მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ელეონის მთა
ელეონის მთა9-03-2018, 00:04 |
დღეს ისრაელში ბევრი მოგზაურობს, მაგრამ პირველი საუკუნეების იმ ქრისტიანთა მონათხრობი, რომლებმაც წმ. მიწა მოიხილეს, ინტერესს მაინც არ ჰკარგავს მით უფრო, რომ დრომ იმ შორეული საუკუნეების სინამდვილიდან ბევრი რამ გააფერმკრთალა და წარსულს მიაბარა. მონტე კასინოს დიაკონის, პეტრეს გადმოცემით, ელეონის ანუ ზეთისხილის მთა იერუსალიმიდან ათასი ნაბიჯითაა დაცილებული. მართალია, იგი სიონის მთის სიმაღლისაა, მაგრამ მასზე გრძელიცაა და განიერიც. ელეონი მთაზე ვაზისა და ზეთისხილის გარდა სხვა ძალზე ცოტა იზრდება. ავტორის თქმით, სპეციფიკური ნიადაგის გამო ელეონის მთაზე კალია არ მრავლდება. ამდენად აქ უხვად ხარობს ხორბალი, ქერი, მრავლად იზრდება ბალახი და ყვავილებით იფარება არემარე. როგორც ცნობილია, სწორედ ამ მთიდან ამაღლდა ზეცაში უფალი. მისი ამაღლების ადგილზე მრგვალი ტაძარი იდგა. მას IV საუკუნის მოგზაური ქალბატონი, სილვია აკვიტანელი, იმბომონს უწოდებს. მთის წვერზე აღმართულ მრგვალ ტაძარს გარშემო სამი კამაროვანი პორტილი ჰქონდა. შიდა ნაგებობა, ვინაიდან უფალი ფიზიკურად აქ მოძრაობდა და აქედან ამაღლდა ხორციელად, ღიად, გადახურვის გარეშე იყო დატოვებული. პეტრე დიაკონის თქმით, ტაძრის შუაგულში, ცის ქვეშ ისევ შეიმჩნეოდა უფლის უკანასკნელი ნაკვალევი, რომელიც მან ამაღლების წინ დატოვა დედამიწაზე. ნაკვალევი მაინც შეიმჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნეებს ამ ადგილიდან სისტემატურად მიჰქონდათ მიწა. ამ ადგილს, კაცის სიმაღლის სპილენძი ჰქონდა შემოვლებული, სადაც მლოცველი დასავლეთიდან შედიოდა, ზემოდან კი დიდი, მუდმივად ანთებული კანდელი ეკიდა. ეკლესიას აღმოსავლეთით, ჩვეულებისამებრ საკურთხეველი ჰქონდა, დასავლეთით კი რვა სარკმელი, რომელთა მოპირდაპირე მხარეს ამდენივე კანდელი ენთო. ყოველ წელს, ამაღლების დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდებოდა, რომ ყველას, ტაძარში მყოფს, მიწაზე აგდებდა. ვინ იცის, ამ სასწაულით ისინი მოციქულებს დარად ღირსნი ხდებოდნენ უშუალოდ განეცადათ ღვთის ამაღლების საიდუმლო.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |