სიტყვა თქმული ვაჭრის შესახებ, რომელიც მონასტერში წავიდა სულის საცხონებლად
გეკითხებით, ძმანო, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ მოვშორდეთ საერო ყოფას? რას მიპასუხებთ? თქვენ მეტყვით: „საჭიროა ბერად შედგომა". ამაში გეთანხმებით, მაგრამ, ჩემი აზრით, მარტო ეს ცოტაა, საჭიროა კიდევ სხვა რამ. მაინც რა?
ღირსმა მამა პაფნუტიმ ერთხელ ღმერთს სთხოვა, ეჩვენებინა მისთვის თუ ვის ჰგავდა იგი. ღმერთმა აჩვენა მას სასწაული და მოძღვარმა გაიგონა ხმა: „შენ გავხარ ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს დაეძებს. ნუ გეზარება, ადექი და შენს თავში იპოვნი მსგავსს". პაფნუტი გამოვიდა სენაკიდან და შეხვდა ერთ ალექსანდრიელ მდიდარ კაცს, ღვთის მოშიშსა და მოწყალეს. ალექსანდრიელი კაცი დიდ ვაჭრობას ეწეოდა და სამი სატვირთო გემის მფლობელი იყო. ვაჭრობიდან აღებულ მონაგებს ღარიბებს ურიგებდა, დანარჩენით კი მისი მსახურები უპოვართ აპურებდნენ. უკანასკნელის შემხედვარემ პაფნუტიმ შესძახა:
- ეს რას ნიშნავს ჩემო მეგობარო?
ღვთისმოსავმა ვაჭარმა უპასუხა:
- ეს ჩემი მონაგებია, რომელთაც მართლმორწმუნეთა ხელით უფალს ვუძღვნი.
პაფნუტიმ ჰკითხა:
- როდის აღიკვეცები ბერად?
- ვიღვაწებ ამისთვის.
პაფნუტი არ ეშვებოდა:
- დიდხანს იღვაწებ ამ ქვეყნისათვის და ზეციურ ვალს დაივიწყებ? უკანასკნელი ხომ პირველზე მაღლა დგას. დაუტევე ყველაფერი მიწიერი და შეუერთდი უფლის სამწყოს.
ამის შემდეგ ღვთისმოსავმა ვაჭარმა ყველაფერი, რაც გააჩნდა, ვაჭრებს დაურიგა და წავიდა მთაზე, სადაც გამოქვაბულში გამოიკეტა. მან მალე დაუტევა მიწიერი სხეული და ზეცის მოქალაქე გახდა.
ამრიგად, ძმებო, წუთისოფლისაგან განდგომა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ, ბერად აღიკვეცოთ; არა, საჭიროა, სრულად უარყოთ ყოველივე მიწიერი, საკუთარი თავი მიუძღვნათ უფალს და ანთებული სიყვარულით, მტკიცე იმედითა და უმანკო ცხოვრებით შეუერთდეთ მას. ერთი სიტყვით, უნდა აღვიჭურვოთ უფლის სიყვარულით, განვეშოროთ წუთისოფელს და უზენაესი სიყვარულით აღვსილებმა ასე მივმართოთ უფალს: ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამ ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: შენთვის მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა - იგი შემიყუარნა ჩუენ. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა(რომ. 8, 35-39).
აი, ეს იქნება სოფლის საბოლოო დათმობა. ზემოხსენებულმა ღვთისმოსავმა კაცმა გვაჩვენა მაგალითი საკუთარი თავის უარყოფისა. იგი ოდნავადაც არ შეწინააღმდეგებია პაფნუტის, მეყვსეულად დათმო დიდძალი ქონება, დაივიწყა ყველაფერი ამქვეყნიური და განმარტოვდა გამოქვაბულში და უფლის წინაშე წარსადგომად გაემზადა.
აი, მშვენიერი მისაბაძი მაგალითი ჩვენთვის. მივსდიოთ მას და გვახსოვდეს, რომ უფლისაგან ყველაფერი გვებოძა, ამიტომ ჩვენ, საკუთარი თავის ჩათვლით, ყველაფერი მას უნდა მივუძღვნათ. აქედან ცხადია, რომ ამქვეყნიური ცხოვრების დათმენით, მხოლოდ უფლისათვის უნდა ვიცხოვროთ და მარადიულისთვის ვიღვაწოთ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.