მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრუმისიონერობის ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ცრუმისიონერობის ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე9-10-2022, 00:00 |
ცრუმისიონერობა, როგორც ერთ-ერთი მოდერნისტული მიმართულება, პროტესტანტული რეფორმაციის ეპოქაში ჩამოყალიბდა. ეს იყო ორგანიზებული, ახალი მისიონერული მიდგომა, რომელსაც მოჰყვა კათოლიკური რეაქცია კონტრეფორმაცია იეზუიტური ორდენის სახით. ჩამოყალიბებული ფორმით ცრუმისიონერობა - მასობრივი რელიგიის ცალკე აღებული მიმართულება, XVIII საუკუნის ბოლოს მოგვევლინა, ე.ი. მაშინ, როდესაც დასავლური სამყაროს რელიგიური ფონი კატასტროფულად დეგრადირებული იყო. XVIII-XIX ს.ს. ინგლისსა და ამერიკაში ე.წ. „ქარიზმატული ეპოქის აღორძინება" იწყება. ამის შესახებ საფუძვლიანი კვლევა მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (როუზი) შემოგვთავაზა. იწყება მისიონერული რელიგიური ორგანიზაციების შექმნა: ბაპტისტური მისიონერული ორგანიზაცია - 1792 წ.; ლონდონის საერთაშორისო მისიონერული ორგანიზაცია - 1795 წ.; ბიბლიური საზოგადოება - 1804 წ.; ამერიკელი კომისიონერების ორგანიზაცია - 1810 წ... ამას მოჰყვა (XX ს.) ორმოცდაათიანელთა მოძრაობა. მათ მასობრივი რელიგიის დემოკრატიზაციას ჩაუყარეს საფუძველი - ფართო ასპარეზი გაუხსნეს ადოგმატური ქადაგების მეთოდიკის განვითარებას. ცრუმისიონერობის გაძლიერებაში უზარმაზარი როლი შეასრულა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა განვითარებამ. XX საუკუნიდან მასებზე ზემოქმედებისთვის სოციალური ანალიტიკური ინსტრუმენტების (პიარი, რეკლამა, პოპულიზმი, ტრენინგები და ა.შ.) გამოყენებას შეუდგნენ. მეტწილად ტექნიკურ (მეთოდოლოგიურ) მხარეზე აქცენტების გადატანამ ცრუმისიონერულ საზოგადოებებში რელიგიური ინდიფერენტიზმი და კრიტიციზმი მოიტანა. ქრისტიანული ელემენტები მათ „მისიონეულ" მოღვაწეობაში, არსებითად, ნულს გაუტოლდა. სარწმუნოებრივი საკითხებისადმი ამგვარმა ინდიფერენტიზმმა ეკუმენისტურ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი (ჯ. მოტი, უ. ხოკინგი). ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს ცრუმისიონერობის ადოგმატურ ხასიათს, სინამდვილეში ფარულ ურწმუნოებას ჭეშმარიტებისა. ფაქტობრივად, ცრუმისიონერობამ დასავლეთში სრული კრახი განიცადა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო საუკუნეებში ევროპა წალეკა აღმოსავლურმა რელიგიებმა (ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი, იოგა და ა.შ.). მართლმადიდებელ სამყაროში ცრუმისიონერული მიმართულება „პარიზის სკოლის" წიაღში აღმოცენდა. (ს. ბულგაკოვი). „პარიზელებმა" და სხვა დასავლურმა ცრუმისიონერებმა შეიქმნეს ერთობლივი ეკუმენისტურ-მოდერნისტული ახალგაზრდული ორგანიზაცია „სინდესმოსი" (1923 წ.). მან, თავის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო „მართლმადიდებლურ" მისიონერულ ცენტრს - Poretthenes, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ეკუმენისტი მთავარეპისკოპოსი ანასტასი (იანულატოსი). „პარიზის სკოლიდან" ცრუმისიონერული მოძრაობა ამერიკის წმ. ვლადიმერის სასულიერო სემინარიაშიც გავრცელდა დეკანოზების ა. შმემანისა და ი. მეინდორფის თაოსნობით. ეს სასწავლებელი დღესაც მოდერნისტების სამჭედლოთაა მიჩნეული. მისი ხელმძღვანელები და იდეოლოგები დროდადრო საქართველოს მოდერნისტულ სასწავლებელს სტუმრობენ (ქ. ფოთი). XX ს. ოთხმოცდაათიანებიდან ტრადიციული მართლმადიდებლური სწავლება ძლიერი ეროზიის ქვეშ მოექცა. გაბატონდა თავისუფლების ყალბი ლოზუნგები: „თავისუფლება", „სიყვარული", „ტოლერანტობა" და მისთ., რომლის მიღმა „ცრუმისიონერული მხეცი" იმალებოდა. (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |