მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > თავნი გონებით ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)
თავნი გონებით ლოცვის შესახებ (ნაწილი 1)1-12-2017, 00:03 |
ლოცვა - უმთავრესი და უდიდესი ძალაა, რომელიც მლოცველს ააღორძინებს და მას სულიერ და ხორციელ სიჯანსაღეს ანიჭებს.
● ● ● ლოცვა - თვალები და ფრთებია ჩვენი სულისა, მისგან გვეძლევა კადნიერება და ძალა ღმრთის ხილვისა.
● ● ● ამრიგად, ძმაო ჩემო, ილოცე ბაგეებით, სანამ არ განგანათლებს საღმრთო მადლი და შეგაძლებინებს, გულით ილოცო. მაშინ შენში შინაგანად აღსრულდება სასწაული - იზეიმებ და მოილხენ და უკვე ბაგეებით კი არა, გულში მოქმედი ყურადღებით ილოცებ.
● ● ● თუ ნამდვილად გსურს, ყოველგვარი არაქრისტიანული აზრი განდევნო და გონება განიწმინდო, ამას მხოლოდ ლოცვით მიაღწევ, რადგანაც ჩვენი გულისსიტყვების მოწესრიგებას ლოცვაზე უკეთ სხვა ვერაფერი შეძლებს.
● ● ● იცოდე - თუ მცონარე ხარ და დაუდევრად ლოცულობ, წარმატებული ვერ იქნები უფლისადმი ერთგულებაში და ვერც გულისსიტყვებისგან დამშვიდდები და ვერც გადარჩები.
● ● ● იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვის დროს მოვუხმობთ, თვითონ ფლობს ძალას. ნუ შეგაშფოთებს შენი ლოცვის არასრულყოფილება და სიმშრალე, მოთმინებით ელოდე საღმრთო სახელის ხშირი მოხმობის შედეგად გამოღებულ ნაყოფს.
● ● ● ჩვენი ზნეობრივი ძალები, თუ მათ ლოცვა მართავს, ყველა განსაცდელზე ძლიერი ხდება და მათზე იმარჯვებს.
● ● ● ხშირი ლოცვა ჩვევაში გადაიზრდება. ამის შემდეგ იგი დაუყოვნებლივ იქცევა მეორე ბუნებად და ხშირად გული და გონება უმაღლეს სულიერ მდგომარეობამდე მიჰყავს. წმინდა და ჭეშმარიტი ლოცვითი სიმაღლეების მისაღწევად ხშირი ლოცვა ერთადერთი საშუალებაა და აგრეთვე საუკეთესო მეთოდია ლოცვაში მოსამზადებლად. ამასთან ლოცვაში სრულყოფილების მიღწევის და შენი გადარჩენის ყველაზე უსაფრთხო გზაა.
● ● ● ყოველ ჩვენგანს შეუძლია მოიპოვოს შინაგანი ლოცვა, რაც ღმერთთან ერთობის საშუალებაა. იგი უსასყიდლოდ გვეძლევა, მხოლოდ მცდელობაა აუცილებელი, რათა მდუმარების უფსკრულში და გულის სიღრმეში ჩავიძიროთ. ასევე გვმართებს ვეცადოთ, რომ შეძლებისამებრ ხშირად მოვუხმოთ იესო ქრისტეს უტკბილეს სახელს, რომელიც ადამიანს სიხარულით აღავსებს. საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჩვენი შინაგანი სამყაროს გამოძიება საშუალებას გვაძლევს, შევიცნოთ ადამიანი, როგორც საიდუმლო, განვიცადოთ საკუთარი თავის შეცნობის სიხარული და დავღვაროთ სინანულის ცხარე ცრემლი საკუთარი დაცემისა და ნების უძლურების გამო.
● ● ● დაე, შენმა სულმა ლოცვაში ჩადებული აზრები მთელი სიყვარულით გაითავისოთ, რათა გონება, დაფარული სიტყვა (ენდიათეტონ ლოგოს) და შენი ნება, სულის ეს სამი შემადგენელი, იყოს ერთი და ერთში თავს იყრიდეს სამი - ამ გზით ადამიანი წმიდა სამების ხატი ხდება, ურთიერთობას ამყარებ და უერთდება თავის პირველ სახეს. როგორც გონებით ლოცვის დიდმა ხელოვანმა და მასწავლებელმა, ღვთაებრივმა გრიგოლ პალამა თესალონიკელმა ბრძანა: „როდესაც ერთი გონება გასამდება და მაინც ერთი დარჩება, მაშინ შეუერთდება სამება - ერთღმრთაებას. იმავდროულად ყოვლგვარი ხიბლის შეღწევა გონებაში გამოირიცხება და იგი ხდება ხორცზე, სოფელზე და ოფლისმპყრობელ ეშმაკზე აღმატებული".
● ● ● ლოცვის მიზანია, ადამიანი ღმერთთან შეაერთოს და მის გულში ქრისტე დაამკვიდროს.
● ● ● სადაც ლოცვა მოქმედებს, იქვეა ქრისტე მამასა და სულიწმიდასთან ერთად - სამება ერთარსი და განუყოფელი.
● ● ● სადაც ქრისტეა - ნათელი სოფლისა, საიქიოს მარადიული ნათელი, მშვიდობა და სიხარული, ანგელოზები და წმიდანებიც იქვეა; იქ სასუფევლის ზეიმია.
● ● ● ნეტარ არიან, რომელთაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ნათელი სოფლისა - ქრისტე შეიმოსეს, რამეთუ მათ უკვე შეიმოსეს სამოსი უხრწნელებისა.
● ● ● ამრიგად, გონებით ლოცვის მიზანია, ადამიანის გულში შემოუძღვეს ქრისტეს და იქიდან ეშმაკი განდევნოს, შემუსროს მთელი მისი საქმე, რაც მან ცოდვის საშუალებით მოიმოქმედა. „ამისთვის გამოცხადნა ძე ღმრთისაი, რაითა დაარღვივნეს საქმენი ეშმაკისანი" (1 ინ. 3, 8) - ამბობს ქრისტეს საყვარელი მოწაფე. იცის რა ამ ხუთსიტყვიანი ლოცვის გამოუთქმელი ძალა, ეშმაკი მას გაშმაგებით უმხედრდება და ცოფმორეული ებრძვის.
● ● ● დემონებმა ეშმაკულთა პირით უთვალავჯერ აღიარეს, რომ ლოცვა მათ ბუგავს.
● ● ● რადგანაც ქრისტე სოფლის ნათელია, ყველა, ვინც მას ვერ ხედავს და მისი არ სწამს, რა თქმა უნდა, ბრმა არის. და პირიქით, ნათლისკენ მიემართებიან ისინი, რომლებიც ქრისტეს მცნებათა აღსრულებისთვის იღვწიან, მას აღიარებენ, ეთაყვანებიან და როგორც ღმერთს ემსახურებიან. ვინც აღიარებს, რომ მისი ღმერთი და უფალი ქრისტეა, მას ამ სახელის მთელი ძალით მოწოდება ღვთის ნების აღსასრულებლად განამტკიცებს. თუ მლოცველი არ გაძლიერდა, მაშინ ცხადი ხდება, რომ იგი ქრისტეს მხოლოდ პირით აღიარებს, გულით კი მისგან შორსაა. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |