მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > დასუსტებული რწმენის ეპოქა - დავით ჯინჭარაძე
დასუსტებული რწმენის ეპოქა - დავით ჯინჭარაძე8-10-2024, 16:26 |
ეკლესიურ ადამიანთა შორის დომინირებს ლოგიკური მოსაზრება, რომ რაც უფრო დიდი ხანი დადიხარ ეკლესიაში, მით უფრო მტკიცდება შენი რწმენა. ზოგიერთ შემთხვევაში, ღვთის მადლით, მართლაც ხდება მსგავსი გამტკიცება. თუმცა, მთლიანი სურათი რომ დავინახოთ, ჩვენს დროებას ნამდვილად ვერ დავარქმევთ რწმენის გამტკიცების ეპოქას, თუ, რასაკვირველია, ადამიანი ხიბლში არ იმყოფება. ახალი ადამიანის რაციონალისტურ გონებაში რწმენამ სხვა ინტერპრეტაცია მიიღო, ის უფრო საკუთარ გონებაზე მიმნდობი გახდა. მართლმადიდებლური თვალთახედვით ამას რწმენის დასუსტება ეწოდება. წმინდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გვაფრთხილებდა: "თავისთავად ცხადია, რამდენადაც უპირატესობა ენიჭება საკუთარ მოსაზრებებს, რწმენა სუსტდება და თავის მნიშვნელობას კარგავს; ხოლო, სადაც მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების სჯერათ, იქ საერთოდ არ არის რწმენა, არამედ მხოლოდ საკუთარი ვარაუდებია რწმენის საკითხების შესახებ". ჩვენს დროს მაცხოვრის ეს კითხვა ზედმიწევნით გამოხატავს ბოლო დროის მორწმუნეთა სულისკვეთებას: „ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?" (ლუკ. 18:8). დიახ, რწმენის დასუსტებას ვაწყდებით ყველგან, მათ შორის სასულიერო პირებთან. მრევლში რწმენისადმი მიდგომა "ადამიანს მხოლოდ იმიტომ სწამს, რომ ღმერთმა ასე ბრძანა", თითქმის აღარ არსებობს. დღეს „პოპულარული ავტორიტეტების" ინტერპრეტაციების უფრო სჯერათ, ვიდრე წმინდა წერილის და წმინდა გადმოცემის. და ასეთი ხალხი თავის თავს კიდე მორწმუნეს უწოდებს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ რწმენის დასუსტების შეუმჩნევლობა ჩვენი დროის უდიდესი საცდურია! ამ დასუსტებულ რწმენაში და ურწმუნოებაში ვითარდება მოდერნისტული სულისკვეთება. ამიტომაც იზიდავს ასეთ ეკლესიურებს სეკულარული (საერო) ღონისძიებები და გართობა. ასეთ ადამიანს აღარ აინტერესებს წმინდა მამათა კითხვა, ამის უნარი და სურვილიც დაკარგულია. დასუსტებული რწმენის ადამიანში თავისი „გონიერება" დომინირებს. ის ლოგიკურად მსჯელობს, პაექრობს და გონია, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს. დასუსტებული რწმენის ადამიანი ეკლესიისთვის დიდი საცდურია. მას ავტორიტეტად მიიჩნევენ, ის კი რწმენაში დეგრადირებს და არაამსოფლიურის ნიღაბით, ამქვეყნიურს ქადაგებს. მისი ურწმუნოება გადამდებია, მისი ცხოვრების მაგალითი კი დამღუპველი. ამიტომ, ამ ურწმუნოების შემხედვარე, უმადლო ქრისტიანთა შემყურე - ადამიანები ტოვებენ ეკლესიას, რადგან გართობისთვის არ მოსულან აქ. ხოლო ის ვინც ეკლესიაში ჯერ კიდევ დადის, ზოგიერთ მათგანს ჭეშმარიტი გაეკლესიურება ესაჭიროება. დაბოლოს, ისევ წმინდა თეოფანე დაყუდებულის სიტყვას მოვიყვანთ, რომელიც დიდებულად განმარტავს ნამდვილ რწმენას: „სრული გაგებით, ნამდვილი რწმენა არის ის, როდესაც ადამიანს მხოლოდ იმიტომ სწამს, რომ ღმერთმა ასე ბრძანა, და როდესაც რწმუნისთვის, ის სხვას არაფერს ეძებს, გარდა იმისა, რომ გაიგოს, როგორ ბრძანა ღმერთმა და როგორც კი გაიგებს, რომ ღმერთმა ასე ბრძანა, ის სრული სიმშვიდით ენდობა მას და ყოველგვარ მერყეობას უკუაგდებს".
დავით ჯინჭარაძე www.xareba.net-ის რედაქცია
უკან დაბრუნება |