სიტყვა ლიმონარიდან ბერ ივლიანეს შესახებ, ვინც ანგელოზმა სიძვის ცოდვისაგან იხსნა
რატომა ვართ, ძმანო ასე ძალიან მიდრეკილნი ცოდვებისაკენ? ეს იმიტომ, რომ მათ შედეგებს არ ვუფიქრდებით. ჩვენთვის მთავარია, ცოდვის ხანმოკლე სიტკბოება ვიგემოთ, და იმას იქით სხვა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობთ. „ეჰ, არაუშავს, ყველაფერი ჩაივლის, ღმერთი ყველაფერს გვაპატიებს," - ვამბობთ და, როგორც უგუნური თევზი სატყუარისაკენ, ჩვენც ისე მივისწრაფით ცოდვისაკენ და პირდაპირ ხახაში ვუვარდებით ეშმაკს. ეს ძალზე ცუდია. ცოდვას რომ გავექცეთ, საჭიროა იმაზე დაფიქრება, თუ რა შეგედი მოჰყვება ამ ცოდვის ჩადენას და როგორც ცეცხლს, ისე უნდა ვერიდოთ. ბერი ივლიანე თავის თავზე გვიყვება: „ერთხელ იორდანეს სახლობლად ჩემს გამოქვაბულში ვიჯექი. საშინელი ხვატი იდგა. უცებ ვიღაცამ კარზე დამიკაკუნა. გარეთ გამოსულმა დავინახე, რომ ქალი იყო და ვკითხე:
- აქ რისთვის მოსულხარ?
- მე აქ ახლოს, პატარა გამოქვაბულში ვცხოვრობ. გზა დამებნა. გთხოვ, სამხრეთის მხარე მაჩვენო და წყალიც დამალევინო, თორემ წყურვილით ვკვდები.
წყალი მივუტანე, ქალმა დალია და წავიდა. როგორც კი განმეშორა, მე საშინელი, ცოდვილი ლტოლვა ვიგრძენი, კვერთხი ავიღე და გავედევნე, რომ მასთან შემეცოდა. მაგრამ აქ უფალმა გონს მომიყვანა. როდესაც ვნებით ანთებული მივეშურებოდი, უცებ აღტაცება ვიგრძენი და ვიხილე ჩემს წინ გაპობილი მიწა და შიგ ჩაყრილი უამრავი გახრწნილი გვამი. უცებ სამღვდელო შესამოსელში გამოწყობილი ერთი ჯაცი გამოჩნდა. მან მკვდრებზე მიმითითა და თან მითხრა:
- აი, ეს ქალის გვამია, ეს კი - მამაკაცის. მაშ, წადი და შესცოდე! ესენიც შენნაირი ადამიანები იყვნენ, საკუთარ ვნებებს ემონებოდნენ და ცოდვილებად დაიხოცნენ, მათი ძვლები ჯოჯოხეთმა მიმოფანტა, სულები კი გეენიის ცეცხლში იტანჯებიან. აი, ასეთი სიამოვნებისათვის გინდა, რომ შენი ღვაწლი წყალში ჩაყარო, ზეცის სასუფეველი დაჰკარგო და სამუდამოდ დაიტანჯო? ო, ადამიანის უგუნურებავ, ერთი საათის გულისათვის სამუდამო მადლს ჰკარგავ!
საშინელმა სიმყრალემ მიწაზე დამცა. მან წამომაყენა და ხორცთა ბრძოლაც დამიცხრა. უკან დავბრუნდი და თან უფალს ვადიდებდი, რომელმაც ცოდვისაგან და იმ საშინელი ტანჯვისაგან დამიხსნა, რომელიც ვიხილე და რომელიც მრუშთათვის არის გამზადებული."
ახლა კი გავარკვიოთ, ძმანო, რის გამო იღუპებოდა ბერი? თავისი განუსჯელობის გამო. ცოდვამ მოიხმო, მანაც მაშინვე სტაცა ხელი თავის კვერთხს და გარბოდა, ისე, რომ სულ არ ჩაფიქრებულა, თუ რა ელოდა ამ ცოდვის წილ. რომ დაფიქრებულიყო, რის ჩადენასაც აპირებს, სასიკვდილო ცოდვაა და ამ ცოდვის გამო სიკვდილი, სასმჯავრო და ეშმაკებისაგან მარადიული ტანჯვა ელის, ამაზე რომ დაფიქრებულიყო და უფლის წინაშე შეწევნის სათხოვნელად მხურვალე ლოცვით დამხობილიყო, მაშინ დაღუპვისაგან აღარ გაეშურებოდა თავისი ფეხით. აი, ასე გვაბრმავებენ ვნებები!
ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ და როგორც მომაკვდინებელ წყლულებს, ისე გავექცეთ ცოდვებს. წარმოვიდგინოთ უფლის საშინელი სამსჯავრო, რომელზეც ჩვენი ცოდვები უფლის გარდა ურიცხვ ანგელოზთა და კაცთა წინაშეც გამოაშკარავდება, რომ მოუსყიდველი მსაჯული გვეყოლება და ყველას საკადრისს მიაგებს. ნუ დავივიწყებთ ამ ხილვებს ცდუნებისას და შესაძლოა, მათ წინაშე ცოდვა თავისით გაგვეცალოს. ღმერთმა ჰქნას, რომ ასეც მოხდეს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.