარესი, როგორც საშუალო ათეისტი!
ამ შემთხვევაში, არა მარტო სულიერი თვალსაზრისით, არამედ, ჩვეულებრივი, საღი აზროვნებითაც ყველაფერი წესრიგში ვერაა. რა უხეში მცდელობაა ადამიანის მკვლელობის გამართლებისა ახალი მეცნიერული მიღწევების ცოდნით! თანამედროვე მედიცინასაც კი არ შეუძლია დრული გარანტიით იმის თქმა, დაიბადება თუ არა ჯანმრთელი ბავშვი. ამავე დროს ბევრი ქალი არ ისმენს ექიმის რჩევას აბორტის გაკეთების თაობაზე და მათ ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი ბავშვები უჩნდებათ. მაგ. სმენადაქვეითებულ მშობლებს ეყოლათ ბავშვი უნაკლო სმენით.
მართლაც, სისულელეა შეახსენო მართლმადიდებელ ეპისკოპოსს, რომ ადამიანი ამ სამყაროში მუდმივი ცხოვრებისათვის არ იბადება, არც იმისთვის, რომ ნებისმიერი ფასით განერიდოს მწუხარებას. მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების აზრი იმაშია, რომ მიწიერი ცხოვრების რთული და ტკივილით სავსე გზა ღირსეულად განვლოს და ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს. ახალი ადამიანის ამქვეყნად მოვლინება ღვთის ნებით ხდება. იქნება ამ ტანჯვით ადამიანმა ქრისტეს მსგავსად თავისი მოდგმა უნდა გამოისყიდოს.
პატივცემული მიტროპოლიტის ეს ახალი „ღვთისმეტყველება’’ ძლიან ჰგავს იმას, რაც 1933 წელს გერმანიაში ხდებოდა, როცა ლაბორატორია „ანენერბე’’–ში (შეფი–გიმლერი, დირექტორი–ფონ სივერსი) ტყვეებზე ტარდებოდა საშინელი ექსპერიმენტი, არა არიული გენის სტერილიზაცია და არიული ჯიშის გამოყვანა.
ხშირად ხდება, როცა ხეიბარ ბავშვებს მშობლები მოჰყავთ ეკლესიაში, სადაც ნუგეშს და, რაც მთავარია, სამუდამო გადარჩენის იმედს პოულობენ. ეკლესიის მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ წმინდანად შერაცხული მოსკოველი ნეტარი მატრონა სრულიად ბრმა დაიბადა. თუ ლონდონელი მეუფის ლოგიკით ვიმსჯელებთ წმ. მატრონა დედას საშოშივე უნდა მოეკლა, რომ მომავალი ტანჯვისაგან გაეთავისუფლებინა, ხოლო მშობლები ბევრ ცრემლსა და ნერვიულობას აიცილებდნენ. წმ. ღირს მატრონაზე განცხადდა სახარებისეულ ბრმაზე ნათქვამი მაცხოვრის სიტყვები: „არცა ამან ჰსცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა გამოსცხადნეს საქმე ღმრთისა მაგას ზედა’’ (იოან. 9.3)
მიტროპოლიტი ანტონი იღწვის დღევანდელობისათვის, ეტყობა მხოლოდ ამსოფლიური აღელვებს მას და ამიტომაც მოგვიწოდებს ასე ადვილად ხეიბარი ბავშვების დახოცვისკენ. საშოში მოწყვეტილ ყრმათა ბედი კი, მას სულაც არ აღელვებს. აბორტის დროს მოკლული ჩვილი მკვდარია არა მარტო ამ ცხოვრებისათვის, არამედ მთავარია, საუკუნო ცხოვრებისათვის; ათავისუფლებენ რა დროებითი ტკივილისაგან, მას სამუდამო ტანჯვას უმზადებენ. იქმნება წარმოდგენა, რომ ჩვენ ვუსმენთ ადამიანს, რომელსაც არ სჯერა მომავალი ცხოვრებისა. შეძრწუნებული პროტოპრესვიტერი ეკითხება მიტრ. ანტონს „რას ამბობ მეუფეო?’’ მისი რეაქცია გასაგებია, რადგან ის, რაც პროტოპრესვიტერმა მოისმინა შეიძლება თქვას მესამე რაიხის იდეოლოგმა და არა მართლმადიდებელმა მიტროპოლიტმა. ტყუილად ჰგონია მეუფე ანტონს, რომ ეკლესიის მამებმა და მასწავლებლებმა, რომლებმაც აკრძალეს ჩვილების მოკვდინება მსოფლიო და ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებით, ნაკლები იცოდნენ სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ, ეკლესიის კანონიკური წესები მუდამ ეთანხმებოდა ღვთის მცნებებს და დოგმატებს. საუბარია სახელდობრ, ღვთის მცნებების და არა „ამა თუ იმ წესის’’ შესახებ! რა სამწუხაროა, რომ ეს არ ესმის მეუფე ანტონს!
Xareba.net - ის რედაქცია