სატანა, ნაბუქოდონოსორის მსგავსად, მსახურებს აგზავნის, რათა ათაყვანოს კაცობრიობა "ოქროს კერპს" _ უფრო სწორად მოჩვენებითი მიწიერი ფუფუნებით გამშვენებულ უხეშ, ტლანქ სხეულს. და აი, მთელ დედამიწაზე ხალხი მორჩილად ეთაყვანება გაკერპებულ ხორციელებას და სხვადასხვა საკრავის ხმას რომ გაიგებს, პირქვე ემხობა მის წინაშე. ხოლო უდრეკთა და ურჩთათვის ბოროტმა ბრძანა `შვიდმაგად და უფრო მეტად~ გაეხურებინათ ვნებების ცეცხლოვანი ღუმელი, შეშად ეხმარათ მზაკვრული მომხიბლაობის მქონე `თანამედროვე კულტურა~, რათა გაეღვივებინათ ადამიანთა ყველა გულისთქმა. ასე რომ, ბოლო ჟამის ქრისტიანები, რომლებმაც პატიოსნად დაიმარხეს ქალწულება, ჭეშმარიტად მიემსგავსნენ იმ სამ ყრმას, უვნებლად რომ დარჩნენ ბაბილონის სახმილში. მაგრამ მათაც მხოლოდ ღვთის საფარველის მადლიანი კალთა დაიცავს ამ ყოვლისდამწველი ალისაგან...
იოანე კიბისაღმწერელი წერდა: `ესეცა უწყოდეთ საყვარელნო, ვითარმედ ესეცა მრავლითა ზრუნვითა და წყალობითა ჩვენითა განაგო ღმერთმან, რომელ დასდვა დედათა ზედა ზარი და სირცხვილი და მიფარვა, და ვითარცა აღვირითა აღვირახსნა მათ ამით, რამეთუ უკუეთუმცა აქვნდა მათ კადნიერება მძლავრებით მისვლად მამათა მიმართ, არამცა განერე მათ ყოველი ხორციელი~ (ე.ი. ქალს ღვთისგან მიმადლებული სირცხვილის განცდა რომ არ ჰქონდეს და თვითონვე მირბოდეს კაცთან, ხორციელი ვეღარავინ გადარჩებოდა _ მთარგმნელისაგან).
ო, წმიდაო იოანე! ჩვენ უბედურნი უკვე მოვესწარით ავბედით დღეებს, როცა მრავალი ქალი გაცოფებული ცხენივით გლეჯს სირცხვილის აღვირს და სიძვის ეშმაკით შეპყრობილი პატიოსან ზნეობას თელავს. ისინი, თითქმის, შიშველნი დაშლიგინებენ ხალხმრავალ ქუჩებში, სოფლების მტვრიან შარაგზებზე და ურცხვად იწვევენ დუჟმორეული კაცებისა და ცოდვის ჟინით შეპყრობილი მოზარდების ვნებიან მზერას. ყმაწვილი ქალები და უკვე ხანდაზმული ქალბატონებიც კი, საკმაოდ გამომწვევად ჩაცმულები, არათუ წითლდებიან ხალხის კადნიერი მზერის გამო, არამედ ყველანაირად ცდილობენ უფრო მეტი ყურადღება დაიმსახურონ და უფრო ხშირად მაშინ წითლდებიან, როცა ამას ვერ ახერხებენ...
დღესდღეობით საკმაოდ მრავალნი შეგნებულად თუ შეუგნებლად თანამონაწილენი გამხდარან ამ ახლი `ბაბილონის სახმილის~ განხურვებისა! მაგრამ, განაღა არ ვიცით, რა ელის მოყვასის დამაბრკოლებელს? ნუთუ დაგვიწყებია უფლის სიტყვები: `რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაი ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა, გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქვილის ქვაი ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა~? (მარკ. 9. 42). აგრეთვე:L `ვაი სოფლისა ამის საცდურთა მათგან, რამეთუ უნებლიედცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური~ (მათ. 18.7).
ვაი შენდა, დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები! თავს ნუ იტყუებ: როცა თითქმის შიშველი დადიხარ ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ სამოსს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ გამოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა, შენ ხარ საცთური, რადგან ცდილობ, კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამისთვის, ვაი შენდა!
ამ შემთხვევაში, შესაძლოა სხვისი განგებ ცდუნება არ განგიზრახავს, მაგრამ ეს დანაშაულს არ გიმსუბუქებს. შეფარული, თითქმის გაუცნობიერებელი ბილწი გულისთქმაც კი შხამია, რომელიც წამლავს ჩვენს გულებს, ხოლო საქციელში გამჟღავნებული ეს სიძვის ვნება მოყვასისთვის ცდუნების საბაბი ხდება. ადამიანის სულის მოშხამვა მცირე ცოდვა როდია. უფალი ამბობს: `ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა~ (მათ. 5.28). ე.ი. შეიძლება ითქვას: შენ დედაკაცო, ეროტიკულად მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყობილი გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულემ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბლავი გარეგნობით უამრავი მზერა დაატკბე. მაშ იცოდე, დღეს შენ მრავალთან იმრუშე! და ვაი შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს!
საკუთარ სახლში, ნათესავების წინაშეც კი არ შეშვენის ქრისტიანს იაროს ნახევრადშიშველმა, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმლით, ქვედა საცვლებითა და სხვა ამის მაგვარად ჩაცმულმა. ძველი აღთქმა სასტიკად კრძალავდა მოყვასის სიშიშვლის ხილვას: `სარცხვენელი დისა შენისაი არა გამოაცხადო~, _ და სხვა ნათესავების მიმართაც გვხვდება ამგვარი აკრძალვები ლევიტელთა წიგნში (ლევ. 18. 6-17).
ამბობენ: ცხელა! დახუთულობაა! რა გაეწყობა, შეიძლება თავისუფალი, მსუბუქი ტანსაცმლის შეკერვა. ის გამოყვანილ, მჭიდრო სამოსზე გაცილებით გრილი იქნება. თანაც ჩვენი კანი დაცული იქნება მზის მავნე გამოსხივებისგან (ექიმთა დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ზაფხულის შვებულებების შემდეგ, როცა ათასობით ადამიანი გაშიშვლებული დადის მავნე სხივების ქვეშ, ონკოლოგიურ დაავადებათა პროცენტი მკვეთად იზრდება). ამასთანავე, ზაფხულში ასი და ორასი წლის წინათაც ცხელოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები სახლში `შორტებით~ ან საცურაო კოსტუმით სიარულს ვერასოდეს გაბედავდნენ, ქუჩაში გასვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
წმიდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით მკაცრად ამხელდა ქალწულებს, რომლებსაც `ქარაფშუტული~ დამოკიდებულება ჰქონდათ საკუთარი გარეგნული იერის მიმართ და მათ ამგვარ თვისებას უმძიმეს ცოდვად მიიჩნევდა: `ნურავინ გამამტყუნებს, _ ამბობდა მღვდელმთავარი, _ უკმეხი სიტყვებისთვის, ამ ცოდვას უმძიმესი რომ ვუწოდე. როცა იხილავ, როგორ ნებივრობს ქალი სამოსში და მედიდურად როგორ დააბიჯებს ამაყი ბიჯით, როცა მისი ხმა, თვალი, სამოსი მის მაყურებელს მომაკვდინებელ სასმისს უმზადებს, რომ გამვლელს ორმოს უთხრის დ მახეს უგებს, როგორ უწოდებ შენ იმას ქალწულს და არა მეძავს? სინამდვილეში ეს უკანასკნელნი იმდენად აცდუნებენ, როგორც პირველნი, ფართოდ რომ გაუშლიათ სიამეთა ფრთები ყოველმხრივ~.
განა ოდენ `ცრურწმენა~ აიძულებდა მანდილოსანს ყოველი კულტურული ერის გარემოში საუკუნეთა მანძილზე სხეული განიერი და გრძელი ტანსაცმლით შეემოსა, გათხოვილ ქალს კი უცხო მამაკაცთა მზერისგან თმაც დაემალა? მხოლოდ ყველაზე ბნელი ერები, ძირითადად ქამის შთამომავალნი, არ იცნობდნენ ამ ადათ-ჩვევებს (რატომღაც სწორედ ქამის ძეთა უტიფარი კულტურა გაბატონდა XX საუკუნის მსოფლიოში. თანამედროვე მუსიკა, ცეკვა, ჩაცმულობა, ცხოვრების სტილი და სწორედ ეს `სექს-კულტურა~ განა ქამის პირდაპირ შთამომავალთა _ წარმართთა აფრიკული ტომებისაგან არ წამოვიდა?).
არა, `დაკომპლექსებულობით~ არ აიხსნება მამა-პაპათა თაყვანისცემა ქალის მოკრძალების, მორიდებისა და კდემამოსილებისადმი. უკულტურობისა და `გაუნათლებლობისაგან~ როდი წითლდებოდა ადამიანი, როდესაც ვინმეს მის სიწმინდეში, ქალწულებაში ეჭვი შეჰქონდა. `ზნეობრივი სიველურე~ არ აიძულებდა ადამიანს ხორციელი სილამაზით აღძრული ვნება გულში ჩაეკლა და ავხორცი გულისთქმანი მკაცრად ჩაეხშო. არა, აქ სხვა რამ არის საცნაური: დაცემული კაცობრიობა ხორციელი ტკბობისაკენ ადვილად მიიდრიკება და გრძნობათა ალით მსწრაფლ აღიგზნება. ხშირად ლამაზი, შიშველი სხეულისკენ ერთი გახედვაც საკმარისია, რომ ჩვენი გული უმალ დატყვევდეს. ავხორცობა სულს იპყრობს, გონებას ათრობს, ნებისყოფას ადუნებს და ჩვენც მაშინვე გვწყურდება ცოდვა. უკვე გათავისება ამ სურვილისა და თანხმობა მასზე, არის საწყისი დაცემისა; ეს გამცემლობაა, ღვთის სიყვარულის ღალატია. და საბრალო ესავის მსგავსად `ოსპის შეჭამადის~ ფასად ასე იოლად ჰყიდის პირმშოობას ჩვენი სული. რა მძიმედ დაეცა წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი, როგორ დაუბნელდა გონება ამ ღვთივსულიერ კაცს, როცა შემთხვევით თავისი სასახლის სახურავიდან მობანავე ლამაზმანის გაშიშვლებულ ტანს შეავლო თვალი (2 მეფ.11).
`არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა~ _ გვამცნობს საღმრთო სჯულის მეათე მცნება (გამოსვლ. 20. 17). მაგრამ თავად ქმრები იძლევიან ამ მცნების დარღვევის საბაბს, როცა საკუთარ ცოლებს თითქმის შიშვლებს დაატარებენ ქუჩებში! როგორც წესი, კაცს ერთობ უნდა აღაშფოთებდეს, თუ მისი ცოლი სხვა მამაკაცებს `ეკეკლუცება~ და, მით უმეტეს, თუ ის სხეულის შიშველ ნაწილებს არ მალავს მათთან . მაგრამ, ვაი რომ, ყველაფერი თავდაყირა დამდგარა დღეს! დღევანდელ კაცებს სირცხვილი, რიდი და ღირსება დავიწყებიათ, ქალაქის ქუჩებში ლამის საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი დაჰყავთ ცოლები და ნებას რთავენ, უცხოთა მზერამ ავხორცულად შეაფასოს მათი `ქალური მომხიბვლელობა~. გსურდეს, ქუჩაში კაცები ფიქრით მრუშობდნენ შენს მეუღლესთან, ეს ხომ სუტენიორობას ჰგავს?! როგორც ჩანს, ჩვენი მამათმამანი დღევანდელ თაობაზე გაცილებით უკეთ ერკვეოდნენ ადამიანთა ფსიქიკაში, უფრო ფაქიზად არჩევდნენ ცოდვას დასაშვებისაგან, უმანკოს _ მანკიერებისაგან, უპატიოსნოს _ ღირსეულისაგან. ჩვენს გაველურებულ და უხეშ დროში მხოლოდ საქმით ჩადენილი ცოდვა ითვლება ცოდვად და ბოროტებად; და თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მძიმე შედეგი მოსდევს. ყველაზე მძიმე ზნეობრივ დანაშაულთა და სასიკვდილო (საღმრთო გამოცხადების სწავლების თანახმად) ცოდვათა უმეტესობა `უწყინარ ცელქობად~ ითვლება. `ღირსებასა~ და `უმანკოებაზე~ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მათგან მხოლოდ სახელწოდებაღა დარჩა.
მრავალნი ალბათ მოციქულის სიტყვებით გვიპასუხებენ: `კაცად-კაცადი განიცდების თვისისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების~ (იაკ.1. 14).
დიახ, სწორედ ასე, მაგრამ საბაბის მიმცემი აცთუნებს კაცს, ცოდვას პროვოცირებს და ამით სულიერი სიკვდილის ღვარძლს თესავს. `გულის თქმაი იგი მიუდგის და შვის ცოდვაი და ცოდვაი იგი სრულ იქმნის და შვის სიკვდილი~ (იაკ. 1.15). იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცდუნების ქარ-ცეცხლში მყოფი მედგრად დაუდგება მაცდურს, თავს აარიდებს მას, სურვილს დათრგუნავს, გულს ავხორცობას აუკრძალავს და ამგვარი განსაცდელებით სათნოებათა რიცხვს განამრავლებს (ვითარცა თქმულა: `ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყვარეთა მისთა~ (იაკ. 1. 12)), ამ, შემთხვევაშიც კი, ის, ვინც ცდუნების მიზეზი გახდა, იარაღია უძველესი მაცთურის _ სატანის ხელში.
საკუთარი სხეულის გაშიშვლებითა და აღვირახსნილი საქციელით კაცი ღმრთის ნებას ეწინააღმდეგება და პროტესტს აცხადებს ადამიანის მოდგმისთვის კანონიერად მისჯილი ეპიტემიის მიმართ (გავიხსენოთ `ტყავის სამოსელი, რომელიც ღმერთმა თვითონ მისცა ადამს და ევას), არ აღიარებს დანაშაულს, უარს ამბობს საკუთარი დაცემისა და გარყვნილების დანახვაზე და უარყოფს სიმდაბლეს. სხეულის ყოველგვარი გულმოდგინე მართვა, ბრბოს ყურადღების მიქცევის სურვილი, მისი იძულება, დატკბეს შენი `მომხიბვლელობით~ _ სულიერი თვალსაზრისით უსჯულოება და სხვა ცდუნებაა, რაც საძულველია ღვთისთვის, ვინაიდან სინანულის კანონს ეწინააღმდეგება. ჯერ კიდევ მოციქულები ბრძანებდნენ: `ეგრეთვე დედათა წესიერებისა სამკაულითა მორცხუედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროითა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაითა, არამედ რომელი-იგი ჰშვენის დედათა, რომელთა აღუეთქუეს ღმრთის მსახურებაი საქმეთა მიერ კეთილთა~ (1. ტიმ. 2. 9-10). `რომელი იყავნ არა გარეშითა მით განზრახვითა თმათაითა და შესხმითა ოქროსითა, გინა შემოსლითა სამოსლისაითა, შემკობაი, არამედ დაფარული იგი გულის კაცი, უხრწნელითა მით მშვიდისა მის და მყუდროისა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან~ (1. პეტრ. 3. 3-4).
ჯერ კიდევ ტერტულიანე ამბობდა, რომ `ქრისტიანისათვის საკმარისი არ არის, იყოს უბიწო, იგი უნდა გამოიყურებოდეს კიდეც უბიწოდ~. `ქრისტიანი ქალი იმდენად წმიდა და უბრალო უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი მისი გულიდან გარეგნობასა და სამოსზეც უნდა გადმოდიოდეს~. კლიმენტი ალექსანდრიელის რჩევით, ადამიანი უპირველესად სულიერ სილამაზეზე უნდა ზრუნავდეს, რაც არის: სამართლიანობა, განსჯის უნარი, სიმამაცე, უბიწოება, სიკეთისა და თავმდაბლობის სიყვარული. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას ზრუნვა ხორციელ სილამაზეზე, რაც სხეულის მორთვას კი არა, ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს.
სასარგებლოა, შევნიშნოთ ერთიც: როცა წმინდანებს ღვთის ანგელოზნი მშვენიერ ჭაბუკთა სახით ევლინებოდნენ, მათ არ ამკობდათ ჩინებული სამკაულები, მხოლოდ გრძელი და სპეტაკი სამოსით იყვნენ მოსილნი, ხოლო ეშმაკნი, როგორც წესი, ან ურცხვი სიშიშვლით ეცხადებოდნენ ადამიანს (მათ ხატწერაში სწორედ ასე გამოსახავენ), ან ბოშებივით მოკაზმულები.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
ბროშ. "ბაბილონის სახმილში"