მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > სნეული და უსინათლო ქალის განკურნება ღირსი სერაფიმეს მეოხებით

სნეული და უსინათლო ქალის განკურნება ღირსი სერაფიმეს მეოხებით


25-12-2019, 16:16

სნეული და უსინათლო ქალის განკურნება ღირსი სერაფიმეს მეოხებით

 

 

   1903 წელს, ღირსი სერაფიმეს წმინდა ნაწილების აღმოყვანების წელიწადს, სერგიევ პოსადის მკვიდრმა, ანა გეორგიევნა ზაბოტინამ, გვაუწყა: „მე მოუთმენლად ველოდი 19 ივლისს, ღირსი მამის ხსენების დღეს. ამ დროისათვის დიდი განსაცდელი მქონდა, ცხრა წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მოულოდნელად თვალის ჩინი დავკარგე და ეს ძლიერ მთრგუნავდა და მაშფოთებდა. 20 ივლისს ჩემი ქალიშვილი, ტატიანა პეტროვნა, მთელი თავისი ოჯახით მეწვია და მათ ვთხოვე, რომ, როცა წირვაზე წავიდოდნენ, თან წავეყვანე ტაძარში, მაგრამ ქალიშვილმა უარი მითხრა: „იქ შენი სიბრმავით შეგვბოჭავ". ტატიანას ჩემმა ცრემლიანმა ხვეწნა-მუდარამაც არ მოულბო გული, წავიდა ბავშვებთან ერთად ეკლესიაში და სახლში მარტო დამტოვა, რამაც უსაზღვროდ დამამწუხრა. გარდა უსინათლობისა, ძალიან მაწუხებდა ხერხემალი და ამის გამო მოძრაობისას გაუსაძლისი ტკივილები მტანჯავდა. მარტოდ დარჩენილი გაჭირვებით დავჯექი სახლის შესასვლელ კართან და მწარედ ავტირდი. სასოწარკვეთილმა ჩემი სადარდელი და მწუხარება ღირს სერაფიმეს შევჩივლე, ვესაუბრებოდი როგორც ცოცხალს, ვევედრებოდი, რომ არ მივეტოვებინე ახლობლებისგანაც დავიწყებული. ბევრი ტირილისა და დარდისაგან ცოტა ხნით ჩამთვლიმა. ძილში მეჩვენა, რომ ღირსი სერგის სამების ტაძარში ღვთისმშობლის ხატის წინ ვიდექი, რომელსაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ეწოდება და მწარედ ვტიროდი. უეცრად ვიხილე, რომ ტაძრის დასავლეთის კარში ღირსი სერაფიმე შემოვიდა, მას პირისახე ზეციური სილამაზითა და საკვირველი სიკეთით უბრწყინავდა. წმინდა მამა მომიახლოვდა, მამობრივი სიყვარულით დამლოცა და მითხრა: „ჩემო სიხარულო, დაე, იყოს ნება უფლისა შენი რწმენისამებრ!" მე მის ფერხთით მუხლებზე დავეცი და ცრემლებით წამოვიძახე: „ღირსო მამაო, სერაფიმე! გევედრები შემიწყალე და შენს მამობრივ მადლს ჩემთვის ნუ დაიშურებ. მანუგეშე და მომმადლე თვალის სინათლე, რათა ჩემ ფეხქვეშ გზა დავინახო და სხვების დაუხმარებლად შევძლო სიარული ტაძარში". ხილვა დასრულდა, მეც გამომეღვიძა და როცა გონს მოვედი, ვიგრძენი, რომ გარკვევით ვხედავდი თვალებიდან და აღარც ხერხემლის ტკივილი მაწუხებდა. მსუბუქად წამოვდექი, სახლში შევედი და სამლოცველო კუთხეში ღირსი სერაფიმეს ხატის წინ მუხებზე დავემხე. შევცქეროდი მას, როგორც ცოცხალს და ცრემლებით ვმადლობდი უსაზღვრო მოწყალებისთვის, რომელიც ჩემთვის, ცოდვილისა და უღირსისათვის, მოიღო. იმდენად დიდი იყო ჩემი სიხარული, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. როცა ჩემი ქალიშვილი დაბრუნდა, ღირსი სერაფიმეს მეოხებით ჩემი განკურნების ამბავი ვახარე და ხილვის შესახებაც ვუამბე. ყველამ ჩემთან ერთად გაიხარა, მაგრამ როცა პირველმა ემოციამ გაიარა, შვილმა და შვილიშვილებმა გამოცდა მომიწყვეს, რადგან აინტერესებდათ, როგორ ვხედავდი, მოჰქონდათ სხვადასხვა საგანი და მეკითხებოდნენ მათ ფერს, ზომას... ჩემი ოჯახი მალე საბოლოოდ დარწმუნდა ჩემს საკვირველ და სასწაულებრივ განკურნებაში. მეორე დღს მარტო, სხვების დაუხმარებლად წავედი ტაძარში და უფალს, დედა ღვთისას და ღირს სერაფიმეს სამადლობელი პარაკლისი აღვუვლინე ჩემი სასწაულებრივი განკურნებისთვის.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება