მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ევოლუციონიზმი, მთავარი გვედის ფოტო > „ქრისტიანული ევოლუციონიზმის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ქრისტიანული ევოლუციონიზმის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


3-12-2023, 00:07

„ქრისტიანული ევოლუციონიზმის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ევოლუციური სწავლების მიხედვით კაცობრიობა, როგორც ბიოლოგიური სახეობა და ადამიანი, მისი კერძო სუბიექტი, პროგრესირებს. ამიტომ ეს უნდა აისახებოდეს ცხოვრების ყველა სფეროზე, მათ შორის რელიგიაზე.

   ევოლუციის განვითარების შემდგომ ეტაპზე ევოლუციონისტები კიდევ უფრო „სრულყოფენ" თავიანთ თეორიას და დასძენენ, რომ ტრანსფორმაციის დასაწყისში იმყოფებიან, რაც „უმაღლესი რასის", „ზეადამიანისა" და „ზერელიგიის" გამოჩენით დასრულდება. ისინი ამბობენ, რომ ჩვენს დროში ევოლუციამ ფიზიოლოგიური და ანატომიური სიბრტყიდან სულიერ და მორალურ სიბრტყეზე გადაინაცვლა.

   მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციის თეორიას არა აქვს მყარი მეცნიერული საფუძვლები მტკიცებულების სახით, ის ღრმად შეიჭრა თანამედროვე, მით უფრო ლიბერალურ-ეკუმენისტურად განწყობილ ადამიანების ცნობიერებაში. რატომ? მან შესანიშნავი გასაქანი მისცა ეკუმენისტურ მსოფლმხედველობას.

   ნელ-ნელა ამ მოვლენამ მთელი დასავლური რელიგიები მოიცვა.

   ევოლუციონისტებმა ნაცადი ხერხით უარყვეს ჭეშმარიტების ურყევი პრინციპები: დოგმები და კანონები და სამაგიეროდ ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანეს ყურადღება.

   დასავლურმა კონფესიებმა რელიგია, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ პროდუქტად, ამსოფლიურ ინსტიტუტად, ორგანიზაციად მიიჩნიეს.

   პროტესტანტები ამბობენ: „ჩვენ აღარ ვახდენთ მომავალი ცხოვრების დემონსტრირებას, ჩვენ ვიკვლევთ, თუ როგორი შედეგები აქვს უკვდავების რწმენას ადამიანის მოქმედებაზე."

   მთლიანობაში, ევოლუციამ ფასეულობათა ახალი სისტემა წარმოქმნა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისაგან. თუმცა დასავლეთში მას „ქრისტიანული ევოლუციონიზმი" უწოდეს.

   ევოლუციონისტი ეკუმენისტების აზრით, ღმერთი, მართალია, არსებობს, მაგრამ ის თითქოს გაუპიროვნებულია, ანუ იგი ქმნის სამყაროს, ხოლო შემდეგ უკანა პლანზე გადადის და ევოლუციას უთმობს ასპარეზს. ეს წმიდა სახის დეიზმის მწვალებლობაა.

   ქრისტიანობასთან მიმართებაში ისინი ეკუმენისტების და პანეკუმენისტების მსგავს სულისკვეთებას ამჟღავნებენ. ვინმე ფრანგი მეცნიერი პიერ დე კონტ დუ ნუი თავის ნაშრომში დაასკვნის: „ქრისტიანობა არ ფლობს ობიექტურ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას... ჩვენ ტრანსფორმაციის დასაწყისში ვიმყოფებით, რაც უმაღლესი რასისა და რელიგიის გამოჩენით დასრულდება".

   ანუ, სამყაროში თურმე ყველაფერი ევოლუციას ექვემდებარება, ყველაფერი იცვლება, პროგრესირებს. არ არსებობს არავითარი გამონაკ-ლისი, არავითარი ჭეშმარიტი რელიგია. ადამიანის ევოლუციის მომავალი „ზეადამიანისა" და „ზერელიგიის" წარმოქმნაშია.

   გვაინტერესებს: თუკი ევოლუციის პროცესი ღმერთმა დაიწყო, მაშინ როგორ მოხდა, რომ მისი დასასრული ღმერთს აღარ ემორჩილება?!

  რა ვუყოთ ღვთის განგებულებას, ურომლისოდაც თმის ბეწვიც არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან. (ლუკ. 21.18).

   ევოლუციონისტების მამად წოდებული კათოლიკური სამყაროს სასულიერო პირი და მეცნიერი ტიერ დე შარდენი ამბობს:

   „ევოლუციით ხორციელდება ერთგვარი უნივერსალური გამოცხადება კაცობრიობისათვის. მიუხედავად იმისა ქრისტიანები არიან ისინი, ათეისტები თუ სხვანი და ყველაფერი, მათ შორის, რელიგიაც, ევოლუციურად უნდა იქნეს გაგებული...

   თანამედროვე სამყარო - ეს არის ევოლუციის სამყარო, აქედან გამომდინარე, სულიერი ცხოვრების სტატიკური (ანუ დოგმატური) კონცეფციები ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს, ხოლო ქრისტეს კლასიკური სწავლება ახლებურად განიმარტოს." (კლასიკური ეკუმენიზმი-ავტ.).

   შარდენის აზრით, „ქრისტეს სხეული" - არ არის მართლმადიდებლური ქრისტე, არამედ „უნივერსუმის ქრისტე", ან „ზექრისტე", ევოლუციონირებადი ქრისტე, რომელიც იქნება ეთიკისა და მორალის საუკთესო ნიმუში და არა ჭეშმარიტი ღმერთი, და რომელიც საბოლოოდ ყველა რელიგია ერთ წერტილში მოიყრის თავს და გააერთიანებს".1

   ეს არის თეოსოფია, რომელიც ამბობს, რომ ყველა რელიგია ცენტრისკენ მიმართული რადიუსია.

   ცნობილია, რომ თეოსოფიისთვის ერთიანი ჭეშმარიტება არ არსებობს. ის წარმართული მრავალღმერთიანობის გამეორებაა. ქრისტე ღმერთი ზორაოსტრასთან, ბუდასთან ერთიან რაკურსში განიხილება. ქრისტიანობა არა ყველა ერის ჭეშმარიტებად, არამედ რეგიონალურ რელიგიად ცხადდება.

   ეს არის იგივე ეკუმენიზმი, სადაც თანასწორობის პრინციპი არა ყველა რელიგიაზე, არამედ მხოლოდ ქრისტიანულ კონფესიებზე ვრცე-ლდება.

   ამდენად, ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, როგორც ქადაგებენ დასავლეთში, შეიძლება პერსპექტივა აღმოჩნდეს, შორეული, მაგრამ მაინც პერსპექტივა, უკვე რეალიზებული პროტესტანტულ სექტებში. (გაგრძელება...)

 

 

 


1მღვდ. მონ. სერაფიმე (როუზი). ქრისტიანული ევოლუციონიზმი. თბ. 2008. გვ. 315-340.

 

 

 დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება