მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სტუდენტ ი. - ს ეკლესიასტეს წიგნის შესახებ
სტუდენტ ი. - ს ეკლესიასტეს წიგნის შესახებ6-09-2017, 00:05 |
ვერ გაგიგია, რატომაა ჩართული ეკლესიასტე ბიბლიაში, შენი აზრით ეს წიგნი წმინდა ინდუსურ პესიმიზმს გამოხატავს, რადგან ყველა ფასეულობას უარყოფს და ღვთის დანარჩენ სწავლებას ეწინააღმდეგება. მაგრამ წმ. მამები, რომელთაც ეკლესიასტეს წიგნი ბიბლიურ კანონში შეიტანეს, ასე არ ფიქრობდნენ, მათ ის სამოძღვრო წიგნებს მიაკუთვნეს და ეკლესია დღემდე ამგვარად განიხილავს და გვთავაზობს მას. "ამაოება ამაოთაი - თქვა ეკლესიასტე - ამაოებაი ამაოთაი, ყოველივე ამაო" (ეკლ. 1,2). მაინც ვინ არის ეკლესიასტე? ეს იყო ბრძენთაბრძენი, უმდიდრესი და უბედნიერესი ქრისტეშობამდელი მეფე ამქვეყნად, სოლომონი, დავითის ძე. ადამიანი, რომელსაც განუზომლად ბევრი ჰქონდა ყველაფერი, რაც კი შეიძლება ამქვეყნად ინატროს კაცის გულმა, ამაოებას უწოდებს მთელ თავის სამფლობელოსა და წოდებას, მთელ ბრწყინვასა და ელვარებას, თავის მეფურ ძალაუფლებასა და დიდებას, ყველა პატივსა და მთელ მემკვიდრეობას... განა ეს მეტად ღირებული სწავლება არაა ამა სოფლისათვის? განა ეს ცივ წყალს არა ჰგავს იმ ხალხის გამოსაფხიზლებლად, რომლებიც უსამართლობითა და დანაშაულით, ღვთისმებრძოლობითა და კაცთმებრძოლობით, საკუთარი სინდისის დადუმებითა და სულის მოკვდინებით, გამწარებით ეპოტინება იმ ყველაფერს, რაც დიდებულმა ხელმწიფემ პირთამდე სავსე თასით იგემა და ამაოება, ტყუილი და არარაობა უწოდა მას. ეს სიტყვები რომელიმე ფეხშიშველ ინდუს ფილოსოფოსს რომ წარმოეთქვა, მათ არ ექნებოდათ მსგავსი დაუძლეველი ზემოქმედება, რაც გააჩნიათ იმ ბაგეთაგან მომავალთ, რომელიც აღსავსეა ყოველგვარი მიწიერი სიამტკბილობით. "ანუ ვინ ჭამა ან განცხრომას ვინ მიეცა ჩემზე უმეტესს? ესეცა ამაო და ხდომა სულისა" (ეკლ. 2. 26) - ასე ამბობდა უმდიდრესი და უმაძღრესი. ხოლო ის, რომ ეკლესიასტე ყველა ფასეულობას ქირდავს - შეცდომაა. ორ ფასეულობას არ უარყოფს იგი: ღმერთსა და სიმართლეს. ესენი ამსოფლიურ ამაოებაში ორი მთავარი ღირებულებაა, "ღმერთი ცათა შინა არს და შენ ქვეყანასა ზედა... ღმრთისა გეშინოდენ" (ეკლ.1-6) - ამბობს ეკლესიასტე. "მართლისა თანა და უღმრთოისა საჯოსმეა ღმერთმან" (ეკლ. 8-12) "რომელმან - იგი ცოდა, ქმნა ბოროტი მაშინდითგან და უშორესითგან მათით. და მე ვიცი ესე, რომელიყოს კეთილი მოშიშთათვის ღმრთისათა, რათა ეშინოდის პირისაგან მისისა" (ეკლ.8.12). მან იცის, ხედავს, რომ ხშირად ცისქვეშეთში მართალი ცოდვილივით იტანჯება და ეს მის სულს აწამებს, მაგრამ გულით ატარებს წინასწარმეტყველურ გრძნობას, რომ მართალს საბოლოოდ სიკეთე ელის. თუმცა, რა სიკეთეა, არ შეუძლია თქვას. უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიასტე ქრისტეს მოსვლამდე ათასი წლით ადრე ცხოვრობდა და არ შეეძლო მოესმინა მაცხოვრის საოცარი სიტყვები. არ შეეძლო სცოდნოდა ახალი სამყაროს - ზეციური სამეფოს შესახებ, რომელიც უფალმა ადამიანს გაუხსნა. ახლა ყველა უბრალო ქრისტიანმა იცის ქრისტიანობამდელ ბრძენთაბრძენ მეფეზე მეტი. ქრისტიანმა ქრისტესაგან იცის, რომ მართალი მარადიულ ცხოვრებას დაიმკვიდრებს და მზესავით გაბრწყინდება თავისი ზეციერი მამის სამეფოში. მაგრამ მიუხედავდ იმისა, რომ ყოვლად ბრძენმა მეფემ ეს არ იციდა, ზეგარდმო შთაგონებით გრძნობდა, რომ მართალს რაღაც უდიდესი სიკეთე ელის, ცოდვილს - ბოროტება. "იხარებთ, ჭაბუკო, სიჭაბუკესა შენსა, და განგაჭაბუკენ შენ გულმან შენმან დღეთა სიჭაბუკისა შენისათა" (ეკლ.11 9) გეუბნება შენ ბრძენი მეფე. "და ვიდოდე გზათა შენთა უბიწოდ და ნუ ხილვითა თვალთა შენთათთა, და გულისხმაყავ, რამეთუ ამას ყოველსა ზედა მოგიყვანოს შენ ღმერთმან სასჯელად" (155. 11. 9). "რამეთუ ყოველსა თანა ქმნილსა წარმოადგინოს ღმერთმან სასჯელსა ყოველივე უგულებელი, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი" (155. 12. 14). ამიტომაც, დაეხსენი ინდუსთა პისიმიზმს, და თქვი ეკლესიასტეს მსგავსად: "ჭეშმარიტად, ყოველივე ამაოა, ღვთისა და ღვთიური სიმართლის გარდა". და სავალი შენი ისე წარმართე, რომ არც შენ გათელო სიმართლე, არც სიმართლემ გაგთელოს შენ. ღმერთმა გიშველოს!
წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |