მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ცილისწამება

ცილისწამება


1-12-2013, 00:04
ცილისწამება   წმ. გრიგოლ ნოსელმა თავისი ეპოქის ქრისტიანებში ერთი ასეთი სენი შენიშნა: მზაობა მოისმინონ ცილისწამება მოყვასზე. ანუ, ესაა მდგომარეობა, როდესაც გვესმის რაიმე ცრუბრალდება მოყვასზე და მშვიდად ვუსმენთ. ჩვენს დროში ბევრად უფრო მძიმე ვითარებაა ამ თვალსაზრისით. ახლა არა თუ ისმენენ ცილისწამებას, არამედ თავად გამალებულად სწამებენ ცილს მოყვასს. ღირსი იოანე სინელი (კლემაქსი) ამ ვნების შესახებ ამბობს: „როდესაც გავიგონე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავსიტყვაობდნენ, მე მათ ეს ავუკრძალე. ისინი კი თავის მართლებით მპასუხობდნენ, რომ ამას მოყვასის სიყვარულითა და მასზე მზრუნველობით აკეთებდნენ; მაგრამ მე მათ ვუთხარი: „დაუტევეთ ამგვარი სიყვარული, რათა ტყუილი არ გამოდგეს ნათქვამი - „რომელი იტყვიან იდუმალ მოყუსისა თვისისა ძვირსა, ესე წარვსდევნი" (ფსალ. 100. 5). თუ შენ მოყვასი, როგორც ამბობ, ჭეშმარიტად გიყვარს, მაშინ არ დასცინო მას, არამედ ჩუმად ილოცე მისთვის, რადგან სწორედ ამ სახის სიყვარულია ღმერთისათვის სათნო. შემცოდებელთა განკითხვას ყოველთვის მოერიდები, თუკი მუდამ გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა საკრებულოში იყო, ხოლო ყაჩაღი - მკვლელთა რიცხვში, მაგრამ მყისიერად მოხდა მათში საოცარი გარდაქმნა".1

   ასეთივე სულისკვეთებით გვმოძღვრავს წმ. იოანე ოქროპირიც: „ნურასდროს მიიღებ შენს გულში ცილისწამებასა შენი ძმის მიმართ. არამედ გააჩერე განმკითხევლი და უთხარი: „დამეხსენ, ძმაო, თავად ყოველდღე უფრო მძიმედ ვცოდავ, როგორღა უნდა განვიკითხო სხვები?"2

   წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) კი გვაფრთხილებს: ხუმრობად (ანუ მცირე ცოდვად - ავტ.) არ მივიჩნიოთ ცილისწამება: „არა ცილი სწამო" (ლუკ. 18. 20. იხ. გამოც. 20. 16) - მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე, ძველსა და ახალ აღთქმაში; ხუმრობა არ არის - მისცე ცრუ ჩვენება უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. ხუმრობა არ არის, ქუდმოხდილი წარსდგე ჯვრისა და სახარების პირისპირ და წამოიძახო: ცოცხალ და ყოვლისშემძლე ღმერთს ვფიცავ, რომ ეს ჭეშმარიტებაა. დაე, ჩემი სიმართლისამებრ მომაგოს უფალმა! გასაკვირი არაა, რომ ღმერთი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა თავის ცრუმოწმეთ შოლტავს ვის ხელებსა და ვის ფეხებზე, სხვებს თვალებზე, ზოგიერთის კი ოჯახსა და ახლობლებს შოლტავს".3

   ამრიგად, ცილისწამება გვარღვევინებს მშვიდობას ღმერთთან და სულს ურწმუნოებით გვირყვნის; ის ანგრევს მოყვასთან ჩვენს ურთიერთსიყვარულს, საკუთარ გულს კი გვიქვავებს და გონებას ბოროტი აზრებით გვივსებს.

 
 

1ბრძოლა სიკვდილის საწერტელთან. თბ. 2013. გვ. 70.

2ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ. 2007. გვ. 512.

3იქვე. გვ. 512.

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ



უკან დაბრუნება