მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ისტორიულ ჭრილში დანახული უთანხმოებების მიზეზი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ისტორიულ ჭრილში დანახული უთანხმოებების მიზეზი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე18-05-2022, 00:01 |
ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული უთანხმოებისა და დაპირისპირების მიზეზთა ძიებისას მივედით დასკვნამდე, რომ პრობლემის არსი ეთნიკურ-ნაციონალური ნიშნით უპირატესობის ამბიციაშია. ჩვენი მოკლე ისტორიული მიმოხილვის მიზანიც სწორედ ამ გადაულახავი დილემის მკაფიოდ წარმოჩენაა. ეთნიკური ნიშნით გამორჩეულობის და უპირატესობის ჟინი არახალია ეკლესიის ისტორიისათვის. მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი იყო ნაციონალურ-ეთნიკური და რევოლუციური იდეების განვითარება. ვატიკანმა ამ გამოწვევას 1870 ვატიკანის I კრებით უპასუხა, სადაც „პაპის უცდომელობის" დოგმატის მიღებით „გადაჭრა" ეს პრობლემა და უსიტყვოდ დაიმორჩილა კათოლიკური სამყარო. კონსტანტინოპოლი 1872 წლის კრებით, ბულგარეთის ეკლესიის ეთნოფილეტიზმში ბრალდებით შეეცადა პროცესების შეჩერებას და საკუთარი მონოპოლიის შენარჩუნებას აღმოსავლეთში. იმ პერიოდისაგან განსხვავებით, ჩვენს რეალობაში ეთნოფილეტიზმით მანიპულირება გარკვეული მიზნის მიღწევის საშუალებაა, იდეოლოგიური (შემაშინებელი, დამტუქსველი) ინსტრუმენტია. არადა, მიზანი დაფარული რჩება. არსებითად, „რუსული სამყაროს" კონცეფცია „ელინური" „დასავლური" თუ „უკრაინული" ნაციონალიზმის საპასუხო რეაქციაა. „რუსულის" მსგავსად შეგვიძლია ვისაუბროთ „ელინური სამყაროს", „დასავლური სამყაროს" და ა.შ. ამბიციებზე. ბერძნების უმრავლესობა დღესაც მიიჩნევს, რომ დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიები ბიზანტიის იმპერიის (ამჟამად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს) ქვეშევრდომნი უნდა ყოფილიყვნენ. ანალოგიურად ხდება „რუსული სამყაროს, ცივილიზაციის" თავსმოხვევა თავისი გავლენის სფეროდ მიჩნეულ სამყაროზე. ამ ნიშნით, ეთნოფილეტიზმის კლასიკურ გამოვლინებად თავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უნდა მივიჩნიოთ. ნეოელინისტური გამოვლინებანი კატეგორიულად მიუღებელია დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებისათვის. ეს დადასტურდა როგორც 1872 წლის კონსტანტინოპოლის, ისე 2016 წლის კრეტის კრებებზე. საეკლესიო მოდერნიზმი (ლიბერალიზმი), როგორც თანამედროვე ეპოქის სულიერი ნგრევის მექანიზმი, ნებისმიერ იდეოლოგიას (ელინიზმს, სლავიანოფილობას) მოერგება. თავად სლავიანოფილობა რუსულ ნიადაგზე აღორძინებული დასავლური ლიბერალიზმია. თუკი მავანს მიაჩნია, რომ გერმანულ იდეალიზმზე (შელინგიზმი) ჩამოყალიბებული სლავიანოფილობა ემანსიპაციას განიცდიდა და „მართლმადიდებლურ მსოფლხედვად", მსოფლიოს „შუქურად" ტრანსფორმირდებოდა, ძლიერ ცდება. არა, ის არაფრით განსხვავდება დასავლელი იდეოლოგების მეოცნებეობისაგან. ასე რომ, დასავლურ ქრისტიანობაში არსებული სულიერი ხრწნის პროცესი აღმოსავლეთის ეკლესიასაც ემუქრება, განურჩევლად ელინური, სლავური თუ ქართული წარმომავლობისა. ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ეთნოფილეტური შუღლი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეკლესიის მტრებს მართლმადიდებლური სამყაროს ნაციონალურ-იდეოლოგიურ ფრაქციებად დაშლა სურთ. თითქოს ეთნოფილეტიზმის დაძლევის უნარი ეკლესიას არ გააჩნია და პრობლემის მოგვარებისთვის რომის პაპს უნდა მიმართონ. რომი, ცხადია, „არ დააყოვნებს" და შემრიგებლის მანტიის მორგებას შეეცდება. ისტორია მეორდება. რომის ეკლესიის „პირველობის" (არა პატივით, არამედ უფლებამოსილებით) ამბიციამ 1054 წლის სქიზმა გამოიწვია. ამას კათოლიკური სამყაროს ნაირ-ნაირ ერესებში ჩაფვლა მოჰყვა. მსგავსი სქიზმის საფრთხის წინაშე დღესაც დგას მართლმადიდებელი ეკლესია. ამას უთუოდ მოჰყვება ერესებიც: 1) კონსტანტინოპოლის „აღმოსავლური პაპიზმი" დოქტრინის სახით, რომლის თანახმადაც ეკლესიის თავი კონსტანტინოპოლის პატრიარქია. 2) ვატიკანთან გაერთიანების კურსით, არსებითად უნიის (ერესის) პერსპექტივით, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული როგორც კონსტანტინოპოლის, ისე სხვა ადგილობრივ ეკლესიათა მოდერნისტ-ეკუმენისტი წარმომადგენლები. ისმის კითხვა: სად ვეძებოთ გამოსავალი? გამოსავალი მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით ცნობიერებაშია, რომელიც ასახულია ეკლესიის სწავლებასა და ცხოვრებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ეკლესიის სწავლება (კანონები) დაპირისპირებული მხარეებისთვის თავიანთი, საკუთარი ინტერპრეტაციის საგნად იქცა პირველობისა და დიდებისმოყვარე სასულიერო პირების მეშვეობით. (გაგრძელება იქნება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |