სწავლება მეფეებისთვის, ბატონთა, ეპისკოპოსთა, მღვდელთა და ყველა ქრისტიანთათვის, რათა არასოდეს გახდნენ მემთვრალენი
ძმანო, ვინც მემთვრალეობის ცოდვაში ვარდება, ირგვლივ ყველაფერი ავიწყდება, ასეთ ადამიანს მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებს თავში - როგორმე დალიოს, მხოლოდ იმის ცდაშია, როგორმე დაიკმაყოფილოს თავისი საზიზღარი ვნება და იქ არის, სადაც ღვინოა (იგავ. 23, 30). მაგრამ, თუკი იგი მთლიანად შეიგნებს რა საშინელ ბოროტებას ჩადის საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე, აუცილებლად შეძრწუნდება. სინამდვილეში ლოთობის ჭეშმარიტად ვერაგი სახე უფრო ძნელი წარმოსადგენია. თუკი ამ ვნებას ვერ მოერევიან, ასეთ ადამიანებს გარდაუვალი დაღუპვა ელით. მათი მომავალი ამაზრზენია.
სვინაქსარი გვასწავლის: „მემთვრალეობა ტვინს ბინდავს, ჯანმრ-თელობას არყევს, ქონებას ანიავებს. მემთვრალეობის გამო მიწა დაუმუშავებელი რჩება, თავისუფალი ადამიანები დამონებულნი ხდებიან, ლოთობა მათ ვალს ადებს, გამოცდილ ოსტატებს გამო-უცდელად აქცევს, რაც ისწავლეს, იმის კეთების უნარს აკარგვინებს. ეს ვნება კაცს აავადებს, თავს ლაფს ასხამს და ურცხვად აქცევს, აღატაკებს და აჩაჩანაკებს. იგი შუღლსა და დაპირისპირებას აღძრავს, ცოლ - ქმარს ერთმანეთს განაშორებს, ბავშვებს ამონებს, ფეხებს აუძლურებს, ხელებს კანკალს ჰგვრის, მხედველობას აფუჭებს. მემთვრალეობა ადამიანს ეკლესიაში სიარულის საშუალებას უსპობს და ამით უფლის წყალობას აკარგვინებს. კაცის გულიდან განაგდებს ღვთის მოშიშებას, ავიწყებს ქრისტიანულ მცნებებს, აჩქარებს სიკვდილს და გაუნელებელ ცეცხლში აგდებს სულს. მემთვრალეობა აჩანაგებს მშვენიერებას, ადუნებს სიფხიზლეს. ვის ელის ვაი - უბედურება? ლოთს. ვინ ივედრება? მემთვრალე. ვინ განისჯება? მემთვრალე. ვის ელის მწუხარება და შფოთი? მემთვრალეს. ვინ ჭმუნავს და ვინ იმტვრევს თავ - პირს ამაოდ? მემთვრალე. ვის აქვს ამოლურჯებული თვალის უპეები? მემთვრალეს (იგავ. 23, 29-30). ყველა მემთვრალე შორსაა ღვთისა და ადამიანებისაგან და დახეული ფლასითაა შემოსილი... ვაი, რა უბედურებაა, როგორ გადარჩებიან ისინი, რადგან მკვდრებივით ყრიან სიმთვრალის გამო, უფალსა და სულიწმიდას განშორებულნი? მათი ბაგეებიდან უფლის სიტყვას ვერ გაიგონებთ, მათი მფარველი ანგელოზი მწარედ ტირის, ეშმაკი კი ხარხარებს, რადგან ლოთები, თავიანთი უკეთური საქციელით, მსხვერპლს მათ სწირავენ.
ხედავთ, რამდენი სიმწარე მოაქვს მემთვრალეობას, მისგან შობილი რამდენი მწარე ნაყოფი ჩამოგვითვალა წმინდა მამამ? გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ამ ჩამონათვალში არის რამე ზედმეტი? სამწუხაროა, მაგრამ თითოეული სიტყვიდან სიმართლე გამოსჭვივის, თითქოს ცოტაც კია ნათქვამი. ჩვენი აზრით წმინდა მამა თავშე-კავებულად აღგვიწერს იმ საშინელ ბოროტებას, რაც მემთვრა-ლეობიდან მომდინარეობს. რას ვხედავთ ამგვარი ადამიანის პირისპირ შეხვედრისას? მთელი ოჯახი შეწუხებულია მემთვრალე მამის გამო, დადიან მშივრები, ტიტვლები, ფეხიშველნი, შემო-ძარცვულნი. უმაქნისი მემთვრალე სცემს თავის ცოლ - შვილს, მემთვრალეობამ იგი ქურდბაცაცად და ყაჩაღადაც აქცია; იქით მეორე მემთვრალე ცხოველივით იყურება და ადამიანური აღარაფერი შერჩენია; ყოველ წუთს გვესმის მემთვრალეების თვითმკვლელობის შესახებ. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს? ამაზე მიუტევებელი და შემაძრწუნებელი რაღა არსებობს? გამოფხიზლდით, ვიდრე დრო გაქვთ, ვისაც ლხინი და ლოთობა გიყვართ, ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა და მეყ-სეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი (ლუკ. 21, 34). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.