მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მოდერნიზმი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > აბსურდის ეკლესიოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
აბსურდის ეკლესიოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე19-05-2022, 17:19 |
გასული საუკუნის დასაწყისში საღვთისმეტყველო მოდერნიზმმა, როგორც „ეკლესიოლოგიური აბსურდის" ნიმუში, ეკუმენიზმი წარმოშვა. რაღაც მსგავსი „აბსურდის თეატრის" მომსწრენი ვხდებით ჩვენც დღეს. როგორც იტყობინება მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეკუმენისტური საბჭოს წინასაანსამბლეო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა1, სადაც ბერძნულ ეკლესიებთან (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია) ერთად (რომლებთანაც კანონიკური ურთიერთობა აქვს გაწყვეტილი) შეხმატკბილებულად „ურთიერთობენ". შეგახსენებთ, 2018 წ. 15 ოქტომბერს მინსკში რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან იმის გამო, რომ მან შეიწყნარა უკრაინელი სქიზმატები. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეკუმენისტური ხასიათის „თანამსახურება" ამ გადაწყვეტილებაზე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ ეკუმენიზმის საბოლოო მიზანი სწორედ „ეკლესიათა ერთიანობის აღდგენაში" მდგომარეობს. ესაა ეკუმენისტური პროექტის სანუკვარი ამოცანა. აბსურდული ვითარება იქმნება: ადგილობრივ ეკლესიებს შორის კანონიკური ურთიერთობის გაწყვეტის ტკივილს გარკვეული ბონუსები მოაქვს ეკუმენისტური მოძრაობისთვის. ის სულ უფრო აფართოებს და აძლიერებს მოქმედების ველს მართლმადიდებელ ეკლესიაში. უცნაური სურათი იხატება: რაც ნაკლებია კანონიკური ურთიერთობა, მით მეტია ეკუმენისტური. ამგვარი პარადოქსით გამოირჩევა თანამედროვე საღვთისმეტყველო ცნობიერება. შედეგად, წმინდა მამების შეგონება სქიზმების დამღუპველობის შესახებ „უვნებელ" მოვლენად წარმოჩინდება „ახალი" მამების „კომპეტენტური" გადმოსახედიდან. მოდერნისტ-ეკუმენისტებისთვის „მამების მამად" სახელდებული დეკანოზი გიორგი (ფლოროვსკი) ამბობდა: „ქარიზატული საზღვარი კანონიკურზე აღმატებულია". სწორედ „ქარიზმატულ" საზღვრებში ეძებენ დასაყრდენს როგორც რუსი, ისე ბერძენი (თუ სხვა) ეკუმენისტები. ე.ი. წმინდა მამათა მიერ დადგენილი წმინდა კანონები ანაქრონიზმად ცხადდება, ხოლო ე.წ. „ახალი მამების" ღვთისმეტყველება მასზე აღმატებულად მოიაზრება. შედეგად მივიღეთ „აბსურდის ეკლესიოლოგია", „აბსურდის თეატრი" მართლმადიდებლობის წიაღში, რომელსაც თავისი დირიჟორი ჰყავს რომის პაპის სახით. „მორჩილების" როლს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის (მათ შორის ჩვენი ეკლესიის) ეკუმენისტ-მოდერნისტი წარმომადგენლები აღასრულებენ. საკითხი ასე ჟღერს: რა ნიშნულს უნდა მიაღწიოს ამ აბსურდმა, რათა მართლმადიდებლური კრებსითი ცნობიერების სათანადო და კომპეტენტური შეფასება მიეცეს ამ პროცესებს?
1 Делегация Русской Православной Церкви принимает участие в Православной Вселенского собора Церквей. Патриархия.ру.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |