მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 7 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება ცხრა ძმათა კოლაელთა - კოლაში, მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილთა (VI)

7 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება ცხრა ძმათა კოლაელთა - კოლაში, მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილთა (VI)


7-03-2017, 00:05

 

   წმიდა მოწამე ცხრა კოლაელი ყრმა: გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი VI საუკუნეში აღესრულნენ მოწამეობრივად. ისინი მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.

   სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

   ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. „თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ არს შემოსლვაჲ თქუენი სახლსა ღმრთისასა" ეუბნებოდნენ მათ.

   ყრმები თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. „უკუეთუ გნებავს შემოსლვად ჩუენ თანა ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ნათელ-იღეთ სახელისა მიმართ მისისა და ეზიარენით საიდუმლოთა მისთა და შეგუერთენით ქრისტეანეთა" აუხსნეს ყრმებს მეგობრებმა.

   ყრმებმა სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში.

   ბავშვებმა საოცარი მოთმინებით აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩვენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთა". ვერც მოფერებამ, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. „ჩუენ ქრისტიანენი ვართ და არარაჲ გჳჴმს თქუენგან, არამედ განგჳტევენით და წარვიდეთ ქრისტეანეთა თანა", - ითხოვდნენ ისინი.

   შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ყოველივე აუწყეს. მთავარმა მათ უთხრა: „შვილნი თქუენნი არიან, ჴელმწიფებაჲ გაქუს, უყავთ, რაჲცა გნებავს". წარმართებმა მთავრისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. „ჩუენ ქრისტეანენი ვართ და მისთჳსცა მოვსწყდებით და მოვკუდებით, რომლისა მიმართ ნათელ-ვიღეთ", - ეს იყო ყრმათა უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ბრბომაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს.

   ეს ამბავი მოხდა სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება