ბერ მაკარის შესახებ
როდესაც იმ საშუალებებზე გესაუბრებოდით, რომელიც ეშმაკთან საბრძოლველად - მის სამხილებლად და გასაძევებლად მოგვეცა, ჩვენ ლოცვაზე, მორჩილებაზე, ფსალმუნის კითხვაზე, შრომისმოყვარეობასა და წმ. მთავარანგელოზ მიქაელისადმი მიმართულ ლოცვაზე მიგითითებდით. ამჯერად გვინდა კიდევ რამოდენიმე მათგანის, კერძოდ მარხვის, სახარების კითხვისა და შესწავლისა და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლის შესახებ გესაუბროთ.
ერთხელ, გზისპირას ჩამომჯდარმა ღირსმა მაკარიმ ადამიანში განსხეულებული ეშმაკი იხილა, რომელიც, მრავალი სხვადასხვა ჭურჭლით დატვირთული, მახლობლად მდებარე მონასტრისაკენ მიეშურებოდა. წმინდანმა ის ლოცვით შეაჩერა და ჰკითხა:
- საით გაგიწევია?
- მონასტრის საძმოს მოსანახულებლად მივდივარ, - იყო პასუხი.
- ეს ჭურჭლეულობა რაღად გინდა? - კვლავ ჩაეკითხა ბერი.
- ეს იმისათვის, რომ თუ ერთი არ მოეწონებათ, მეორით ვუმასპინძლებ, თუ ერთ ბოროტ რჩევას ან შეგონებას არ მიიღებენ, მეორეს შევთავაზებ და ამგვარად, რომელიმეს მაინც მიიღებენ, - უპასუხა ეშმამ და გზა განაგრძო. ღირსი მაკარი კი მის დაბრუნებას დაელოდა. როდესაც ის ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა, ბერმა ჰკითხა:
- აბა, როგორაა საქმე?
- ვერაა კარგად - მიუგო ეშმაკმა - არცერთმა ბერმა არ გამიკარა, ერთის გარდა. მხოლოდ ის მიჯერებს ცოტ - ცოტას.
- რა ჰქვია?
- თეოპემპტი, - უთხრა ეშმაკმა და გაქრა. მაკარი კი მონასტრისაკენ გაეშურა. მისი მოახლოება რომ შეიტყვეს, ბერები რტოებით ხელში გამოეგებნენ და ერთმანეთს არ აცლიდნენ მის შეპატიჟებას. მაკარიმ კი გაიგო, რომელი იყო მათგან თეოპემპტი და მასთან შევიდა. ისიც დიდი სიხარულით შეეგება. ბერებმა საუბარი გააბეს.
- აბა, როგორ ცხოვრობ? - ჰკითხა მასპინძელს ღირსმა მაკარიმ.
- გმადლობ, არა მიშავს, შენი ლოცვა - კურთხევით, - მიუგო მან.
ბოროტი გულისთქმანი ხომ არ გაშფოთებენ? - განაგრძობდა გამოკითხვას ბერი. მასპინძელს შერცხვა, ეღიარებინა და უარჰყო.
- რა ბედნიერი ხარ! - შესძახა მაკარიმ, - უკვე რამდენი წელია, ვმარხულობ, შენც შენი თვალით ხედავ, თუ როგორ პატივს მომაგებენ, და მაინც, ბილწი გულისთქმანი დღემდე მოსვენებას არ მაძლევენ.
ამის გაგონებაზე თეოპემპტიც გამოტყდა:
- მეც, მამაო, მეტად დამჯაბნა მრუშობის სულმა!
მაშინ მაკარი შეეცადა, ის სხვა ავ გულისთქმებშიც გამოეტეხა, რომლებიც მას მოსვენებას არ აძლევდნენ, და თეოპემპტმაც ბევრი მათგანი აღიარა.
- რომელ საათამდე მარხულობ? - ჰკითხა ბოლოს მაკარიმ.
- დღის სამ საათამდე, - უპასუხა ბერმა.
- ეცადე, მარხვა საღამომდე შეინახო, იკითხე და შეისწავლე სახარება და წმინდა მამათა სწავლებანი, თუ ბოროტი აზრი შეგაწუხებს, მთელი შენი ძალისხმევით შეეცადე, განაგდო, და უფალი შეგეწევა მტრის დამარცხებაში.
თეოპემპტიმ აღუქვა, რომ მის რჩევებს შეასრულებდა, და მაკარიმაც დასტოვა იგი.
დიდი ხანი არ გასულა ამის შემდეგ და მას ისევ შემოხვდა ეშმაკი. მის კითხვაზე „საით მიდიხარო?" მიუგო:
- მონასტრის საძმოს მოსანახულებლად.
მაკარი ისევ დაელოდა ეშმაკის დაბრუნებას და წინანდებურად ჰკითხა:
- აბა, როგორ მიდის შენი საქმეები?
- ძალიან ცუდად, - უპასუხა ეშმაკმა, - ახლა უკვე არცერთმა ბერმა აღარ მიმიღო, თეოპემპტიმაც კი ზურგი შემაქცია. ვერ გავიგე, ასე რამ წაახდინა, ამჯერად ყველაზე უარესი ეგ იყო.
ამ სიტყვებით ეშმაკი გაუჩინარდა, ღირსმა მაკარიმ კი უფალი ადიდა და თავის სენაკს დაუბრუნდა.
აქედან ჩანს, თუ რარიგ აუტანელია ეშმაკისათვის მარხვა, უფლის სიტყვა და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლა. ჩვენც, მასთან ბრძოლისას ამ საშუალებებით უნდა აღვიჭურვოთ და ჩვენს საერთო მტერს მით დავუპირისპიროთ. ის ჩვენს დაღუპვას ყველანაირად ცდილობს და ჩვენც, ჩვენი მხრივ, მის დასამარცხებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. მან შეურიგებელი ბრძოლა გამოგვიცხადა და ჩვენც უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა. ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა (1 პეტრ. 5, 8), და ჩვენც აღვსდგეთ მის წინააღმდეგ, უფლისაგან ბოძებული ყველა იარაღით აღჭურვილნი! ამინ.
„სვინაქსარი". ტომი 1.
Xareba.net - ის რედაქცია