მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ვიდრე იღუმენი სრული უპოვარებით ცხოვრობდა, მას ეშმაკებზე ძალა გააჩნდა, მას შემდეგ კი, რაც მეფისაგან ოქრო მიიღო და ყოფითი პრობლემებით დაკავდა, ავ სულებს მისი აღარ ეშინოდათ
ვიდრე იღუმენი სრული უპოვარებით ცხოვრობდა, მას ეშმაკებზე ძალა გააჩნდა, მას შემდეგ კი, რაც მეფისაგან ოქრო მიიღო და ყოფითი პრობლემებით დაკავდა, ავ სულებს მისი აღარ ეშინოდათ26-10-2019, 18:59 |
ერთ მონასტერში ყველა ძმა თავისი შრომით ირჩენდა თავს. იღუმენი სტუმრებისაგან არც სამოსელს იღებდა, არც საჭმელსა და ფულს და მთლიანად ღმერთს მინდობილი აცხადებდა: „ყველაფერი უკან წაიღეთ, დაგვტოვეთ ქრისტესთან და ის თავად იზრუნებს ჩვენთვის, რადგან განვიკითხებით იმის გამო, რომ სხვისი შრომით ვიარსებეთ, როცა შეგვეძლო, რომ საკუთარი ხელით ვირჩინოთ თავი". ვიდრე წინამძღვარი ამგვარად ფიქრობდა, უფლის სიყვარული არ ტოვებდა, ამის გამო ეშმაკებზე ძალაუფლებაც მიემადლა და მისი დიდება შორს გავრცელდა. თუმცაღა მოხდა ისე, რომ ხმამ ბერის სათნომყოფელი ცხოვრების შესახებ მეფის ყურამდეც მიაღწია და მბრძანებელმა ის თავისთან მოიხმო, რათა მისგან ლოცვითი შეწევნა გამოეთხოვა. წინამძღვარი მეფეს ეახლა, მათ დიდხანს ისაუბრეს და მისგან მიღებული სარგებლით კმაყოფილმა ხელმწიფემ განშორებისას უამრავი ოქრო უბოძა. ბერი ცდუნებას ვერ შეეწინააღმდეგა, მიიღო მეფისგან ბოძებული და როდესაც მონასტერში დაბრუნდა, შეამჩნია, რომ ბევრი რამ აკლდათ. მაშინ ხელი მიჰყო მინდვრების ყიდვას, შეიძინა ჯორები, ვირები, დაიქირავა მუშახელი და ვერც კი შეამჩნია, რომ რაც უფრო მეტად ზრუნავდა მიწიერისათვის, მით მეტად შორდებოდა ღმერთს, ბოლოს კი სრულიად დაკარგა მადლი. ერთხელ იღუმენს ეშმაკეული მოჰგვარეს, რათა მისგან ბოროტი სული განედევნა. ბერმა შესძახა: „გამოდი ღვთის ქმნილებისაგან!" „მე შენ აღარ გემორჩილები!" - მიუგო ბოროტმა. „რატომ?" - გაიოცა ბერმა. „იმიტომ, რომ შენ ახლა უკვე თავად ხარ ჩვენი ახლობელი, რადგან მიწიერმა საზრუნავმა ღმერთი დაგავიწყა. აღარ დაგემორჩილები და არც ძალა აღარ გეყოფა ჩემს დასამარცხებლად" - მიუგო ადამიანთა მოდგმის მტერმა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |