მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №22 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №22 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)26-10-2015, 00:00 |
ძალიან კარგია, როდესაც კაცი მუდმივად ხედავს და აღიარებს თავს ცოდვილად. საკუთარი თავის ასეთი ხედვის შედეგად სული მუდმივად სიმდაბლესა და ღმერთისთვის სათნო მწუხარებაშია. მაგრამ ეს ხედვა კეთილგონიერებით უნდა იყოს განზავებული და ზომას არ უნდა გადასცდეს, თორემ ის შეიძლება მავნეც გახდეს და სრულიად აუბნიოს კაცს თავგზა. ჩემი ბუნება ცოდვით არის დაზიანებული, ამიტომ ყოველი კაცის გული თავისთავად უამრავ სარეველას აღმოაცენებს. ასე რომ, ვინც საკუთარ თავში ამ სარეველას დაინახავს, არ უნდა გაუკვირდეს ეს, როგორც რაღაც არაჩვეულებრივი, არ უნდა შეიპყროს დაბნეულობამ და უიმედობამ. ეს ასეც უნდა იყოს! გულის სარეველა თავისას შვრება - იზრდება და მრავლდება, გამარგლიან და ისევ ამოიყრის. ჩვენ კიდევ ჩვენსას უნდა ვეცადოთ: ვმარგლოთ და ვმარგლოთ მწარე ბალახი. ამით კაცში სიმდაბლე იშვება, სიმდაბლეზე კი ღმრთის წყალობა გადმოდის. ყოვლად ძლიერი და ყოვლად მოწყალე ღმერთი თვალს არ გვაშორებს: ის იმიტომაც უშვებს ჩვენზე ისეთ განსაცდელებს, რომლებსაც სიმდაბლემდე მივყავართ, რომ თავისი წყალობა მოგვანიჭოს. ყველაფერს თავისი დრო აქვს: არის მიწის დამუშავების დრო, თესვის, მერე კი მკისა, სხვა ჟამი დგება ლეწვისა, სხვა - დაფქვის, გამოცხობის, და ბოლოს, პურის ჭამის დრო. ყოველი ადამიანის სული, ვინც ღმერთის სამსახურს სწირავს თავს ყოველგვარი მიწიერი, მზაკვრული მოსაზრებების გარეშე, ვისაც მხოლოდ ღმრთის სათნო-ყოფა და საკუთარი სულის ცხონება დაუსახავს მიზნად, ღმერთის ხელშია და ამ სულს ღმერთს ვერავინ და ვერაფერი გამოსტაცებს. ასეთ სულს უფალი ამ სოფელში ვიწრო და ძნელ გზაზე აყენებს, სხვადასხვა ჭირისა და მწუხარებებისაგან რომ შედგება, რადგან ფართო გზით ღმერთთან მიახლება შეუძლებელია. მიენდე უფალს, უარყავი არა საქმით ზრუნვა შენი თავისათვის, არამედ ოცნებით ზრუნვა. როდესაც ასეთი ზრუნვა მოგეძალება, ბევრად აჯობებს ილოცო, ვიდრე სხვადასხვა, ყოველთვის აუხდენელი გეგმების შედგენას მიჰყო ხელი. ღმერთმა გაკურთხოს! (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან "კრებული" უკან დაბრუნება |