დღეს მომხმარებლის არჩევანზე უდიდეს გავლენას ინფორმაციის მასობრივი საშუალებები ახდენს. ტელევიზორის გამოგონების შემდეგ მისი მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეს მრავალი ოჯახი ძირითადად მოთხოვნილების ნორმებს სწორედ ტელევიზიის მეშვეობით არკვევს.
ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებათა ზემოქმედებით ქვეყნის მოსახლეობა ფაქტიურად ბრბოს ემსგავსება, რომელშიც ტერიტორიული დაშორების მიუხედავად ხორციელდება ერთი ადამიანის სულიერი ექსპანსია მეორეზე.
ზემოქმედების განსაკუთრებით მძლავრი საშუალება გააჩნია ტელევიზიას. სხვადასხვა ფილმებისა და კონცერტების საშუალებით ტელევიზია აიძულებს ადამიანს მიემსგავსოს წარმოჩენილთაგან ამა თუ იმ მოდელს.
მაგალითისათვის კინოფილმები მოვიყვანოთ. უმრავლესი კინომოქმედება არაჩვეულებრივად კომფორტულ გარემოში ხდება, მსახიობების ტანსაცმელი ყოველთვის მაღალი ხარისხის და სტილისაა. ფილმის გმირების საქმიანობაც, გარემოც განსაკუთრებულია: მოგზაურობა, საკუთარი გემები, არაჩვეულებრივი შლიაპები, ავტომობილები, მზეც, თავისუფლებაც, ხილიც, კურორტებიც, ყვავილებიც _ ყველაფერი განსაკუთრებულია... მაყურებლის რეალობაში კი რა ხდება?: აქ ბავშვების პრობლემებია, ავადმყოფი კბილი, დაძაბული სამსახური, ბინძური თოვლი, დაღლილი მეუღლე და ა.შ. და უკვე რთული ასატანი ხდება პატარა ბინა, შარშანდელი ჩექმები, მოდიდან გასული კოსტუმი...
შური _ აი მიზეზი ამ უკმაყოფილებისა. ნებისმიერი თანამედროვე ფილმი გარკვეულწილად მხატვრული რეკლამაა. მრავალი კადრის მიზანი სწორედ მითითებული ტანისამოსის ან სხვა ნივთის შეძენის სურვილის აღძვრაშია. და რაც უნდა დავიცვათ თავი რეკლამის ზემოქმედებისაგან, ის თავის საქმეს მაინც აკეთებს. ამავე თვალსაზრისით წარმატებულია სერიალები. მრავალ დღეს, ხან კი თვეებსაც კი ატარებს სერიალის მაყურებელი ფილმის გმირებთან. ის, შეიძლება ითქვას, პერსონაჟთა საუბრების, სადილების, დასვენებების მონაწილეა, მათთან ერთად წყვეტს ეკრანზე გაჩენილ პრობლემებს და ეჩვევა არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ გარემოსაც, ავეჯსაც, ჭურჭელსაც, ტანსაცმელსაც და ა.შ. ფილმის მაყურებელს ეჩვენება, რომ მასაც ისეთივე სკამი და ჭურჭელი რომ ჰქონდეს, მისი ცხოვრება რაღაცით მაინც მიემსგავსება ეკრანზე წარმოსახულს.
ყველა ადამიანს გარკვეულწილად ახასიათებს მიმბაძველობა. გარემომცველი საზოგადოება, სივრცე, სადაც ვცხოვრობთ, ახლობელი ადამიანები ზეგავლენას ახდენენ ჩვენს მოქმედებაზე, განწყობასა და გარეგნობაზეც კი.
ვიდეომაგნიტოფონი ჩვენს ყოფით ცხოვრებაში დიდი ხნის შემოსულია. ის ჩვენს სახლებში უცხოურ, მეტ წილად, ამერიკულ კომპანიებთან ერთად შემოვიდა. ვხედავთ, თუ რა სწრაფად ეცვლებათ ჩვენს თანამემამულეებს იერი, ქცევა, ვრცელდება ამერიკული სტილი, ამერიკული ღიმილი, ჩაცმულობა... უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ამერიკული კი არა, ჰოლივუდური ჩვევებია.
არსებობს ასეთი ტერმინი _ იმიჯი (ინგლ. სახე, გამოხატულება), მასში არა მხოლოდ ადამიანის გარეგნული იერი, არამედ მოქცევის წესებიც იგულისხმება. ეს სიტყვა ჩვენში ახალი შემოსულია, ხოლო დასავლეთში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, ის დიდი ხანია გამოიყენება. იმიჯი არ არის პიროვნების რეალური სახე, არამედ ყოფითი ცხოვრებისთვის მიღებული იერია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის როლია, რომელსაც ადამიანი თამაშობს თავის ცხოვრებაში.
კინომატოგრაფიამ, განსაკუთრებით ტელევიზორის გამოგონების შემდეგ, ჩვენს ყოფით ცხოვრებაში თითქოსდა დააკანონა, ჩვეულებრივ მოვლენად შერაცხა არაბუნებრივი სახეები, ხმა, გრძნობები. ადრე თუ ზოგიერთი სხვას ქცევით ბაძავდა, დღეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ნიღაბქვეშ იმყოფება, ის ნამდვილი როლის მოთამაშე ხდება.
არაეკლესიური ადამიანი ვერ ხვდება, თუ რამდენად დააჯილდოვა ის ღმერთმა თავისი ინდივიდუალური, სხვისაგან განსხვავებული ბუნებით, ის ვერ ხედავს თავისი პიროვნების ფასეულობას, განუმეორებლობას. ამიტომ, იგი სისტემატურად მზად არის მიბაძოს სხვას, ე.წ. მიმიკრირება შეასრულოს. დიახ, არსებობს ასეთი თვისება ცოცხალ ბუნებაში _ მიმიკრია, ფერისა და გარეგნული სახის მიღების შესაძლებლობა, რომელიც გარესამყაროში შერწყმის შესძლებლობას იძლევა. ურწმუნო ადამიანს არ აღელვებს სინდისის ხმა, სინდისის ქენჯნა, ის არ განიხილავს თავის განცდებს. მას მხოლოდ ერთი სურვილი გააჩნია, რომ ასეთი რამ არ არსებობდეს. არ გააჩნია რა თვითმყოფადობის, თვითდამკვიდრების, თავისი რეალური პოროვნების წარმოჩენის ძალა, მას უჩნდება `მოჩვენებითი~ სახის შექმნის სურვილი და ქმნის თავის როლს ამ სამყაროში. ასეთი ადამიანი ყოველთვის გაორებული, წყობიდან გამოსული, ცვალებადია. საბოლოოდ, თვითშეგნება ასეთ ადამიანს საერთოდ უქვეითდება, ის გრძნობს და ხედავს მხოლოდ თავის გარეგნულ მონცემებს: თვალებს, ცხვირს, სიმაღლეს, საკრედიტო ბარათს, განათლებას, სამუშაო ადგილს, ოჯახურ მდგომარეობას _ ყველაფერს, საკუთარი პიროვნების გარდა.
მართლმადიდებლური შეგნებისთვის ჭეშმარიტებაში ყოფნა, ყოველგვარი სიცრუის, თამაშისა და ფალსიფიცირებულისაგან განშორებაა დამახასიათებელი. მართლმადიდებელს სჩვევია ხშირი საუბარი თავის სინდისთან, ყურადღებიანი მოპყრობა საკუთარი ფშვინიერი და სულიერი სამყაროსადმი. მან იცის საკუთარი თავის გამოცდა: `როგორი ვარ?~ სულიერი სიმხნევე და სიფხიზლე საშუალებას იძლევა განვიწმინდოთ თავი სიამაყისა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენებისგან. ამავე დროს, მართლმადიდებელი ადამიანი არ კარგავს თავის ბუნებრივ თვისებებს, არამედ პირიქით, ცდილობს გამოავლინოს თავისი პიროვნება: დაინახოს და აღადგინოს საკუთარ თავში ღვთის ხატება და მსგავსება.
წმიდა მამები კრძალავდნენ ნებისმიერ დაუდევარ მოპყრობას საკუთარი პიროვნებისადმი, ისეთი ცვლილებების გამოვლინებას, რაც არ ახასიათებს პიროვნებას.
62-ე კანონი მეექვსე მსოფლიო კრებისა მამაკაცებს უკრძალავდა ქალის ტანსაცმლის ჩაცმას, ხოლო ქალებს _ მამაკაცისა, ასევე კრძლავდა ნიღბების გამოყენებას, კომიკური იქნებოდა ის, სატირიკული თუ ტრაგიკული.