მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > შურიანობის ცოდვა
შურიანობის ცოდვა5-03-2014, 00:09 |
დემონს თავისი მსგავსი დემონისა არ შურს, არც - სხვა
ეშმაკისა; შენ კი, ადამიანო, გშურს ადამიანისა, შენივე თანატომელისა და თანამოძმის
წინააღმდეგ აღმდგარხარ, რასაც არ აკეთებს ეშმაკიც! რა შენდობა გექნება, ანდა - რა გამართლება!
* * * მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი - საკუთარ წარუმატებლობად.
* * * ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც - შურიანი - მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი?
* * * შურიანი საკუთარ თავს მეტად ვნებს, ვიდრე იმას, ვისიც შურს.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * ვინც შური მოიპოვა, მასთან ერთად მოიპოვა დემონიც.
წმიდა ისააკ ასური
* * * თუ ძაღლებს აჭმევენ, ისინი მორჩილნი ხდებიან; როდესაც ლომს უვლიან, თვინიერდება; შურიანები კი უფრო მეტად მძვინვარდებიან, როდესაც მათ სიკეთეს უკეთებენ.
* * * შური არის მწუხარება სხვის სიკეთეზე.
* * * შური უსამართლო ვნებაა, რადგან აღაშფოთებს ყველა კეთილის სიმშვიდეს, და სამართლიანიცაა, რადგან აშრობს მის საკვებს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * * ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგან არ იცი, როგორი იქნება მისი ბოლო.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 9-10
* * * ნუ წაართმევ შურით აღვსილი ვინმეს იმას, რაც მისთვის ღმერთს მიუცია და ნურაფერს მიითვისებ ამპარტავნებით, რამეთუ არავის ძალუძს რაიმეს მოპოვება, თუკი ღმერთი არ უბოძებს, რადგან ყოველი ძალაუფლება და პატივი ღვთისგანაა.
* * * შური ჩრჩილს ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს, რომელშიც დაიბადა. ასევე იგი ჭამს იმ გულს, რომელშიც იბადება.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
* * * როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს.
* * * როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური - სულს, რომელშიც იგი ცხოვრობს.
* * * შურიანი არაფრით განსხვავდება ადამიანისაგან, რომელიც არაფრით არაა დაფარული და რომელსაც ყველანი ისრებს სტყორცნიან.
წმიდა ბასილი დიდი
* * * როდესაც ხედავ სიმდიდრეს ანდა - დიდებას, ან - საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
წმიდა ნილოს სინელი
* * * სად უნდა იპოვოს კაცმან ადგილი ისეთი, რომ შურის მწერავს თვალსა განერეს? - ვერსადა, ვგონებ, თვინიერ საფლავისა, რადგან ყოველგან მიწვდების თვალი მეშურნისა ძმის ბედნიერების შავის ლაქის დამკვრელად. ან ვითარ შესძლოს კაცმან ცხოვრება, რომ შურსა განერეს?! - შეუძლებელია.
წმიდა ალექსი ბერი
* * * ყველა სნეულებას და მათ შორის შურსაც, თავისი წამალი აქვს, - წამალი შურისა ქრისტეს სიყვარულია. შურსა და სიძულვილს ქრისტიანული სიყვარული აუძლურებს.
* * * შური არის მწუხარება, რომელსაც კაცი მაშინ განიცდის, როდესაც მოყვასის სიკეთეს, წარმატებასა და ბედნიერებას ხედავს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება.
ნეტარი ავგუსტინე
* * * შური და სიძულვილი დახშვიან ზეცას, აბრმავებენ გონიერებას, აბნელებენ სულს, ამძიმებენ სინდისს და ამწუხრებენ ღმერთს ადამიანის გამო და განახარებენ ეშმაკთ.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
* * * შური სიხენეშისა ეშმაკთა თანა ქვესკნელად ჯოჯოხეთისად შთაიყვანებს, ვითარ იგი სიცრუისა მღვდელნი შთახადნა ქვესკნელთა შინა ჯოჯოხეთისათა.
წმიდა ანტონ ჭყონდიდელი უკან დაბრუნება |