მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > კრეტის კრება და ჭეშმარიტი კრების ნიშან-თვისება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კრეტის კრება და ჭეშმარიტი კრების ნიშან-თვისება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


14-03-2024, 20:21

კრეტის კრება და ჭეშმარიტი კრების ნიშან-თვისება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   დაკვირვებული, მართლმორწმუნე ადამიანი იოლად ამჩნევს, რა მიზანს ემსახურება ეკლესიის სწავლებისა და ცნობიერების ჩანაცვლების მცდელობა, ეკლესიაზე ახალი ხედვის ჩამოყალიბება.

   წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის თანახმად, ეკლესია არის ქრისტეს სხეული, რომლის შემადგენელია ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი, განურჩევლად ერისა, კლასობრივი თუ იერარქიული მდგომარეობისა, რომელშიც სულიწმინდის მადლით ხორციელდება ადამიანის სულიერი ფერისცვალება, განღმრთობა. დღეს, თანამედროვე ცნობიერებაში ეს სოტერეოლოგიური (მაცხოვნებელი) ასპექტი დავიწყებას მიეცა. თანამედროვე ქრისტიანს თავს მოახვიეს იდეა, რომ ეპისკოპოსების შეკრებას (კრებას), მართებული თუ მცდარი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, უპირობო ავტორიტეტი გააჩნია. ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება ეკლესიის სწავლებას, რომლის ისტორიას ახსოვს მრავალი მიუღებელი კრება, „ავაზაკური" სტატუსი რომ მიენიჭა.

   ისმის კითხვა: რა არის ის კრიტერიუმი, რომლის თანახმადაც ეპისკოპოსთა კრებას ავტორიტეტი და უცდომელი სტატუსი ენიჭება?

   საინტერესო განმარტებას გამოჩენილი ბერძენი ღვთისმეტყველის, დეკანოზ გიორგის (მეტალინოსი) ნაშრომში ვპოულობთ. მამა გიორგი საკითხს ქრისტეს ორი ბუნების - ღვთაებრივისა და კაცობრიობის „შეურევნელად, უცვალებელად, განუყოფლად და განუშორებელად" არსებობის საფუძველზე განიხილავს. „ერთი ბუნება მეორეს არ ეწინააღმდეგება. ადამიანური ნება მოსდევს ღვთაებრივს, მაგრამ არ ეწინააღმდეგება, არამედ ემორჩილება მას - ღვთაებრივს. აქ საჭიროა დავინახოთ ქრისტეს ბუნებათა პრინციპული განსხვავება ჩვენი ბუნებისაგან. საიმისოდ, რომ ადამიანის ბუნება დაუბრუნდეს თავის კაცობრივ ლოგოსს (მაქსიმე აღმსარებელის ტერმინი), ადამიანური ნება და თავისუფლება უნდა გამდიდრდეს მეორე ბუნებით - სულიწმინდის ხელთუქმნელი ბუნებრივი ენერგიით, რაც მორწმუნეს ცხოვრებაში გარკვეული სულიერი ღვაწლის შემთხვევაში ენიჭება".1

   ამრიგად, განღმრთობის, იგივე ადამიანის ლოგოსის შესაბამის მდგომარეობას ადამიანი იმ შემთხვევაში ეუფლება, როდესაც მისი კაცობრივი ნება და თავისუფლება ღვთაებრივი ენერგიის ხელთუქმნელ მადლს, ე.ი. სულიწმინდის მოქმედებას ემორჩილება. აქედან დასკვნა: მართლმორწმუნე ადამიანის (ჩვენს შემთხვევაში ეპისკოპოსის, ეპისკოპოსების კრებას) მაშინ გააჩნია ავტორიტეტი, როდესაც ის სულიწმინდის შთაგონებით ხორციელდება: „ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩუენცა" (მოციქულთა კრება). ეკლესიას ქრისტოცენტრული და არა ეპისკოპოცენტრული საფუძვლები გააჩნია. ე.ი. ის, რაც ქრისტეს პიროვნებაში „ჰიპოსტასურად" განხორციელდა, მართლმორწმუნე ქრისტიანის (ღვთაებრივი, ხელთუქმნელი ენერგიის ათვისების, ქარიზმის) შემთხვევაში აღესრულება. მაგრამ ეს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ხორციელდება. ასეა აღნიშნული წმ. მაქსიმესა და წმ. გრიგოლ პალამას სწავლებაში და არა ეკლესიის მიღმა, როგორც გ. ფლოროვსკის თეოლოგიაშია - „ქარიზმატული" სცდება კანონიკურ საზღვარს.

   ამაშია ძირითადი არსი და მიზანი ქრისტეს განკაცებისა. როდესაც ქრისტოლოგიური დოგმატი ცოცხლად „შემოდის" ეკლესიის, მორწმუნეთა ცხოვრებაში, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი ეპისკოპოსთა კრებსითი სისავსით ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მიღება. ე.ი. მხოლოდ სულიწმინდის შთაგონებით გამოიხატება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის (სისავსის) დოგმატური ცნობიერება.

   ამრიგად, მართლმადიდებლური საეკლესიო კრების ფუნქციონირებისთვის საჭიროა სათანადო, მადლმოსილი პირობების არსებობა, რომელიც გამორიცხულია მცდარ დოგმატურ სწავლებათა მიღების შემთხვევაში - ასეთი კრება არ იზიარებს მსოფლიო კრებათა უცდომელ პრინციპებს და მიუღებელ კრებად კვალიფიცირდება. სწორედ ეკლესიის სისავსე წარმოადგენს უზენაეს ავტორიტეტს ეკლესიაში, როდესაც ხელმძღვანელობს პრინციპით „წმ. მამების კვალდაკვალ". ამ შემთხვევაში კრება უცდომელად გამოხატავს მსოფლიო ეკლესიის ჭეშმარიტ ცნობიერებას, შედეგადაც ენიჭება მორწმუნე ერისთვის სავალდებულო ხასიათი.

   ამ ნიშნით, კრეტის კრებამ (2016 წ.) თავისი ეკლესიოლოგიური გადახრების (ეკუმენიზმის, სხვა კონფესიების ეკლესიებად აღიარების და ა.შ.) გამო ვერ გაიარა სისავსის რეცეფცია. თავისთავად კრებსითი სისტემა მექანიკური პრინციპით არ (ვერ) უზრუნველყოფს მის ავტორიტეტს. ეს მხოლოდ სულიწმინდის და ქრისტეს ჰიპოსტასური გზის კვალდაკვალ სვლით, ე.ი. „წმ. მამების კვალდაკვალ" პრინციპის მიხედვით ხორციელდება. კრეტის კრებამ კი ერესების მხილების ნაცვლად, ისინი ეკუმენისტური მსოფლიოს საბჭოსა და ვატიკანის მეორე კრების საფუძველზე შეიკედლა, რითაც მსოფლიო კრებების საპირისპიროდ იმოქმედა. სწორედ ამაში მდგომარეობს „გასაღები", რითაც შეიცნობა ჭეშმარიტი კრების ნიშან-თვისება.




1 Прот. Г. Металинос. Когда решение соборов поместной и всеправославных являются приемлемымы и являются обязательными церковной полноты? Apologet.spb.ru.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება