მთავარი > საცდურები, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > თვალთმაქც, თუმცა ყველასგან პატივდებულ განდეგილს დემონმა ტანჯვით ამოართვა სული; ხოლო მართალი მწირის სულისათვის მთავარანგელოზები და დავით წინასწარმეტყველი იქნენ მივლენილნი

თვალთმაქც, თუმცა ყველასგან პატივდებულ განდეგილს დემონმა ტანჯვით ამოართვა სული; ხოლო მართალი მწირის სულისათვის მთავარანგელოზები და დავით წინასწარმეტყველი იქნენ მივლენილნი


29-01-2020, 16:14

 

   

   ერთმა ძმამ ბერს ჰკითხა: „კაცი სახელით ცხონდება თუ საქმეებით?" ბერმა უპასუხა: საქმეებით. გამიგონია, რომ ერთხელ მონაზონს ლოცვისას გაუჩნდა სურვილი, რომ მართლისა და ცოდვილის სულის მარადიული სამყოფელი ენახა და ღმერთმაც არ ისურვა მისი განაწყენება. ის ძმა ერთ ქალაქში გაემგზავრა. ერთხელ, როცა ქალაქგარეთ ერთ მონასტერთან შეისვენა, შეიტყო, რომ იმ მონასტერში ერთი ყველასგან პატივდებული განდეგილი მძიმედ დასნეულებულიყო და აღსასრულს ელოდა. ძმამ იხილა მისთვის მომზადებული უამრავი სანთელი და კანდელი, მომაკვდავს მთელი ქალაქი იმგვარად დასტიროდა, თითქოს ღვთისგან წყალი და პური მისი ლოცვით ეძლეოდათ. „მას რომ რაიმე შეემთხვეს, ყველანი დავიხოცებით," - მოსთქვამდნენ ისინი. როდესაც მისი გასვლის ჟამმა მოაწია, ძმამ, რომელიც ყოველივეს ინტერესით აკვირდებოდა, იხილა ცეცხლოვანი შუბებით შეიარაღებული ჯოჯოხეთის ტარტარები და შემოესმა ხმა: „რადგანაც მისმა სულმა არაფრით მანუგეშა, არ შეიბრალო და დაეპატრონე, რათა არ იხილოს სიმშვიდე აწ და მარადის". და მან, ვისაც ეს ებრძანა, მყისვე აძგერა ცეცხლოვანი შუბი განდეგილის გულს, დიდხანს აწამა მომაკვდავი და სული ტანჯვით ამოართვა. ამ ამბით შეძრული ძმა ქალაქში ატირებული შევიდა. უეცრად ქალაქის მოედანზე ერთი მწირი მონაზონი შენიშნა, რომელიც სნეული იწვა და გევრდით ერთი დღე დაჰყო. როდესაც სნეულს აღსრულების წუთი დაუდგა, ძმამ იხილა მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, რომლებიც მწირის სულის მისაბარებლად იყვნენ მოვლენილნი. ერთი მარჯვნივ მიუჯდა სნეულს, მეორე - მარცხნივ, იხმობდნენ მის სულს, მაგრამ ის სხეულს არ ტოვებდა. მაშინ მიქაელმა უთხრა გაბრიელს: „ამოართვი სული და წავიდეთ". გაბრიელი არ დაეთანხმა: „ჩვენ მისი სულის უმტკივნეულოდ მიბარება გვაქვს ნაბრძანები, ამიტომ მას სხეულის დატოვებას ვერ ვაიძულებთ". მთავარანგელოზმა მიქაელმა ღმერთს შეჰღაღადა: „უფალო! რას გვიბრძანებ, რა ვუყოთ ამ სულს, რადგან არ სურს სხეულიდან გასვლა?" ზეციდან ხმა გაისმა: „ვაგზავნი დავითს მგალობლებთან ერთად, რათა სნეულის სულმა ტკბილხმოვანი გალობა მოისმინოს და ძალდაუტანებლად დატოვოს სხეული". როდესაც ყველანი სნეული მწირის გარშემო მოგროვდნენ და გალობას მოჰყვნენ, სული მიქაელის ხელზე გადავიდა და ზეცისკენ სიხარული იქნა ატაცებული".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება