მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ხატი - ჩვენი ბუნების მოთხოვნილებაა
ხატი - ჩვენი ბუნების მოთხოვნილებაა31-03-2017, 00:05 |
დიდი მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია „მართლმადიდებლობის ზეიმს" უწოდებს. ეს დღესასწაული წმიდა ხატების თაყვანისცემის აღდგენის გამო იყო დადგენილი, ე.ი. წმიდა ეკლესიას ხატთაყვანისცემის დოგმატი გააჩნია. რატომ არის ეს დოგმატი ესოდენ მნიშვნელოვანი? - პირველი მიზეზი ის არის, რომ ხატების თაყვანისცემა ადამიანური ბუნების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. წმ. იოანე კრონშტანდტელი ამბობს: „ხატი ჩვენი ბუნების მოთხოვნილებაა". შეუძლია კი ადამიანურ ბუნებას წმიდა ხატების უგულებელყოფა? შეგვიძლია კი, ადამიანის სახის აღქმა მისი წინასწარი გამოსახვის გარეშე? განა, თვით მაცხოვარმა არ მოგვანიჭა გამოსახვისა და აღქმის ნიჭი? ხატწერა არა უბრალო, არამედ წმინდა ხელოვნებაა. სამწუხაროდ მრავალნი, მართლმადიდებელი მორწმუნეც კი, მას უბრალოდ ხელოვნების კრიტერიუმებით აფასებენ. ხშირად გაიგონებთ, რომ ტრადიციული ხატები არარეალისტური ან არაბუნებრივიაო, მაგრამ ამსოფლიური კრიტერიუმებით წმინდანებიც ხომ არაბუნებრივნი არიან. ამ საგნის მიღმა ანალიზი მხოლოდ სულიერი საწიერით არის შესაძლებელი. წმინდანების რეალისტური გამოსახულება ყოვლად მიუღებელია, რადგან იგი მხოლოდ მიწიერი მდგომარეობის გამომხატველია. ტრადიციული ხატწერა გამოხატავს წმინდანებს ისეთებად, როგორებიც იყვნენ სულიერი თვალსაზრისით. ამგვარი ხელოვნება მიმართულია არა გრძნობების, არამედ სულიერებისაკენ. აი ამიტომ, კანონიკურ ხატებს უბრალო მხატვარი ვერ დაწერს. ხატწერის პერიოდში ადამიანი მარხვასა და ლოცვაში უნდა იმყოფებოდეს. ხატი არ უნდა შეფასდეს, როგორც ხელოვნების ნიმუში. მისი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ დაეხმაროს ადამიანს გულისა და გონების ზეცისაკენ მიმართებაში. მართლმადიდებლური ხატები, ისევე როგორც ნებისმიერი მართლმადიდებლური სიწმინდე, სულიერად დაცემული კაცობრიობისათვის წარმოადგენს იმ მარადიულ და შეუცვლელ ფასეულობას, რამაც მართლმორწმუნეთა სწორი, მაცხოვნებელი გზის არჩევა განაპირობა. მართლმადიდებლური სწავლების, ხატწერისა და ტრადიციის შეუცვლელობა არის ერთ-ერთი მოწმობა იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ ჭეშმარიტებას. სწორედ ამას გვასწავლის წმინდა ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმის კვირიაკეს. ეს არის რწმენა მოციქულებისა, წმინდა მამებისა. ეს არის რწმენა, რომლის წყალობითაც სულდგმულობს მთელი ქვეყნიერება.
მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |