პახუმი დიდის მოწაფის, ღირსი მამა თეოდორეს ხსოვნისათვის
ზოგიერთს არ უყვარს კეთილი რჩევა ახალგაზრდებისაგან მიიღოს, ან მათგან, რომელთაც, რატომღაც, თავისზე ნაკლებად მიიჩნევს. ასეთებზე ამბობენ: „ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ჩვენ გვასწავლის?!" ამგვარი მსჯელობა საქებარი არ არის. როდესაც მშიერი ხარ და საზრდოს გაწვდიან, მიიღე, რა გესაქმება იმასთან, ვინ გთავაზობს, თუ არა და, შიმშილით მოკვდები. შესვი და ნუ დაეძებ, სასმისი ოქროსია თუ რკინის, მთავარია, მასში ანკარა წყალი ესხას; წინა-აღმდეგ შემთხვევაში წყურვილისაგან მოკვდები. თუკი მიმოფან-ტულია ძვირფასი თვლები, რა ადგილზეც არ უნდა ეყაროს ისინი, აიღე, თუ არადა საუნჯეს მოაკლდები; შემდეგ ინანებ, რომ არ შეაგროვე, მაგრამ უკვე გვიან იქნება. ასევეა საღვთო სწავლებებთან დაკავშირებითაც. თუკი საუბრობენ ღმერთზე, სულზე, ხსნის შესახებ-მოუსმინე, განურჩევლად იმისა, ვინ ლაპარაკობს. შენ გჭირდება ის კი არა, ვინც საუბრობს, არამედ ის, რასაც ამბობს, თუ იგი შენთვის სასიკეთო და მაცხოვნებელი იქნება.
სათნო ღვთისა თეოდორე, მამა პახუმის მოწაფე, წმინდა წერილის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა. იგი ჯერ კიდევ 20 წლისა იყო, როდესაც პახუმი დიდმა მას ძმათა დამოძღვრა უბრძანა. თეოდორე ყოველ-გვარი ურჩობისა და შეპასუხების გარეშე ესაუბრა ძმებს და მათთვის ბევრი სასიკეთო რამ თქვა. მაგრამ ზოგიერთმა, ვინც მასზე ასაკოვანი იყო, არ ისურვა მისი მოსმენა და თქვა:
-ეს რა არის?! უკვე ახალბედა გვმოძღვრავს!
მათ მიატოვეს კრება და ერთიმეორის მიყოლებით სენაკებში წა-ვიდნენ. როდესაც თეოდორემ სიტყვა დაასრულა, პახუმი დიდმა ბერების უკან დასაბრუნებლად კაცი გააგზავნა და ჰკითხა მათ:
-ბოლომდე რად არ მოისმინეთ თეოდორეს სწავლება?
მონაზვნებმა უპასუხეს:
-იმიტომ, რომ შენ ყრმა დაგვიყენე მასწავლებელად; ჩვენ ხომ დიდი ხანია, მონასტერში ვცხოვრობთ?
ამის გამგონე პახომიმ ღრმად ამოიოხრა და თქვა:
-ნუთუ ვერ მიხვდით, რომ ეშმაკმა მახეში გაგაბათ. ამ საქციელით თქვენი კეთილი ღვაწლი დაღუპეთ. თქვენ თეოდორე კი არ მია-ტოვეთ, არამედ ამპარტავნებით უფლის სიტყვას გაექეცით და ამიტომ სულიწმინდის მადლი დაკარგეთ. მე თქვენზე ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ დიდი ყურადღებით ვუსმენდი მას და დიდი სარგე-ბელიც ვნახე ამ საუბრიდან.
ამ შეგონებით პახუმი დიდმა ბერები დაიმორჩილა, განაგდო მათი ამპარტავნება და თეოდორეზე ყვედრებაც მოსპო. მას შემდეგ მო-ნასტრის ძმები თეოდორეს მოძღვრების გულმოდგინე მსმენელნი გახდნენ.
ამრიგად, ნუ იუცხოვებთ ახალგაზრდა მოძღვრებს. გულდასმით მოუსმინეთ მათ, როდესაც რაიმე კარგს, თქვენი სულისათვის სასარგებლოს გასწავლიან. საქმე ის კი არ არის, ვინ ლაპარაკობს, არამედ ის, თუ რას ამბობს. მშვენიერი ნაყოფის მოცემა ახალგაზრდა ხესაც შეუძლია და დაბერებულსაც. ექნებოდა რაიმე აზრი, პირვე-ლიდან არ მოგვეწყვიტა ნაყოფი, იმიტომ რომ ხე ახალგაზრდა იყო? ასევეა აქაც. როდესაც ვინმე გიძღვნის სულიერ საგანძურს, რა საჭიროა მას სახეზე უყურო, შენ მომძღვნელი კი არა, თავად შემოთავაზებული საგანძური გჭირდება. ამიტომ, დავამარცხოთ ამპარტავნება, დავიმ-დაბლოთ თავი და გულისყური მივანდოთ უფლის სიტყვას. ჩვენ გვესაჭიროება არა ჭურჭელი, რომლითაც წყალს ვიღებთ, არამედ, თავად მაცოცხლებელი წყალი, რომელმაც შეიძლება ჩვენ წყაროს წყლად გვაქციოს, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ (იოან. 4,14). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.