მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 15 თებერვალი (ახ. სტ.) - მირქმა-მიგებება იესუ ქრისტესი

15 თებერვალი (ახ. სტ.) - მირქმა-მიგებება იესუ ქრისტესი


14-02-2024, 14:21

 

 


 

 

   დღეს, 15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს.

   უფლის მირქმის დღესასწაულზე ეკლესია მოიხსენიებს უმნიშვნელოვანეს მოვლენას იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისა. 

  მეორმოცე დღეს შობითგან ღვთაებრივი ყრმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. 

   მოსეს სჯულის მიხედვით, იმ დედაკაცს, რომელიც მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა ღვთის ტაძარში შესვლა. ამ ვადის გასვლის შემდეგ დედა ტაძარში მივიდა ყრმითურთ, რათა უფლისათვის სამადლობელი და განსაწმენდი მსხვერპლი შეეწირა.

   იმ ხანებში იერუსალიმში მართალი მოხუცი სვიმეონი ცხოვრობდა. მას გამოცხადება ჰქონდა ზეგარდმო, რომლითაც ეუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქრისტე მაცხოვარს არ იხილავდა. 

   ღვთის შეგონებით კეთილმსახური სვიმეონი იმ დროს მივიდა ტაძარში, როცა იქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რათა სჯულით დადგინებული წეს-ჩვეულება აღესრულებინათ.

   იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა აგრეთვე 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა.

   მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ იერუსალიმის ტაძარში ახალი აღთქმის მატარებელს შეხვედროდნენ, რომლის სახეშიც უკვე თანახატქმნილიყო ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებანი.

  ღვთის მირქმის მიგებების დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიის უძველეს დღესასწაულთ განეკუთვნება. ეს დღესასწაული VI საუკუნემდე ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს დროს ანტიოქიას დიდი უბედურება დაატყდა თავს საშინელმა მიწისძვრამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 

   ამ უბედურებას რამდენიმე წლის შემდეგ მეორეც მოჰყვა. ამ საყოველთაო უბედურების ერთ-ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო გამოეცხადა, რომ მორწმუნეთ უფრო საზეიმოდ უნდა აღენიშნათ ხოლმე უფლის მირქმის დღესასწაული.

   და როცა იმ წელს, უფლის მირქმის დღეს ღამისთევის ლოცვა და ჯვარის დიდებით სვლა აღასრულეს, ბიზანტიას თავს დატეხილი უბედურებანი შეწყდა. 

   ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ დაადგინა უფრო საზეიმოდ აღენიშნათ ხოლმე უფლის მირქმის დღესასწაული.

 

 


 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება