მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > კომპრომისის შედეგად - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კომპრომისის შედეგად - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


12-02-2020, 15:36

 


   თანამედროვე ქრისტიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ორ ძირითად წინააღმდეგობას ეჯახება: 1) ყველაფერი ძალიან ცუდადაა და ვერაფერს გავხდებით, შევეგუოთ რეალობას და მისთ...; 2) არ გვსურს გავერკვეთ, რამდენად ცუდადაა საქმე, არ გვსურს ზედმიწევნით შევაფასოთ მოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობების ფარგლებში სათანადო პასუხი გავცეთ გამოწვევას.
   აქვე ვიტყვით, ღვთის წინაშე კეთილსინდისიერად მდგომი ადამიანი იოლად გადალახავს ორივე დილემას. იმიტომ რომ სინდისის კარნახით ამბობს თავის სათქმელს, ხოლო შედეგებს ღვთის განგებულებას მიანდობს.
   განსხვავებული ვითარებაა მქრთალი ადამიანის შემთხვევაში. ის ზედმეტად ფრთხილია: დაე, „სხვამ იაქტიუროს", „რატომ ავიტკივო აუტკივარი თავი" და მისთ. უკიდურესად მძიმე ვითარებაშიც კი თავს ინუგეშებს იმით, რომ ყველასთან ერთაზრ იყო და განკითხვით არ შეუცოდავს.
   მსგავსი შეხედულება მექანიკურად როდი ყალიბდება, ეს იდეოლოგიური მიდგომაა, თუმც ოსტატურად შენიღბული კეთილსინდისიერებითა და მართლმადიდებლობით.
   მაგალითად, მოდერნისტი ეწინააღმდეგება წმინდა მამათა სწავლებას. ამაში გასაკვირი არაფერია. საფრთხესთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც მოდერნისტის ხედვები რაღაცნაირად ემთხვევა წმინდა წერილისა და წმინდა მამების სწავლებას. სწორედ ამ დროს გვმართებს ფხიზლად ყოფნა. ეს მზაკვრული მეთოდია, რომელიც საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება.
   მართლმადიდებელ ქრისტიანს, ანტიმოდერნისტს უნდა ესმოდეს, რომ საეკლესიო რეფორმა სულაც არ არის ლოგიკური და ბუნებრივი პროცესი, არამედ ხელოვნურად თავს მოხვეული ჭირია. კატასტროფაა სულიერი თვალსაზრისით, მაგრამ ეს კატასტროფა რევოლუციური შინაარსისაა და არ ექვემდებარება მკურნალობას. ის უბრალოდ უნდა მოიკვეთო.
   ასევე მოდერნისტულ-რეფორმატორულ უკანონობაში არაფერია სამართლებრივი საეკლესიო კანონების კუთხით. უკანონობას მრავალი ადამიანი ვერ ეგუება, მაგრამ ვერც ეწინააღმდეგება, ამიტომაც ბევრი მიდის კომპრომისზე, ანუ ეთანხმება (თუნდ პასიურად) უკანონობას. შედეგად, ის ვერ დარჩება კეთილსინდისიერი ადამიანების რიცხვში, არამედ უკანონობის თანამონაწილე ხდება და ნებით თუ უნებლიედ ზეწოლას ახდენს კეთილმორწმუნის სინდისზე. სხვა რა დავარქვათ მცდელობას რამენაირად გააჩუმონ ანტიმოდერნისტი. საქმე გვაქვს ძალადობასთან (ბულინგთან), რომელსაც არა მხოლოდ აქტიური რეფორმატორი, არამედ პასიური მართლმადიდებელიც ერთობლივად ახორციელებს.
   კომპრომისზე წასული ადამიანი ამბობს: ცუდშიც შეიძლება იპოვო რაღაც სიკეთე - მოდერნისტების გვერდით ვხედავთ მართლმადიდებლებს. მაგრამ მოდერნისტ-რეფორმატორების გარემოში მოხვედრილი მართლმადიდებელი ნაკლებად გვევლინება აღმსარებელ პიროვნებად. ის დუმს, იმიტომ რომ არ სურს ურთიერთობის გაფუჭება მოდერნისტულად მოაზროვნე კოლეგებთან. გარეგნულად კი მოშურნე ქრისტიანად წარმოაჩენს თავს.
   ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ სიმქრთალე სერიოზული სულიერი პრობლემაა, ვინაიდან ის პრინციპში უნისონშია მოდერნისტთან და ერთობლივად ებრძვიან მართლმორწმუნე ქრისტიანს. სიმქრთალის ლუსტრაცია კრიტიკულ ვითარებაში დუმილით ვლინდება. შედეგად, კარგიც ცუდი ხდება. იწყება ფარული ზეწოლა გულწრფელი აღმსარებელის წინააღმდეგ იმისთვის, რომ რამენაირად დაუხშონ ბაგე. კომპრომისზე წასული მართლმადიდებელი კი, როცა საჭიროების დროს დუმილს ამჯობინებს მოღალატე ხდება - ის ნებსით თუ უნებლიედ, მტრის ბანაკში იმკვიდრებს ადგილს.
   ამრიგად, ეკლესიის რეფორმა საფუძველშივე ნეგატიური მოვლენაა, ნებისმიერი მცდელობა დაინახო მასში დადებითი პროცესი მასთან თანამონაწილეობაა.


დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

უკან დაბრუნება