მამა სერაფიმეს (როუზი) იმ გარემოში მოუწია ცხოვრება, სადაც მეცნიერთა და ფილოსოფოსთა შორის „წმიდა მამათა" შესახებ მსჯელობა „მოდაში იყო". ეს თემა ე.წ. „პარიზული სკოლის" ახალი თაობის წარმომადგენლებმა, რუსმა ინტელიგენტებმა წამოჭრეს... ბევრი მათგანი (მაგ. პეტრე სტრუვე-რუსულად მარქსის მთარგმნელი) რევოლუციის მომხრე იყო, მაგრამ შემდეგ შეინანეს მარქსიზმით გატაცება და რუსეთი დატოვეს... მოგვიანებით მათ პარიზში ემიგრაციული სათვისტომო დააარსეს.
„პარიზული სკოლის" წარმომადგენლები ზემოდან დასცქეროდნენ უბრალო ადამიანთა ღვთისმოსაობას და, როგორც მაღალგანვითარებული ადამიანები, თავის მოვალეობად თვლიდნენ მართლმადიდებლობის „ამაღლებას" და „გაკეთილშობილებას". „პარიზული სკოლის" ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ რუსი ფილოსოფოსები ნიკოლოზ ბერდიაევი და სერგი ბულგაკოვი, რომლებსაც მთელი რიგი ანტიეკლესიური შეხედულებები ჰქონდათ. ზოგი მათგანი ამერიკაში გადაბარგდა, მათ შორის ცნობილი პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი.
1951 წელს შმემანი პარიზიდან ამერიკაში ჩავიდა და ამერიკის სამიტროპოლიტოში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. წინამორბედი მოდერნისტების მსგავსად, „ძველმოდურ ღვთისმოსაობას" აკრიტიკებდა... იგი ამბობდა, რომ ბევრი რამ იყო შესაცვლელი, რომ „მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ახალი გზების ძიებას" აპირებდა და რომ ამ გზით „მართლმადიდებლობას თავისი ნამდვილი სახით აღადგენდა". შმემანი ამაში „ახალი საღვთისმეტყველო მოძრაობის" ამოცანას ხედავდა, რომელიც 20-იან წლებში „ძველის", „მოძველებული მართლმადიდებლობის" გაგების სანაცვლოდ აღმოცენდა. მამა სერაფიმეს სიტყვებით რომ ვთქვათ, „შმემანისათვის მართლმადიდებლობა უჩვეულოდ მნიშვნელოვანი „პრობლემების" რიგი იყო, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ „იშვიათ სწავლულ პირებს შეეძლოთ."
შმემანის აზრით, მართლმადიდებლობა მხოლოდ მოიგებდა, თუკი იგი „ძველმოდურ" აზროვნებას უარყოფდა. მას და მის მიმდევრებს სურდათ, მართლმადიდებლობა თანამედროვე ღვთისმეტყველების ავტორიტეტებს და ეკუმენისტურ მოძრაობას ეღიარებინა, რათა მართლმადიდებლებს დასავლეთის ქრისტიანებთან დიალოგში მონაწილეობა მიეღოთ და „გაბედულად, ახლებურად მიდგომოდნენ" განსახილველ „პრობლემებს". რა თქმა უნდა, ამის მისაღწევად მართლმადიდებლები „ფეხდაფეხ უნდა მიჰყოლოდნენ" თანამედროვე საღვთისმეტყველო მოდას და ბრჭყვიალა სიტყვებით უნდა ეჟონგლიორათ, როგორიცაა: „კრიზისი", „სამყაროს კურთხევა" (შარდენის შემოღებული ტერმინი)...
ერთ-ერთ „პროგრესულ" ქრისტიანულ მიმართულებად მიიჩნეოდა ე.წ. „პირადი სათნოებების" დამცირება. ამ თეორიას სათავე დაუდო ტომას მერტონმა, ხოლო შმემანმა ამ სიახლეში თავისი წვლილი შეიტანა და განაცხადა, რომ „მართლმადიდებლური ღვთისმოსაობა მეტისმეტად ეგოცენტრული გახდა" და „ინდივიდუალური" ანუ მხოლოდ საკუთარი სულის ხსნაზეა მიმართულიო...
მამა გერმანე (მამა სერაფიმე როუზის თანამოღვაწე) ჯერ კიდევ ჯორდანვილიაში სწავლის დროს გაეცნო ალექსანდრე შმემანის წიგნებს. მოგვიანებით იგი იხსენებს: „სამი წიგნი წავიკითხე ჯორდანვილიაში ჩასვლისას, რომლებიც მართლმადიდებლობაზე მოქცევაში შემეწივნენ: „ღირსი სერაფიმე საროველის ცხოვრება", „ღირსი ამბროსი ოპიტელის ცხოვრება" და „მწირის თხრობანი სულიერი მამისადმი". აღმოვაჩინე, რომ მართლმადიდებლობაში ყველაზე საინტერესო მოღვაწეები არიან. ისინი იესო ქრისტეს მიერ ღვთის სასუფეველზე ნათქვამის აზრს განმარტავენ. მოგვიანებით მირჩიეს: - „თუ გინდა იცოდე თანამედროვე მართლმადიდებლობა - შმემანი წაიკითხეო". ასეც მოვიქეცი, მაგრამ მალევე მომწყინდა მისი კითხვა; თუმც კი ბოლომდე წავიკითხე და საბოლოოდ მივხვდი, რომ მამა ალექსანდრე მართლმადიდებლობაზე ენაწყლიანად, მაგრამ ზოგადად საუბრობდა; ხოლო მოღვაწე მამები კი რეალურად განცდილი გამოცდილებიდან გამოდიოდნენ; მაშინ გავიფიქრე: დიდი საქმე არ ყოფილა უბრალოდ წიგნების კითხვა და მათზე მსჯელობა. ამას ხომ მეც შევძლებ? მაგრამ ჩემი წარმოსახვა „სწორხაზოვანია" და არა „მომლოცველობითი", როგორც წმიდანებისა; რამეთუ წმიდანები ღვთის სასუფეველს, ღვთის ჭეშმარიტებას ეძიებენ, პოულობენ და ცდილობენ, თავიანთი გამოცდილება ჩვენამდე მოიტანონ; და მხოლოდ ჩვენი უმეცრების სიბნელე გვიშლის, რომ ამას მივხვდეთ".
ალექსანდრე შმემანმა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თავად არსი გააკრიტიკა. იგი პროტესტანტული შეხედულებებიდან უფრო გამოდიოდა, ვიდრე მართლმადიდებლობიდან. და თუმცაღა ამტკიცებდა, რომ ლიტურგიკაში „დასავლურ გავლენას" გაურბოდა, სინამდვილეში არამართლმადიდებლურ დასავლურ წყაროებს ეყრდნობოდა; უარყოფდა ღვთისმსახურების ტრადიციულ, მართლმადიდებლურ „ღვთივგანგებულებას" და „წინაგანგებულებას" და მას განიხილავდა, როგორც ისტორიული განვითარების „უბრალო შედეგს". პროტესტანტი თვთისმეტყველების მსგავსად, შმემანი ეჭვს გამოთქვამდა კონსტანტინე დიდის ეპოქის დასაწყისის ცვლილებებზე და მას „ღვთისმსახურების აღქმის გარდაქმნად და პირველქრისტიანული ლიტურგიკის სულისკვეთებისგან და ფორმისგან გადახრად" მიიჩნევდა. შმემანის აზრით, ნამდვილი „ესქატოლოგიური" ღვთისმოსაობა მრავალმხრივ არის შეცვლილი „მისტერიალური ღვთისმოსაობით", „ინდივიდუალური განმარტებებით" და „ინდივიდუალური კურთხევით", რაშიც, პროტოპრესვიტერის აზრით, ნაწილობრივ მონაზვნობასაც „მიუძღვის ბრალი". შესაბამისად, მას ღვთისმსახურების დღიური განაწესიც „მეორად პლასტებად" მიაჩნდა და მათ აღდგენას „თანამედროვე ღვთისმეტყველთა საქმედ" თვლიდა. ანუ მამა ალექსანდრე თვლიდა იმას, რაც პროტესტანტებმა უარყვეს: ევქარისტიის საიდუმლო - როგორც პიროვნების განმწმენდელი, მორწმუნეთა კლერიკოსებად და ერისკაცებად დაყოფა, საეკლესიო დღესასწაულების გამოყოფა, მართლმადიდებელ წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემა და სხვა. ყოველივე ამას პროტოპრესვიტერმა „მისტერიათა კულტი" და „წმიდათა კულტი" უწოდა. შმემანმა ეჭვი შეიტანა მართლმადიდებლობის ლიტურგიკული შედგენილობის სისრულეშიც. მან მკვეთრად გააკრიტიკა თანამედროვე „ლიტურგიკული ღვთისმოსაობა" და განაცხადა, რომ „ეკლესია ლიტურგიკულ კრიზისში იმყოფება". გასაკვირი აღარაა, რომ შმემანის წიგნებს მაღალ შეფასებას აძლევენ არამართლმადიდებელი ღვთისმეტყველები... ხოლო ავტორიტეტული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, როგორიცაა მიხეილ პომაზინსკი, ასე აფასებს შმემანის ცნობილ წიგნს: „Введение в Литургическое богословие" – „შმემანმა ხარკი გადაუხადა მეთოდს, რომელიც სრულიად გაბატონებულია თანამედროვე მეცნიერებაში. მან გვერდით გაწია, უარყო მადლმოსილების იდეა, საღვთისმსახურო წეს-განგების შემქმნელთა წმიდანობის აზრი და მთელი რიგი მიზეზშედეგობრიობით შემოიფარგლა"...
მამა სერაფიმე როუზი წერს: „შმემანი მზად არის გადაწეროს ტიპიკონი (საღვთისმსახურო) თანამედროვე ისტორიული შემეცნების შუქზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი აზრით, ღვთისმსახურება დაბალი სულიერების მქონე ადამიანების დონეს უნდა შეესაბამებოდესო! შმემანი ცეცხლის ალში ეხვევა"...
მამა გერმანე და მამა სერაფიმე გულისტკივილით უყურებდნენ შმემანის მიერ „ამერიკული" ეკლესიის შექმნის მცდელობას; რამეთუ არა აქვს ღრმა, მყარი მართლმადიდებლური საფუძველი, ამდენად, ცოცხალ ტრადიციასთან კავშირის გაწყვეტა დამღუპველია. მამა სერაფიმეს თქმით, შმემანი გზას უკაფავდა ახალ, ფესვებს მოწყვეტილ მართლმადიდებლობას, და ამერიკის მომავალი თაობა „ვეღარც კი მიხვდება, თუ რა მოაკლდათ". მას „სუფთად ამერიკული", სრულიად დამოუკიდებელი მართლმადიდებლობის შექმნა სურდა, რომელიც თანამედროვე ღვთისმეტყველებაზე იქნებოდა დაფუძნებული და არა სულიერი სიწმიდის ცოცხალ გარდამოცემაზე, რომელიც წმიდანებმა გადმოგვცეს. გარდამოცემასთან გაწყვეტილი კავშირი კი აღარ აღდგება...
მამა სერაფიმე საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, თუ რაოდენ ცხოველმყოფელია გარდამოცემა. ეს რომ არა, იგი ვერ ეზიარებოდა მართლმადიდებელი ცხოვრების ყველაზე სანუკვარს, რისთვისაც როუზმა ყოველივე მსოფლიო (ამქვეყნიური) დაუტევა. როგორც ცნობილია, მან, ჭეშმარიტების სიყვარულით, უარი თქვა საერო კარიერაზე, მიატოვა მეცნიერება, რომელიც სხვადასხვა თეორიით იყო გაჯერებული. ახლა კი იგივეს გადააწყდა, ოღონდ, უკვე, მეცნიერებით კი არ ერთობოდნენ, არამედ მისთვის ყველაზე უძვირფასესით - მართლმადიდებელი ქრისტიანობით. როუზი წერდა: „აწინდელი ღვთიმეტყველებიც ცდილობენ, რომ ჯერ მოიპოვონ თავიანთი კვლევის საგანი, ხოლო შემდეგ კი უფრო „მარჯვედ" შესასწავლად, მას გამოშიგნავენ. ხშირად მათი დისკუსიები საღვთისმეტყველო ტერმინებით ჟონგლიორობამდეც დადიოდა"...
შმემანი მნიშვნელობას არ ანიჭებდა მართლმადიდებლური ტრადიციის ცოცხალ მემკვიდრეებს, მტვირთველთ, რომლებიც „წმიდა მამებთან დამაკავშირებელი რგოლები იყვნენ". სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გვმოძღვრავდა, რომ მხოლოდ მათი შემწეობით არის შესაძლებელი ძველ წმიდანებთან კავშირი...
მამა სერაფიმემ, ახალი თაობის ღვთისმეტყველთა მაგალითზე ნახა, თუ რაოდენ საშიშია მათი შეხედულება, ვინც „ბრძენთა უბრძნესია" და რამდენად უშლიან ისინი ხელს ცოცხალი ტრადიციის გარდამოცემას. როუზი წერდა: „ჩვენს არეულ დროში, როდესაც მაუწყებელ-მქადაგებელთა მთელი წყება გამოდის, მთავარია მიხვდე, თუ რომელ მათგანს უნდა ენდო, რომელია ნამდვილი მართლმადიდებელი. მართლმადიდებლობის შესხმა და ბრძოლა ცოტას ნიშნავს, თავადვე უნდა განიმსჭვალო ძირძველი ტრადიციებით; და ეს ყველაფერი თავიდან კი არ უნდა აღმოაჩინო, თანამედროვე სემინარიებისა და აკადემიების ლექციებზე, არამედ - ეს მიიღო უშუალოდ წმიდა მამათა მიერ"...
შმემანი სიტყვით მაღლა აყენებდა მონაზვნობას, მაგრამ საქმით, არ ცნობდა მას - „ნაკლის" გამო, ღვთისმოსაობისა და საეკლესიო ტრადიციების „დამღუპველი" გავლენის გამო. მისი რწმენით, მონაზვნური ღვაწლი „საერო მართლმადიდებლობასთან" წინააღმდეგობაში მოდის. შმემანს არ ესმოდა, რომ ერისკაცებს ჭეშმარიტი ქრისტიანობისკენ სწორედ მონაზვნობა უბიძგებდა, თავისი ტრადიციებით. მამა სერაფიმე როუზი წერდა: „საეკლესიო ღვთისმსახურება მონასტრული მსახურებით არის გაგებული, რადგან სწორედ მონაზვნობა გამოხატავს ნათლად იმ იდეალს, რასაც მთელი ეკლესია ესწრაფვის. ყოველ დროში სწორედ მონაზვნობის მდგომარეობა განსაზღვრავდა, ყველაზე მეტად, როგორც მთლიანად ეკლესიის, ასევე ნებისმიერი ცალკეული ეკლესიის სულიერ სიჯანსაღეს; და შესაბამისად: რაც უფრო ძლიერ ესწრაფვის მრევლი სამონასტრო მსახურების იდეალს, მით უფრო მაღალია იქ ჩატარებული მსახურების სულიერება"...
მამა სერაფიმე აქვე აღნიშნავდა: „მთავარია - სულიერი ცხოვრებით ცხოვრება და არა მასზე მსჯელობა".
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი წერდა: „ადამიანმა ღვთისმეტყველებაში პირველი ნაბიჯების გადადგომამდე, ჯერ საკუთარ ვნებებს უნდა სძლიოს".
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია