მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მოწაფემ შვიდგზის უარყო გონებაში აღძრული აზრები და ამისათვის შვიდი გვირგვინის ღირსი შეიქნა

მოწაფემ შვიდგზის უარყო გონებაში აღძრული აზრები და ამისათვის შვიდი გვირგვინის ღირსი შეიქნა


21-03-2020, 00:01

მოწაფემ შვიდგზის უარყო გონებაში აღძრული აზრები და ამისათვის შვიდი გვირგვინის ღირსი შეიქნა

 

   თებაიდაში ერთი ბერი ცხოვრობდა, რომელიც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა. მას ერთი მოწაფე ჰყავდა. ბერს წესად ჰქონდა, რომ საღამოობით მოწაფე უნდა დაემოძღვრა და სულისათვის სასარგბელო დარიგებები მიეცა. ამის შემდეგ ის ლოცვას აღავლენდა და მოწაფეს დასაძინებლად აკურთხებდა. მოხდა ისე, რომ ერთხელ მათ ღვთისმოსავი ერისკაცები ეწვივნენ, რომელთაც კარგად უწყოდნენ ბერის უზომოდ თავშეკავებული ცხოვრების შესახებ. სტუმრებმა ღვაწლმოსილი მამისაგან ნუგეში მიიღეს და უკან გაბრუნდნენ. მათი წასვლის შემდეგ, საღამოს, ბერი, წესისამებრ, მოწაფის დამოძღვრას შეუდგა, მაგრამ მას საუბრის დროს დაღლილობისაგან ძილი მოერია, ძმა კი იდგა და ელოდა, თუ როდის გაიღვიძებდა მოძღვარი და წასასვლელად აკურთხებდა. ბერი არ აღვიძებდა, მოწაფე კი დიდხანს იჯდა და ელოდა. ამასობაში ნელ-ნელა მოეძალა აზრი - წყნარად გასცლოდა მოძღვარს და დასაძინებლად დაწოლილიყო, მაგრამ მან თავი აიძულა, რომ არ სურვილს წინ აღდგომოდა და არ წავიდა. მოწაფე შვიდგზის შეყოყმანდა - აზრები წასვლისკენ უბიძგებდა, თუმცა შვიდჯერვე მედგრად დაუხვდა ამ შემოტევებს. შუაღამისას ბერს გამოეღვიძა და როდესაც თავის გვერდით ჩამომჯდარი მოწაფე იხილა, ჰკითხა: „რატომ არ წახვედი აქამდე?" „იმიტომ, მამაო, რომ შენ არ გაგიშვივარ", - მიუგო მან. „რატომ არ გამაღვიძე?" - კვლავ ჩაეკითხა ბერი. „არ გაგაღვიძეთ, რადგან არ მინდოდა, რომ შემეწუხებინეთ", - უპასუხა მოწაფემ. ისინი წამოდგნენ და დილის მსახურებას შეუდგნენ. მისი დასრულების შემდეგ კი მოძღვარმა მოწაფე გაუშვა. მარტოდ დარჩენილმა ბერმა ჩვენება იხილა: ვიღაც უცნობმა დიდებული ადგილი უჩვენა, სადაც ძვირფასი ტახტი იდგა, ტახტზე კი შვიდი გვირგვინი ბრწყინავდა. ბერმა მეგზურს ჰკითხა: „ვის ეკუთვნის ეს ყოველივე?" მან მიუგო: „ეს ადგილიცა და ტახტიც შენს მოწაფეს მიჰმადლა უფალმა, ეს შვიდი გვირგვინი კი მან ამ ღამით დაიმსახურა". ამის მოსმენით გაოცებულმა ბერმა მოწაფეს მოუხმო და ჰკითხა: „მითხარი რას აკეთებდი ამ ღამით?" „მომიტევე, მამაო, მაგრამ არაფერი ჩამიდენია", - უპასუხა მან. ბერმა იფიქრა, რომ ამას თავმდაბლობის გამო ეუბნებოდა და უთხრა: „მერწმუნე, არ დავმშვიდდები, ვიდრე არ შევიტყობ, თუ რას იქმოდი ანდა რას ფიქრობდი ღამით". ძმას თავის მიერ ჩადენილი არანაირი საქმე არ ახსენდებოდა და ამიტომ მოძღვარს მიუგო: „მომიტევე, მამაო! მაგრამ არაფერი ჩამიდენია გარდა იმისა, რომ შვიდჯერ მომეძალა აზრი დასაძინებლად წავსულიყავი, მაგრამ შვიდჯერვე უკუვაგდე ის და შენ დაგელოდე, რადგან წასვლაზე კურთხევა არ მოგიცია". მაშინ ბერისათვის ყოველივე ნათელი შეიქნა - მოწაფემ იმდენი გვირგვინი დაიმსახურა, რამდენჯერაც აზრების შემოტევები დაამარცხა. მოძღვარს მოწაფისთვის ხილვის შესახებ არაფერი გაუმხელია, რათა ამით სულისთვის ზიანი არ მიეყენებინა, მაგრამ სულიერ მამებს ყოველივე უამბო. ამგვარად, გულისხმა-ვყოთ, რომ უფალი უმნიშვნელო აზრებზე გამარჯვებისთვისაც კი მოგვაგებს გვირგვინს და რომ ნებისმიერ საქმეში ღვთის გამო თავის იძულება მადლით შეგვმოსავს, რამეთუ: „...სასუფეველი ცათა იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათ. 11, 12).

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



უკან დაბრუნება