მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ა. შმემანი მართლმადიდებლური ღვთისმსახურების რეფორმატორი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ა. შმემანი მართლმადიდებლური ღვთისმსახურების რეფორმატორი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე27-09-2022, 11:27 |
არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ რეფორმატორი „მართლმადიდებელი" მოდერნისტ-განმაახლებლები ვერ კმაყოფილდებიან ტრადიციული ღვთისმეტყველებითა და ღვთისმსახურებით. ისინი, როგორც წესი, „გერმანელებისაგან გადაწერით" (საკუთარი შტრიხების ჩამატებით) არიან დაკავებულნი. ეს ერთობა არასასიამოვნო მახასიათებელია (შეგიძლია წმინდა მამებისეულ გამოცდილებას დაესესხო), მაგრამ დეკანოზი ალექსანდრე შმემანი სწორედ ამ კატეგორიის ავტორებს მიეკუთვნება. არამართლმადიდებელი, დასავლური (კათოლიკურ-პროტესტანტული) რელიგიური სწავლებებით განმსჭვალული ადამიანი, გნებავთ მეცნიერი, ვშიშობთ ვერ ჩაწვდება მართლმადიდებელი ეკლესიის სულისკვეთებას. სამწუხაროდ, ა. შმემანის „ლიტურგიკული ღვთისმეტყველება" მთლიანად დასავლური (მეტწილად გერმანული) წყაროებითაა ნასაზრდოები. ეს არის მორიგი მოდერნისტული მიმართულება, დასავლური „ლიტურგიკული განმაახლებლობის" საფუძვლებზე წარმოშობილი, რაც მის ფსევდოსაღვთისმეტყველო ხასიათზე მიუთითებს. არსებითად, „ლიტურგიკული ღვთისმეტყველება" ეკლესიაში დაწყებული რეფორმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ავტორის „შემოქმედება" წმინდა წყლის ჯანყია მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო ტრადიციის წინააღმდეგ. ამჯერად მკითხველის ყურადღება გვსურს მის „საბრენდო" ნაშრომზე შევაჩეროთ - „შესავალნი ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში" („Введение в литургическое богословие"). ის ავტორისთვის საკუთარი საღვთისმეტყველო „ნიშის" დამკვიდრების მცდელობაა. აღნიშნული ნაშრომი (ა. შმემანის დისერტაცია) ერთგვარი ალესილი მახვილი აღმოჩნდა ეკლესიის ღვთისმსახურების რეფორმირებისთვის, რომლის მიზანიც ერთადერთია: შეცვალოს მართლმადიდებელი ქრისტიანების ცნობიერება და შეინარჩუნოს აბსოლუტური თავისუფლება. როგორც ტიპიური მოდერნისტ-განმაახლებელი, ა. შმემანი საკუთარ წერილებში ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ „დასავლურ რელიგიებში გაძლიერდა მისწრაფება „ლიტურგიკული მოძრაობისკენ", რომ მეტად და მეტად მოიცვა მან დასავლური ქვეყნების რელიგიური ცხოვრება. ასევე შენიშნავს, რომ დასავლური მოძრაობის წევრები ინტერესით სწავლობენ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას, რომელმაც, მათივე აზრით, შეინარჩუნა ძველი ეკლესიის ლიტურგიკული სული".1 ჭეშმარიტად ასეა: მართლმადიდებლური ღვთისმსახურება იმ უწყვეტი რგოლის გაგრძელებაა, რომელსაც პირველ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. მაგრამ ა. შმემანს სულ სხვა მიზანი ამოძრავებს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრების დასავლური „ლიტურგიკული მოძრაობის" სულისკვეთებისამებრ გადახედვას ისახავს მიზნად. მიამიტი მართლმადიდებელის დასანახად თითქოს განადიდებს მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას, სინამდვილეში კი ოსტატურად ძირს უთხრის მას. ვიდრე თავად ა. შმემანის „ლიტურგიკული ღვთისმეტყველების" განხილვას შევურგებოდეთ, ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ დასავლურ სამყაროში განვითარებული „ლიტურგიკული განმაახლებლობა". (გაგრძელება იქნება...)
1 A. Shmeman. Histore du mouacment Liturgigue. Paris 1945.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |