მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ყოველი ქრისტიანი დიდი კრძალულებით უნდა მიეახლოს ამ წმიდა ქალაქს
ყოველი ქრისტიანი დიდი კრძალულებით უნდა მიეახლოს ამ წმიდა ქალაქს24-04-2018, 00:04 |
ნეტარი იერონიმე მოგვითხრობს, რომ ქ. ნაზარეთში, იმ ადგილას, სადაც მთავარანგელოზმა ახარა ქალწულ მარიამს მაცხოვრის მოვლენა, IV საუკუნეში აგებული იყო ხარების სახელობის ტაძარი. ამჟამად იქ მდებარეობს დიდგალავანშემორტყმული ლათინთა მონასტერი. თავად ნაზარეთი გარშემო არაფრით არ არის დაცული. ქალაქის მფარველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია. გარდა ლათინთა (კათოლიკეთა) მონასტრისა, ნაზარეთში არის არაბულ - მართლმადიდებლური ტაძარი. იგი აგებულია ქალაქის ბოლოს, თაბორის მთისკენ მიმავალ გზაზე. ტაძრის მშენებლობას რუსეთის მეფენი ხელმძღვანელობდნენ, ადრე კი ამ ადგილზე წმ. ელენეს მიერ აგებული ტაძარი იყო. შიგნით, ეკლესიაში, არის ღრმა აუზი. გადმოცემის თანახმად წმიდა ოჯახი ამ აუზის გვერდით ცხოვრობდა ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ. აუზში წყალი სუფთა და ანკარაა, იგი სასწაულთმოქმედია. მრავალი რწმენით მისული ადამიანი განიკურნა ამ წყლით. დღესაც, განსაკუთრებით ხარების დღესასწაულზე, მრავალი ადამიანი ჩადის ნაზარეთში, ესწრებიან საღმრთო ლიტურგიას და სვამენ სასწაულთმოქმედ წყალს. მართლმადიდებელნი ევედრებიან ღვთისმშობელს სულიერი ძალის მონიჭებას, სნეულებათაგან განკურნებას, მეოხებას ღვთის წინაშე. ამჟამად ნაზარეთი პატარა დასახლებაა. არაბები მას ნაზირას უწოდებენ. ქალაქში 3000-მდე მაცხოვრებელი ბერძენი, არაბი, ლათინი და მაგომეტანია. პალესტინაში ჩასული ყოველი მორწმუნე განსაკუთრებული კრძალულებით უნდა მიეახლოს ამ წმიდა ქალაქს. ნაზარეთში ცხოვრობდნენ ღვთისმშობლის მშობლები წმ. იოაკიმე და წმ. ანა; იქ ცხოვრობდა მარიამ ღვთისმშობელი იოსებ დამწინდველის სახლში; ამ ქალაქში მოხდა უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში - ხარება მაცხოვრის ამქვეყნად მოვლენისა; ნაზარეთში გაატარა უფალმა იესო ქრისტემ მიწიერი ცხოვრების 30 წელი; ამიტომაც თვით მაცხოვარს უწოდეს „ნაზარეველი", მის მიმდევრებს კი დღემდე „ნაზარეველებს" უწოდებენ.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |