მთავარი > საცდურები, ვერცხლისმოყვარეობა, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > მებაღე, რომელმაც მოწყალების გაცემას თავი ანება და ფულის შეგროვებას შეუდგა, მძიმე სნეულებით დაისაჯა; როცა მან თავისი დანაშაული გააცნობიერა და მოინანია, ღვთის ანგელოზმა სნეულებისაგან განკურნა
მებაღე, რომელმაც მოწყალების გაცემას თავი ანება და ფულის შეგროვებას შეუდგა, მძიმე სნეულებით დაისაჯა; როცა მან თავისი დანაშაული გააცნობიერა და მოინანია, ღვთის ანგელოზმა სნეულებისაგან განკურნა12-07-2020, 16:02 |
ბერები გვიამბობდნენ ერთი მებაღის შესახებ, რომელიც ბაღს უვლიდა და მთელ თავის შემოსავალს გლახაკებს უნაწილებდა, თავისთვის კი მხოლოდ მცირე ნაწილს იტოვებდა გამოსაკვებად. მოხდა ისე, რომ სატანამ მას გულში გულისთქმა ჩაუდო: „ცოტაოდენი ფული დააგროვე შენთვის, რომ სიბერეში ან ავადმყოფობისას მოიხმარო". მებაღემ ფულის შეგროვება დაიწყო და ერთი თიხის ჭურჭელი მონეტებით პირთამდე აავსო. მოხდა ისე, რომ ის დასნეულდა - ფეხი დაუჩირქდა და მთელი დანაზოგი ექიმებში დახარჯა, თუმცა მისმა მკურნალობამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ერთხელ ის გამოცდილმა ექიმმა მოინახულა და განუცხადა: „თუკი ფეხის ნაწილის მოკვეთაზე არ დაგვთანხმდები, მთელი ფეხი დაგილპება". მებაღე დათანხმდა და ოპერაციის დღეც დაინიშნა, თუმცა ოპერაციის წინა ღამეს ის გონს მოეგო და მოთქმითა და გოდებით მოჰყვა სინანულს. „უფალო! - ღაღადებდა სნეული, - გაიხსენე ის მოწყალებები, რომლებსაც ღატაკთათვის გავცემდი, მე ხომ ჩემი შემოსავლის მეტ ნაწილს გაჭირვებულებს ვაძლევდი?" მოულოდნელად მის წინ წარდგა ღვთის ანგელოზი და განუცხადა: „სად არის შენს მიერ დაგროვებული ფული? სად გაქრა ის, რაზედაც იმედს ამყარებდი?" მაშინ კი მიხვდა მებაღე თავის შეცდომას და შესძახა: „უფალო! შევცოდე და მომიტევე, გევედრები. ამიერიდან ასე აღარასოდეს მოვიქცევი!" ამ სიტყვების შემდეგ ანგელოზი მის სნეულ ფეხს შეეხო და უმალვე განკურნა. მეორე დილით ექიმი მებაღესთან თავისი იარაღებით მივიდა ფეხის მოსაკვეთად, თუმცა სნეული სახლში არ დახვდა. როდესაც პაციენტი მოიკითხა, მას მიუგეს: „დილაადრიან ბაღში წავიდა სამუშაოდ". ექიმმა მებაღე მოძებნა და როდესაც ის მიწასთან მომუშავე იხილა, ადიდა უფალი, უკურნებელი სნეულებისგან ადამიანის მეყსეულად განმკურნებელი.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |