თქმული იოანე კიბისაღმწერლისა კირიონ მონაზვნის დათმენის შესახებ
ზეცისაკენ მიმავალი კიბის საფეხურებს შორის ერთ - ერთი სიმშვიდის სათნოებაა. სულის მშვიდობა რომ აუცილებელია ცხონებისათვის, ამაში თავად უფალი გვარწმუნებს, როდესაც თავისთან მოგვიწოდებს და ბრძანებს: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთა (მათ. 11, 29). უფალი ამ სათნოებისთვის გვირგვინს გვპირდება და ამბობს: ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა.
რას ნიშნავს სიმშვიდე და რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტად მშვიდი? ამას შემდეგი მაგალითიდან შეიტყობთ.
წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი ღირსი კირიონის შესახებ ჰყვებოდა, რომ იგი უაღრესად მშვიდი ადამიანი გახლავთ. კირიონს მუდამ შეურაცხყოფდნენ მაღალი თუ დაბალი ფენის ადამიანები, მუდმივად ამცირებდნენ, ყოველდღე აგდებდნენ ტრაპეზიდან და ყოველივე ამას იგი არა მხოლოდ უდრტვინველად ითმენდა, არამედ - მადლიერებითაც. ასეთ ყოფაში მონასტერში კირიონმა 15 წელი გაატარა, ყველასაგან იგემა წყენა, მონებმაც კი განდევნეს, მაგრამ სიტყვა არავისთვის შეუბრუნებია, პირიქით, როდესაც იოანემ ჰკითხა, როგორ შეეძლო, დაეთმინა ყოველდღიური შიმშილი და შეურაცხყოფა, კირიონმა უპასუხა:
- დამიჯერე, ძმაო, მამები სიავის გამო კი არ მექცევიან ასე, არამედ მცდიან, ვარ თუ არა ჭეშმარიტი ბერი; როდესაც მონასტერში მოვედი, მითხრეს, რომ 39 წლის განმავლობაში გამომცდიდნენ. განა ცეცხლის გარეშე ოქრო გამოიწრთობა?
როდესაც დადგა ამ ღვაწლმოსილი ადამიანის გარდაცვალების ჟამი, მან ძმებთან დამშვიდობებისას აღმოთქვა:
- ღმერთისა და თქვენი მადლობელი ვარ, მამებო, რადგან თქვენი გამოცდის წყალობით ეშმაკებმა აღარ გამომცადეს და ხსნას ვეწიე.
- აი, რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტად მშვიდი და მორჩილი. ეს იგივეა, რაც მადლით ბოროტების დამარცხება. მოციქული ამბობს: ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (რომ. 12, 21), ე.ი. უნდა აღმოფხვრა მრისხანება შენს გულში, შეუნდო შეურაცხყოფა და წყენა ადამიანებს, ეძებო მშვიდობის დამყარების გზა შეურაცხმყოფელებთან.
სამწუხაროდ, ჩვენ გვაკლია, ძმანო, ქრისტიანისათვის აუცილებელი ეს თვისებები. სინამდვილეში, რას ვხედავთ ჩვენს ირგვლივ? ოჯახებში გვაქვს არეულობა, ურთიერთმტრობა და უთანხმოება. ყველგან ვხედავთ უფროსების მიმართ უპატივცემულობას, ოჯახების დანგრევას, ირგვლივ შურია გაბატონებული და სურვილი მოყვასის დაბრკოლებისა. და რის გამო, ან რისთვის? იმიტომ, რომ ჩვენში აჩრდილიც კი არ არის იმ სიმშვიდისა და მორჩილებისა, საითკენაც უფალი მოგვიწოდებს. ჩვენს ხანძარზე წყალს კი არა, ზეთს ვასხამთ, იარას კი არ ვკურნავთ, ვზრდით და ვაღიზიანებთ, ბოროტს კი არ ვამარცხებთ, თავად ვმარცხდებით მის მიერ. არა, ძმებო, თუ გსურთ, დიდი ხნით მოიპოვოთ სულიერი მშვიდობა დედამიწაზე, მაშინ ნუ დაივიწყებთ, რომ მორჩილების გარეშე თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნება, ბოროტებას ბოროტებით ვერასოდეს შეაჩერებთ, მას ვერც თქვენ და ვერც სხვა ვერ აღმოფხვრის, მისი სეჩერება მხოლოდ სიმშვიდით, სიმდაბლით და მოთმინებით შეიძლება. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი 2.
www.xareba.net - ის რედაქცია