მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ნუთუ ერთი ღმერთი გვყავს ჩვენ და არამართლმადიდებლებს? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ნუთუ ერთი ღმერთი გვყავს ჩვენ და არამართლმადიდებლებს? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


3-03-2022, 11:40

ნუთუ ერთი ღმერთი გვყავს ჩვენ და არამართლმადიდებლებს? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ეკუმენისტების (პანეკუმენისტების) მხრიდან ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ სხვადასხვა კონფესიებისა და რელიგიების წარმომადგენლები ერთი და იმავე ღმერთს ეთაყვანებიან. იმისათვის, რომ უკეთ განვმარტოთ საკითხი, სამი რელიგიით (იუდამიზმით, ქრისტიანობით, ისლამით) შემოვიფარგლოთ. სამივე რელიგია აცხადებს, რომ აბრაამის ღმერთის შთამომავალი (იუდეველები და მუსლიმები ხორციელად, ხოლო ქრისტიანები - სულიერად) და თაყვანისმცემელია. შეესაბამება კი ეს სიმართღლეს?

   მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, იესო ქრისტე არის ღმერთი სრული და კაცი სრული, რომელიც მოევლინა კაცობრიობას ჩვენი ცხონებისათვის. ყურანის თანახმად, ქრისტე „ჩვეულებრივი წინასწარმეტყველია", ხოლო იუდაური თალმუდიის ტრადიციის თანახმად - მეძავის შვილი.

   ამრიგად, მუსლიმისთვის ქრისტე მხოლოდ ადამიანია (და არა ღმერთი), ხოლო იუდეველი უკიდურესად შეურაცხჰყოფს მის კაცებასაც.

   ჩვენთვის ქრისტე - ჭეშმარიტი ღმერთია. შეუძლებლად მიგვაჩნია მისი წინასწარმეტყველის რანგში განხილვა. ის (ქრისტე) ძე ღმრთისაა, თანასწორი მამისა. მღვდელმთავრის შეკითხვაზე: „შენ ხარ, ქრისტე, ძე კურთხეულისა? ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ, და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯვენით მჯდომარე ძლიერებითა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისაჲთა" (მარკ. 14. 61-62).

   ეკუმენისტები, ზეკონფესიურ დონეზე განიხილავენ ქრისტიანობის სამპიროვანი ღმერთის დაყვანას იუდაური და მუსლიმური „ერთღმერთიანობის" დონემდე. მაგრამ წმინდა წერილი ერთმნიშვნელოვნად გვასწავლის:

   „რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი" (იონ. 5. 23).

   „მე და მამაჲ ჩემი ერთი ვართ" (იონ. 10. 30).

   „რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყვა და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან" (1 იონ. 5. 7).

   კვლავ ვიკითხავთ: რა მსგავსებაა მართლმადიდებლებასა და სხვა რელიგიების „მამა-ღმერთის" შორის?

   დავაზუსტოთ: აბრაამ მამამთავარი სულაც არ ეთაყვანებოდა მონოტონურ, მონოთეისტური სახის ღმერთს, როგორსაც ეთაყვანებიან იუდეველები და მუსლიმები, არამედ წმინდა სამებას, ანგელოზების სახით მიბრძანებულთ მამრის მუხასთან.

   შესაბამისად, აბრაამისაგან ხორციელ წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. თავად მაცხოვარმა ბრძანა: „აბრაამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა" (იონ. 8. 56). მანამდე კი ეუბნება: „უკუეთუმცა შვილნი აბრაამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაამისთა იქმოდეთ" (იონ. 8. 39).

   ამრიგად, დავსძენთ: არა ბატონებო! ჩვენი ღმერთი განსხვავდება არამართლმადიდებლების „ღმერთისაგან".

   დავასრულებთ წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვით: „ვისთვისაც ეკლესია არაა დედა, მისთვის არც ღმერთია მამა!".



მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება