წმ. ანტიოქეს სიტყვა უფლის მოწოდების შესახებ
ჩვენ უფალთან ურთიერთობას უნდა ვესწრაფოდეთ, რადგანაც ამისაკენ თვით უფალი მოგვიწოდებს. „ჩემს ხმას თუ ისმენთ," - გვეუბნება იგი, - „იქნებით ჩემი რჩეულები, სამეუფო სამღვდელო, ერი წმინდა; იყავით წმინდანი, რამეთუ მეც წმინდა ვარ, უფალი ღმერთი თქვენი. გამოგარჩიეთ, როგორც უკეთესნი სხვა ხალხთა შორის." სიბრძნე გვეუბნება: მომიდექით მე, ვისთვისაც სასურველი ვარ, ჩემი სიტკბო იგემეთ, რადგანაც თაფლზე უტკბესი ვარ. ვინც ჩემით საზრდოობს, მას აღარ მოშივდება, და ვინც ჩემსას შეისმენს, ის აღარ გაწბილდება. და კიდევ: მოდით და იგემეთ ჩემი პური და სვით ღვინო, რომელიც თქვენთვის გავამზადე, დასთმეთ უგუნურება და იცოცხლებთ, და სიბრძნე ეძიეთ. დავითიც მოგვიწოდებს: „მიდით მასთან და განათლდით, და აღარასოდეს იქნებით სირცხვილეული. მოციქულიც ამას ღაღადებს: ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა - იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე (კოლ. 3, 1). კაცთმოყვარე უფალი კი მოგვიწოდებს სიტყვებით: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს (მათ. 11, 28-30).
ამგვარად, ჩვენ უფალთან კავშირი უნდა ვეძიოთ, რამეთუ ამისაკენ თავად უფალი მოგვიწოდებს. მაგრამ რა სარგებლობა აქვს ჩვენთვის ამ კავშირს?
ღირსი სერაფიმე საროველი ამბობს: „ერთხელ უფალს ვევედ-რებოდი, რომ თავისი ზეციური სავანეები ეჩვენებინა და უფალმა არ მომაკლო თავის წყალობა. მან ჩემი თხოვნა შეისმინა და მე ენითგამოუთქმელი აღტაცებით ვიხილე ეს სავანეები, მხოლოდ არ ვუწყი, სხეულით ვიყავ იქ თუ მის გარეშე. უფალმა უწყის, ეს შეუცნობია. ენით არ ითქმის ის სიხარული და სიტკბოება, რომელიც იქ ვიგემე." ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ღირსმა სერაფიმემ ღრმად ამოიოხრა და ასე უთხრა თავის მოწაფეს:
- შენ რომ იცოდე, მართალი კაცის სულს ზეცაში რაოდენი სიხა-რული და სიტკბოება ელის, მზად იქნებოდი, ამქვეყნად ყოველგვარი მწუხარება, დევნა და ცილისწამება მადლიერებით დაგეთმინა... იქ არ არსებობს არც ავადობა, არც მწუხარება, არცა სულთქმა. იქ ენითუთქმელი აღმაფრენა და ნეტარებაა, იქ მართალთ მზისდარი ნათელი ადგათ. მაგრამ ესოდენი ზეციური დიდება თვით მოციქულმა პავლემაც ვერ აღწერა და აბა, სხვა რომელი ადამიანის ენას ძალუძს, გამოთქვას დიდება და მშვენება ზესთა სოფლისა, რომელშიც მართალთა სულები მკვიდრობენ?
ამგვარად, ძმანო, უფალთან ურთიერთობას ჩვენთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს, რამეთუ ადამიანისათვის ამ ბედნიერებაზე უპირატესი აღარ არსებობს. ჩვენც მთელი ენი სულიერი ძალებით ვეძიოთ ეს კავშირი და უფლისკენ ვისწრაფოთ. გვახსოვდეს, რომ (ფილიპ. 3. 20). ამ აზრით ვიცხოვროთ, მიწაზე სხეულითა და იმავდროულად, სულით ზეცაში. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.