მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > იეღოველთა სექტის სამხილებლად - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
იეღოველთა სექტის სამხილებლად - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)1-03-2018, 00:03 |
იეღოველები ამბობენ, რომ ქრისტე ჯვარს კი არ ეცვა, არამედ ბოძს მიალურსმნეს. არსებობს თუ არა საფუძველი ასეთი მტკიცებისათვის? იეღოველებისათვის ერთადერთი დასაყრდენი ამ საკითხში შეიძლება იყოს თალმუდი, რომელშიც წერია, რომ ქრისტე ბოძზე დაკიდეს. თალმუდის ამ პასაჟის მიზანია დაამტკიცოს, რომ სამსჯავრო, რომელზეც ქრისტეს სიკვდილი განუჩინეს, იუდაური მართლმაჯულების იურიდიული ნორმების დაცვით წარიმართა და სასჯელი ნაკლებად სასტიკი იყო. იქვეა ნაამბობი, რომ სიკვდილით დასჯა ორმოცი დღით გადაიდო. ამ ხნის მანძილზე „ჰუმანური" სინედრიონი შიკრიკებს გზავნიდა იუდეის ქალაქებში და სამსჯავროზე გამოსასვლელად იწვევდა ყველას, ვისაც დამნაშავის სასარგებლოდ რაიმეს თქმა შეეძლო, მაგრამ ასეთი, თალმუდის მოწმობით, არავინ მოიძებნა. როგორც ვხედავთ, იეღოველებმა ეს ვერსია მხოლოდ ნაწილობრივ მიიღეს. თალმუდის წიგნების კრებული V-VI საუკუნეებში შეადგინეს, ასე რომ, იგი ფორმალური თვალსაზრისითაც კი გვიანდელი დოკუმენტია, რომელსაც უტყუარ მოწმობად ვერ მივიღებთ. რაც შეეხება I საუკუნის მოწმობებს, ახალი აღთქმის გარდა ჯვრის შესახებ მოციქული ბარნაბაც წერს თავის ეპისტოლეში. იქ კი ჯვრის ფორმას ასო T-ს ადარებს. ამ ასოს გრაფიკული მოხაზულობა მთელ ბერძნულ ანბანში ყველაზე მეტად წააგავს ჯვარს. მოციქულს რომ ეფიქრა, ქრისტე ბოძს მიაკრესო, იოტას არჩევდა, რომელიც ვერტიკალური ხაზია და არა ორი ხაზის გადაკვეთა. ახალი აღთქმა უკვე პირველ საუკუნეებში მთლიანად ანდა ფრაგმენტულად იყო თარგმნილი მსოფლიოს მრავალ ენაზე. მთარგმნელები იყვნენ ადამიანები, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ ბერძნულსაც და ადგილობრივ ენებსაც. არც ერთ ამ თარგმანში სიტყვა „ჯვარი" „ბოძით" არ შეუცვლიათ. უკვე მოციქულთა დროს ქრისტიანული თემები დაარსდა უზარმაზარ ტერიტორიებზე ბრიტანეთიდან ინდოეთამდე, ეგვიპტიდან სკვითების მხარემდე. ღვთისმსახურება ეკლესიის უწყვეტ შინაგან ცხოვრებას წარმოადგენდა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომას ღმრთისმსახურებაში ცენტრალური ადგილი ეჭირა. ჯვარი იდიდებოდა ქრისტიანული ეკლესიის ლიტურგიასა და ჰიმნოგრაფიაში, ამ ეკლესიებს კი ერთმანეთისაგან უზარმაზარი ზღვები და სივრცეები ჰყოფდა. სრულიად აბსურდული ვარაუდია, რომ ვინმეს შეცდომას ანდა თვითნებობის გამო შეუძლებელი იყო მთელ ქრისტიანულ სამყაროში სიტყვა „ბოძის" „ჯვრით" შეცვლა. ასეთი გლობალური და გასაოცარი სიყალბე კრიმინოლოგიის ისტორიას არ ახსოვს. სიტყვა „ჯვარი" არა მარტო ბერძნულ ტექსტში გვხვდება, არამედ ძველ ლათინურენოვან მწერლებთანაც. ტერტულიანე (II-ს) რომაელ იმპერატორებს ასე მიმართავს: „თუკი ჩვენ ჯვრის თაყვნისცემას გვაყვედრიან, ამისი არ გვრცხვენია" („აპოლოგია", „უფლის ლოცვისათვის"). ქრისტიანები რომ ჯვარს სცემდნენ თაყვანს, თვითონ წარმართებიც გვიმოწმებენ: კეისართა სასახლეების ნანგრევებში იპოვეს ჯვარცმის გამოსახულება, რომლის წინაშე მუხლმოყრილი ქრისტიანები დგანან. წარწერა ღაღადებს „ალქსემენოსი თაყვანს სცემს თავის ღმერთს". ეს მოწმობს, რომ ჯვარი ქრისტიანობის ემბლემა და ღრმა მოწიწების საგანი იყო კონსტანტინეს (IV ს.) ეპოქამდე კარგა ხნით ადრე, როდესაც, იეღოველების აზრით, იმპერატორის ხელისუფლებამ ბრძანებით შემოიღო ქრისტიანების ლიტურგიკულ ცხოვრებაში ჯვრის თაყვანისცემა და მისი იკონოგრაფიული გამოსახულებები.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |