მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ჯუმათის მონასტერი

ჯუმათის მონასტერი


15-08-2012, 20:11
  ჯუმათის მონასტრის ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. იგი ჯუმათის სამრევლო ეკლესიაა. მის სენაკებს შორის, რომლებიც ტაძრის სამხრეთით არის განლაგებული, მთის ჩრდილოაღმოსავლეთის  კალთაზე დგას არქიელის უბრალო ხის სახლი, სადაც ზაფხულობით ცხოვრობს გურიის ახლანდელი ეპისკოპსი გაბრიელი გურული აზნაურების ტუსკიების საგვარეულოდან.
ჯუმათის ტაძარს გარს ავლია დაბალი, მიწის პირამდე ამოყვანილი ქვის გალავანი. გალავნის შესავალი დატანებულია ნახეთქი ქვით ნაშენ ძველ კვად­რატულ სამრეკლოში, რომელსაც აქვს 6-სარკმლიანი გუმბათი, კარი და ქვის კიბე. თვითონ ეკლესია უგუმბათოა. კონსტრუქციით მოგვაგონებს შემოქმედის ტაძარს. ცოტა ხნის წინათ, სახელდობრ 1846 წ. რუხი პორფირით მოუპირკეთებიათ. სამხრეთის მხრიდან იმავე წელს მოუშენებიათ ეკვდერი ღვთისმშობლის სახელზე; დასავლეთიდან კი ძველი კარიბჭე, რომელიც ახლა სადარაჯოდ უქცევიათ. შიგნით ეკლესიის სიგრძე 18 ნაბიჯია, სიგანე 8. იატაკი თლილი ქვისაა. ჯუმათელთაგან აქ, როგორც ამბობენ, დაკრძალულია მხოლოდ ნიკოლოზი, გურიელებიდან კი ვახტანგი და მისი მეუღლე მართა, ორბელიანის ასული და მათი ვაჟი დათა, ჯუმათის ძველი მხატვრობა ზედა ნაწილზე შეთეთრებულია, ხოლო ქვემო ნაწილში ხელუხლებელია.
ჯუმათი შემოქმედის შემდეგ თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში: იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული კათედრა იყო. ჰქონდა დიდძალი უძრავი ქონება და ძვირფასი ხატები.
ჯუმათში ხატები ცოტაა, მაგრამ ფრიად ძვირფასი. აი ის­იც:
1) წმ. გიორგის ნაჭედი ხატი ოქროს მოჭედილობითა და ამ წმიდანის რელიეფური გამოსახულებით. წარმოდგენილია მთელი ტანით; ხუჭუჭთმიანი; ჯაჭვის პერანგი აცვია, მარცხენა ხელში ფარი უპყრია, მარჯვენაში _ ლახვარი; უკან ჰკიდია გრძელი მახვილი. საერთოდ, როგორც მთელი ნამუშევარი, ასევე წარწერების ასოებიც ლამაზია.
2) მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატი. მოჭედილობა სულ ერთიანად ოქროსია: მისი ქვემო ნაწილი სიძველის გამო ნაფლეთებადაა ჩამოკიდებული. მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში ამოწვდილი მახვილი უპყრია, მარცხენაში ქარქაში. თმა ხუჭუჭა აქვს, ტანთ ჯაჭვი აცვია; მხრებზე ყაბალახის მაგვარი რამ აქვს მოგდებული, მკერდზე შეკინძული დიდებული ჭედურობაა. არშიებზე 10 მინანქრის მედალინია ნაირფერი ფონით. წარწერები ქართულია, ძალზე წვრილი ოქროს სირმებით შესრულებული. მთავარანგელოზს თავს შარავანდედი ადგას, მასში სამი მსხვილი თვალი ზის: ფირუზი და ორი მარგალიტი.
3) გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი, თავიდან ბოლომდე გაპობილია. მის მოჭედილობაზე ასევე 10 მინანქრის მედალიონია, როგორც მიქაელ მთავარანგელოზის ხატზე. ხელობაც ისეთივეა, წარწერაც, რაც ამტკიცებს, რომ ორივე ხატი ერთი და იმავე დროისაა. მედალიონების წარწერები ბერძნულია.
4) მოოქროვილი ვერცხლის მომცრო ხატი მაცხოვრისა და მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების რელიეფური გამოსახულებით.
5) საწინამძღვრო ჯვარი, ვეებერთელა, მძიმე, ვერცხლისტარიანი, დიდი ბურთულით, ბურთულა ბაჯაღლო ოქროსია, გუმბათიანი ეკლესიის ფორმა აქვს. ჯვრის ოთხ მკლავზე რელიეფურად გამოსახულია წმინდანები. ყოველი მკლავი ირგვლივ წვრილი ძვირფასი თვლებითაა მოოჭვილი.
თვით ჯუმათის შესახებ უნდა შევნიშნო, რომ ეს სახელწოდება მის უძველეს წარწერებში სულაც არ გვხვდება და თუ ამ წარწერების მიხედვით ვიმსჯელებთ, ჯუმათის ტაძარი შემოქმედის მონასტერზე ძველი უნდა იყოს.
 
 
დიმიტრი ბაქრაძის წიგნიდან: "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში"
მოამზადა: დავით ჯინჭარაძემ

უკან დაბრუნება