ეს კვირა მსგეფსია (ოთხშაბათი და პარასკევი - ხსნილი). შვიდეულის დასაწყისში საკვირაო წირვაზე ეკლესია იხსენებს იგავს სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14.12-14); თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის - მეზვერისა, შეიწყალა იგი და სინანულის გამო, დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ღმერთის კანონებს გარეგნულად კი ას-რულებდა, მაგრამ არ ჰქონდა სინანული, ამ იგავის გახსენებით ეკლესია მოგვიწოდებს სინანულისაკენ.
მოძღვრება კვირიაკესა მეზვერისა და ფარისეველისასა
აწინდელსა კვირიაკესა წმიდამან ეკკლესიამან დააწესა წაკითხვა სახარებაში მეზვერისა და ფარისეველის იგავისა, მისთვის, რათა ჩვენ, მსმენელნი იგავისა ამის, ვეკრძალებოდეთ ფარისევლურს ცოდვასა და ვბაძვიდეთ მეზვერის სიმართლესა და მონანებასა.
ფარისევლობა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, არის ერთი უსაშინლესთა და უმძიმესთა ცოდვათაგანი, რომელნი ჰბუდობენ გულსა შინა კაცისასა. იგი მით უმეტესად არის მძიმე და მავნებელ, რომელ თითქმის ძვირად მოიპოვება ქვეყანაზედ კაცი რომლითამე სახითა, ანუ რომელთამე შემთხვევათა შინა არა მოზიარე ამ ცოდვისა. რასა შინა მდგომარეობს ფარისევლობა? იგი მდგომარეობს მას შინა, ოდესაც კაცი გარეგანითა თვისითა, ვითომც წესიერითა და მოსაწონითა ყოფაქცევითა, მხოლოდ დაჰფარავს შინაგანთა თვისთა უმსგავსთა და უშვერთა თვისებათა; ოდეს იგი მოაჩვენებს თავსა თვისსა, ვითარცა კეთილსა და მართალსა, გარნა თვით კი არ არის ესრეთი და მით ატყუებს ქვეყანასა; ერთი სიტყვით, ოდეს იგი მიითვისებს სახესა სათნოებისასა, მაშინ ოდეს ძალი სათნოებისა შორს არს გულისა მისისაგან. გარნა რისთვის ვცდილობთ ჩვენ ფარისევლობის აღწერასა სუსტითა ენითა ჩვენითა? თვით მაცხოვარმან ვრცლად აღწერა შესაძრწუნებელთა სიტყვათა შინა ფარისევლობა და მოქმედება მისი. ფარისეველნი, სიტყვისამებრ მაცხოვრისა, ყოველთა საქმეთა მათთა იქმან საჩვენებლად კაცთა (მათ. 23, 5.); იგინი შესჭამენ სახლთა ქვრივთასა და მერმე გრძლად ილოცვენ (მუხ. 13.); აღასრულებენ მხოლოდ მცირეთა და გარეგანთა მცნებათა და დაუტევებენ უმძიმესსა სჯულისასა, სამართალსა და სიყვარულსა; განსწმედენ გარეგანსა ჭურჭლისასა, ხოლო შინაგანი მისი სავსე არის ნატაცებითა და არა-წმიდებითა. იგინი ემსგავსებიან საფლავთა განგოზილთა, რომელი სჩანედ გარეშე მშვენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძვალებითა მკვდართათა. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიიღებთ უმეტესსა სასჯელსა; ცოფნო და ბრმანო, გველნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეენისასა? აჰა, ვითართა საშინელთა სიტყვათა შინა აყვედრებდა მაცხოვარი ფარისეველთა! რას ნიშნავს ეს, ძმანო ჩემნო? როგორ მოხდა, რომელ ყოვლად მშვიდი იგი და ყოვლად მოწყალე, განხორციელებული ცოდვილთათვის უფალი თითქმის დაივიწყებდა მოთმინებასა და შებრალებასა, ოდეს უბნობდა ფარისეველთა ზედა? ღვთაებრივითა სიბრალულითა აღვსებული იგი, რომელმან შეიწყნარა ცოდვილი ქალი, ღირსი სიკვდილისა, რისთვის აღწერდა ესრეთთა ფიცხელთა და მრისხანეთა სიტყვათა შინა ბოროტებასა ფარისეველთასა? სჩანს, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რომელ საშინელ არს ცოდვა ფარისევლობისა! რისათვის? მისთვის, რომელ ფარისეველი ცხოვრებითა თვისითა თითქმის შეაგინებს თვით სათნოებასა; იგი ზოგჯერ სხვათა კაცთაცა შეაძულებს ღვთისმსახურებასა; იგი განაუქმებს ღვთისმოყვარებასა და მრავალთა კაცთა დაუბრკოლებს სულის ცხონებასა. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰხშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა, თქვენ შეარახვალთ და შემავალთა არა უტევებთ შესვლად (მთ. 23. 14). რა სახით? ესრეთ, რომელ კაცი გულწრფელი, მხედველი ფარისევლობითის ყოფაქცევისა, ხშირად უკუნიქცევა ღვთის მსახურებისაგან.
ჩვენ ვსთქვით, რომელ თითქმის არ მოიპოვება კაცი, სრულიად უცხო ამ ცოდვისა. ჭეშმარიტად, ძმაო ჩემო! ყოველთვის, ოდესცა შენ ნაცვლად გულის გაწმედისა და ცუდთა ჩვეულებათაგან განშორებისა, ჰმალავ ცოდვასა სიღრმესა შინა გულისა შენისასა და მიიღებ კეთილსა გარეგანსა სახესა, ფარისევლობასა შინა შთავარდები. ფარისევლობ, ოდეს შენ პირისპირ კაცს აქებ და ეფერები და პირიქით ცუდათ ახსენებ მას; ფარისეველი ხარ, ოდეს ელაპარაკები რა შენზედ უფროსს კაცსა, ამბობ არა იმას, რასაც გული გეტყვის, არამედ რაც იამება იმ კაცს; არა სიმართლეს იტყვი, არამედ რასაც მოითხოვს შენი საკუთარი სარგებლობა. ფარისეველი ხარ, ოდეს შენ ერთს კაცს აქებ, არა მისთვის, რომელ იგი ღირსი არის ქებისა, არამედ მისთვის, რომ იგი არს მოყვარე და მეგობარი შენი, ხოლო მეორეს განკითხავ მისთვის, რომელ იმას აქვს შენთან მცირეოდენი უკმაყოფილება; ოდეს ენითა შენითა ამტკიცებ დიდსა სიყვარულსა სიმართლისა და სათნოებისასა, ხოლო საქმით კი უმართლო ხარ. რა არის, თუ არა ფარისევლობა, ოდეს სინიდისი გამხილებს შენ რომელთამე ცოდვათათვის და შენ კი პირმოთნედ იტყვი: ღმერთი მოწყალე არისო, რა ვქმნაო, კაცი სუსტი არისო, სხვანიც ესრეთ სცხოვრობენ, ვინ არის უცოდველი ქვეყანაზედაო, თავის დროზედ მოვინანებო; ყოველთა შინა ესევითართა შემთხვევათა კაცი ცხადად ეზიარება ფარისევლობის ცოდვასა.
გარნა აქ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მე გამოვითხოვ ნებასა, ვითარცა სულიერი თქვენი მოძღვარი და მზრუნველი, გადავსდგა კიდევ ერთი ნაბიჯი და ვაახლო სიტყვა ჩემი თქვენდამი. ვინაიდან სიტყვა ჩვენი არის ფარისევლობასა ზედა, მაშასადამე იგი უნდა იყოს პირუთვნელი და განშორებული ფარისევლობისაგან. და ესრეთ, ვიტყვი პირ-უთვნელად, ჩვენ მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა გვაქვს საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი. ეს გამოჩნდება უმეტესად მით, რომელ ხშირად სიტყვანი ჩვენნი არიან წინააღმდეგნი საქმეთა ჩვენთა, და გარეშეობა ჩვენი არ ეთანხმება შინაგანსა ჩვენსა. ის მართალია, რომელ ყოველთა მცხოვრებთა ჩვენის ქვეყნისათა, ვიწყოთ დაბალის ხალხისაგან ვიდრე აზნაურთ და თავადთადმდე, აქვსთ და იციან უმეტესი ზრდილობა და თავაზობა, ვიდრე სხვათა კავკასიის მცხოვრებთა, გარნა ისიც უნდა აღვიაროთ, რომელ ამ ზრდილობას და თავაზობასა ხშირად გაერევა ფარისევლობა. ვგონებ, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი იქცევა გულწრფელად.
ვიცნოთ, ძმანო, თავნი ჩვენნი; ნუ ვიქნებით პირმოთნენი ნურასოდეს, ნურცა თავთა წინაშე ჩვენთა, ნურცა წინაშე სხვათა, არამედ გულწრფელად აღუაროთ ღმერთსა ნაკლულევანებანი ჩვენნი. ვევედროთ ღმერთსა, რათა მადლითა თვისითა განაქარვოს და აღმოფხვრას ყოველი ფარისევლობა გულთა შინა ჩვენთა და მოგვცეს სული წრფელი და მართალი. ამინ.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
Xareba.net - ის რედაქცია