მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა გრიგოლ პალამას ხსენება (დიდმარხვის მეორე კვირა)
წმიდა გრიგოლ პალამას ხსენება (დიდმარხვის მეორე კვირა)30-03-2024, 16:23 |
წმიდა გრიგოლ პალამას ხსენებას ორჯერ ვდღესასწაულობთ - 14 ნოემბერსა და დიდმარხვის მეორე კვირას. წმიდა მამა მთელი ცხოვრების განმავლობაში სიტყვით თუ საქმით იბრძოდა მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის. მან ოცი წლისამ დატოვა კონსტანტინოპოლი და წმიდა ათონის მთაზე ბერად აღიკვეცა. 1340 წელს იგი დაუბრუნდა ბიზანტიის დედაქალაქს, რათა დოგმატურ ბრძოლაში ჩაბმულიყო. 1347 წელს წმიდა გრიგოლ პალამა თესალონიკის არქიეპისკოპოსი გახდა, თუმცა მას არ დაუტოვებია კონსტანტინოპოლი, სადაც თოთხმეტი წლის მანძილზე რამდენიმე საეკლესიო კრება და სინოდი შედგა. ამ თავყრილობებზე იგი თეოლოგიური რაციონიზმის მიმდევართა წინააღმდეგ გამართულ პოლემიკაში მონაწილეობდა, ათონის მთის ისიხასტი ბერების ასკეტური და მისტიკური სწავლების შესახებ ეკამათებოდა კალაბრიელ ბერს ბარლამს, აკვინდინეს, გრიგორას. ამგვარი ღვაწლის აუცილებლობამ აიძულა იგი მიეტოვებინა ათონის მთის სულიერი გარემო, ლოცვა-მჭვრეტელობითი ცხოვრება და დროებით თესალონიკის კათედრას დაბრუნებოდა. დაწვრილებით არ მოვყვები წმიდა მამის გადმოცემას, რისთვისაც მას არაერთხელ მკაცრად აგებინეს პასუხი. ამჯერად, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია არა დოგმატური, არამედ კანონიკური მხარე, რომელიც ცხადყოფს: ჭეშმარიტების კრიტერიუმს ფლობს ეკლესია და არა კრება. აი, რას წერს მაგისტრ-იღუმენი მოდესტა თავის თხზულებაში, რომელიც წმიდა გრიგოლ პალამას ეძღვნება: "მართალია, წმიდა პალამამ დატოვა კონსტანტინოპოლი, თითქმის ორი წელიწადი მოღვაწეობდა ჰერაკლეს ერთ-ერთ მონასტერში და არანაირად არ ერეოდა პოლიტიკაში, 1343 წელს პატრიარქმა კალეკამ, რა თქმა უნდა, აკვინდინეს დაბეზღებით, დედაქალაქს გამოიწვია წმინდანი და ციხეში ჩასვა. მიზეზი ვითომ მრავალღმერთიანობის სწავლების გავრცელება და კანტაკუზინთან კავშირი გახდა. საჭირო იყო ბრალდებას კანონიკური სახე ჰქონოდა. ამიტომ პატრიარქმა კალეკამ სთხოვა ანტიოქიის პატრიარქს ეგნატეს, რომ განეხილა პალამას სწავლება. ეგნატე 1344 წელს ჩამოვიდა ბიზანტიაში, გაესაუბრა კალეკას და სრულიად გაუსამართებლად დაუწერა პალამას საბრალდებო თხზულება. კალეკამ გამოაქვეყნა ეს ტექსტი, ხოლო მომდევნო 1345 წელს წმიდა გრიგოლ პალამას სამხილებლად და დასასჯელად ბიზანტიაში მოიწვია კრება. საპყრობილიდან სასამართლო კრებაზე მოიყვანეს პალამა. მან დამწუხრებულმა იხილა თავისი ადრინდელი თანამებრძოლები (მაგალითად, ნიკიფორე გრიგორასი, რომელიც მასთან ერთად იყო ბარლაამის წინააღმდეგ მართლმადიდებლობისათვის ბრძოლაში). ისინი ახლა მისი ბრალმდებლები და მტრები გამხდარიყვნენ. ყველა იყო მის წინააღმდეგ და არავინ – მისკენ, უფრო ზუსტად - მართლმადიდებლობისკენ. დიდხანს ეკამათებოდა წმიდა მამა ბრალმდებლებს და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მხოლოდ მსჯავრდება სურდათ მისი. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა არც კი ეპასუხა ბრალდებებისათვის. მაშინ პატრიარქმა კალეკამ მრავალღმერთიანობის გავრცელება დასწამა პალამას, განაყენა იგი ეკლესიისაგან და კვლავ საპყრობილეში გაგზავნა. ამგვარად გადაწყვიტეს წმიდა გრიგოლ პალამას საქმე ორმა პატრიარქმა და კრებამ. მაგრამ ვინ იყო მართალი? სიცოცხლეშივე გაამართლეს წმიდა პალამა. დიდი მხარდაჭერა ჰპოვა პალამიზმმა იოანე კანტაკუზინის იმპერატორობის ხანაში და მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად ოფიციალურ მართლმადიდებლურ სწავლებად დაადგინეს ვლაქერნის მონასტერში 1351 წელს. წმიდა გრიგოლ პალამა 1359 წელს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1378 წელს ეკლესიამ ეს "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" წმინდანად შერაცხა. ჭეშმარიტებისათვის ერთგულ მებრძოლს ასე განადიდებს ეკლესია: "მართლმადიდებლობისა სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგორი, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოისა მადლისაო, ევედრე მარადის ცხოვრებად სულთა ჩვენთა". გულისხმავყოთ, ძმანო, ეს ისტორია, არანაკლები საყურადღებო, ვიდრე ფლორენციის კრება. თუმცა ხსენებულ ამბავს მეტნაკლებად იცნობს საზოგადოებრიობა, ხოლო პირველის შესახებ, ვგონებ, არც სმენიათ თვით განათლებულ ადამიანებსაც კი.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |