მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


15-05-2017, 14:31

 

   ნინოს შეკითხვა: უღრმესი მადლობა მამაო. დავაკონკრეტებ, არ მყავს მოძღვარი. მინდა მყავდეს და ეკლესიური ცხოვრება დავიწყო... სულ მაწუხებს ფიქრები რომ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი, თუმცა ბევრჯერ დავბრკოლდი. არ ამირჩევია მოძღვარი და არ ვიცი როგორ ავარჩიო. ხშირად მიმიღია რჩევა ახლობლისაგან, რომ შემიძლია ზოგადი აღსარება ნებისმიერ მამაოს ჩავაბარო (მე თვითონ მაინტერესებს ზოგად აღსარებაში რა იგულისხმება) და შემდეგ შევძლებ მოძღვრის არჩევას. არ ვგულისხმობ ცოდვის დამალვას. მაინტერესებს აღსარების რა ფორმა ჯობია - ჩამონათვალი როგორც წიგნებშია მოცემული, თუ ჯობია თვითონ დავწერო დაწვრილებით? მე თვითონ მეორე ვარიანტი მირჩევნია, რათა ხინჯად არ დამრჩეს გულში არაფერი. ბოლო კითხვა გამიჩნდა იმიტომ, რომ სადღაც წამიკითხავს, თითქოს მოძღვარი არ უნდა დაამძიმო ცოდვის დეტალური აღწერით. რას მირჩევთ?

   პასუხი: მოძღვრის არჩევა არ არის იოლი საქმე. ერთი ნახვით ამას ვერ განსაზღვრავთ, ამიტომ ნუ იჩქარებთ რომელიმე მოძღვრის ერთი აღსარებით სულიერ მოძღვრად სახელდებას. თუმცა აღსარება ყოველთვის უნდა იყოს გულწრფელი. თუ მოძღვართან გიჭირთ გულის გახსნა, ის ვერ გამოდგება სულიერ მოძღვრად.

   აღსარების ფორმას რაც შეეხება, ნებისმიერი გამოდგება, მთავარია სინანული.

   ცოდვის დეტალურ აღწერაში იგულისხმება ცოდვის არშელამაზება. კონკრეტული ცოდვა მკაფიოდ უნდა წარმოჩინდეს, თუმცა ეს არ გულისხმობს მაგ, პიროვნებების დასახელებას, რომლებიც კავშირშია ჩვენს ცოდვასთან.



დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება