მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - ქალწულების ინსტიტუტის აბუჩად აგდება (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - ქალწულების ინსტიტუტის აბუჩად აგდება (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


20-02-2021, 00:03

 

 

შეთქმულება 5: ქალწულების ინსტიტუტის აბუჩად აგდება

 

   მავანნი და მავანნი ლამობენ უცხო ქვეყნებიდან ჩვენი მენტალობის და სულისკვეთებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის გადმოღებასა და დამკვიდრებას. ქართული ოჯახისთვის დამახასიათებელი, ერთობ სათაყვანო და სანიმუშო - ქალწულების ინსტიტუტის წინააღმდეგ გამალებული ბრძოლაა გაჩაღებული. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემატური, მიზანმიმართული კომპანია სწორედ იმას ემსახურება, რომ ახალგაზრდების ცნობიერებიდან ამოიშალოს ეს „ძველი დროის გადმონაშთი".

   შეთქმულების ქვეტექსტი ასეთია: ქალწულების ინსტიტუტის გაშარჟება, რათა ახალგაზრდა თაობას (ჭაბუკებსა თუ გოგონებს) მიეცეს ფართო ასპარეზი კიდევ უფრო თამამად შეიჭრას ამა სოფლის საცდურთა სამყაროში, „დატკბეს" ამ ცხოვრებით, მიიღოს მისგან (ამა სოფლისაგან) მაქსიმალური სიამოვნება. ამ პროცესს თან სდევს მოწოდებები: „ოჯახის შექმნას ყოველთვის მოასწრებ", „ეს ხომ შენი ცხოვრებაა, იცხოვრე ისე, როგორც გსურს" და ა.შ. დიდად სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ცხოვრების წესი ინერგება ჩვენს ქვეყანაში, მართლმადიდებელ ხალხში. რა თქმა უნდა, „პროგრესისტები" არ ჩამორჩებიან ამ „ინტელექტუალურ მოდას", რა „პროგრესისტები" იქნებიან, თუ ჩარჩნენ შუა საუკუნეების გადმონაშთში... შედეგად, უმძიმესი ცოდვა ნორმად, ცხოვრების წესად ყალიბდება.

   კიდევ უფრო მძიმდება ვითარება, როდესაც ქალწულების ინსტიტუტისადმი ნეგატიურ მიდგომას ამჟღავნებს უფროსი თაობა. რაოდენ გასაკვირიც იყოს, ზოგიერთი თეოლოგი და სასულიერო პირიც კი არაფრად მიიჩნევს ქალწულების სათნოებას და ამბობს, რომ წმინდა წერილი მკაფიოდ არაფერს ამბობს მასზე.

   ასე რომ, ჩვენს წინაშე რამდენიმე საკითხია გასარკვევი:

   1) აქვს კი ქალწულების ცნებას დასაყრდენი წმინდა წერილში?

   2) როდის და ვინ დაიწყო ქალწულების ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლა?

   3) რას ამბობს ეკლესია და ტრადიცია ზემოხსენებული საკითხების შესახებ?

   4) და ბოლოს, რა მიზანს ისახავს ამ ცნობიერების ამოშლა-წაშლა ჩვენი საზოგადოების გონებიდან?

  

   პირველი კითხვის პასუხი:

   1) წმინდა ეკლესია გვასწავლის, რომ ქალწულება ოდესღაც სამოთხეში არსებობდა. და ის გველისაგან განიხრწნა (წმ. იოანე ოქროპირი). ამიტომ ქრისტეშობამდე ეს სათნოება ნაკლებად ჩანდა და ფასობდა ქრისტეს განკაცების შემდეგ ქალწულებისადმი კრძალვა კვლავ დაუბრუნდა კაცობრიობას.

   ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ქალწულების ზეიმი, ვინაიდან წმინდა ეკლესია ღვთისმშობელს სამგზის ქალწულად მოიხსენებს: ქრისტეშობამდე ქალწულად, შობის დროს ქალწულად და შობის შემდგომ ქალწულად. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატი ქალწულ მარიამის შესახებ.

   ამ დღიდან იღებს სათავეს ქალწულებრივი ღვაწლი ქრისტიანულ სამყაროში. თავად წმინდა სახარებაში მაცხოვარი ხაზგასმით მიგვითითებს ამ ღვაწლის მნიშვნელობაზე, როდესაც ბრძანებს: „რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თვისისა საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათასა. რომელი შემძლებელ არს დატევნად დაიტიონ" (მათ. 19. 12). ეკლესიის განმარტებით, „საჭურისებში", რომლებმაც „გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის" მოიაზრებიან სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც იტვირთეს ქალწულების ღვაწლი.

   პავლე მოციქული ბრძანებს: „მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი. არამედ კაცად-კაცადსა თავისი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ. ვიტყვ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე, ხოლო უკუეთუ ვერ დაითმინენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განხურვება" (1 კორ. 7. 8-9). ანუ ვისაც სურს სრულიად საკუთარი თავი მიუძღვნას ღმერთს, შეიკავოს თავი ქორწინებისაგან და შეუდგეს მონაზვნურ, ქალწულებრივ ცხოვრებას. მაგრამ ეს მოწოდება ყველას არ ეხება, მხოლოდ მათ, ვისაც ხელეწიფება მსგავსი ღვაწლი, თავშეკავება და მონაზვნურ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზება.

   ქრისტიანობის პირველივე ეპოქაში შეინიშნება ამ ღვაწლისკენ ლტოლვა. უკვე მესამე-მეოთხე საუკუნეებში ამ ღვაწლს ჩამოყალიბებული ხასიათი მიეცა. მას ეწოდა მონაზვნური ცხოვრების წესი, რომელიც რამდენიმე სახისაა (განდეგილური, სკიტური, საერთო მონასტრული). მსგავს ღვაწლს ეკლესია ამ მიიჩნევს ყველასთვის სავალდებულოდ. ამიტომაც ბრძანა მაცხოვარმა: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუა ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს" (მათ. 19. 11). ე.ი. არა მხოლოდ ქალწულებრივი ცხოვრება, არამედ მეუღლეობრივი ქორწინებითი კავშირიც კურთხეულია ღვთის მიერ: „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმა" (ებრ. 13. 4). თუმცა მონაზვნობა უფრო ამაღლებული სათნოებაა. წმ. კირილე იერუსალიმელის თქმით, ქორწინება - ვერცხლია, ხოლო ქალწულობა - ოქრო (წმ. კირილე იერუსალიმელი. მე-4 სიტყვა).

   მეორე კითხვის პასუხი:

   2) მეთხუთმეტე საუკუნემდე, ქრისტიანული სამყარო ერთხმად აღიარებდა ქალწულებრივი ცხოვრების სიდიადეს. ამ პერიოდიდან, რელიგიური თუ მსოფლმხედველური ნიშნით, იწყება ღია ბრძოლა ქალწულების წინააღმდეგ.

   რომაულ-კათოლიკური ორდენის ბერი, შემდეგში პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი მარტინ ლუთერი შეურაცხყოფს მის მიერვე დადებულ ქალწულების აღთქმას და მონაზონზე ქორწინდება. ამის შემდეგ არავის გაკვირვებია, რომ პროტესტანტიზმმა „იდეოლოგიური" ბრძოლა გამოუცხადა ქალწულების ინსტიტუტს და საჯაროდ გააუქმა ის თავის წიაღში. მას მიჰყვნენ მრავალრიცხოვანი სექტები, რომლებიც სოკოებივით მრავლდებიან ერთიმეორის მიყოლებით. (გაგრძელება...)

  

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება