მთავარი > სხვადასხვა, სიყვარული, მარხვა, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარული მარხვაზე უმეტესია
სიყვარული მარხვაზე უმეტესია1-03-2023, 00:01 |
სიტყვა შესახებ იმისა, რომ მგზავრთა შეკედლება მეტად ფასობს უფლის თვალში, ვიდრე მარხული და მეუდაბნოე ცხოვრება
რაც უნდა საქებარი იყოს სხვადასხვა სიქველენი, რომელთა ქმნითაც ადამიანი უფალს სთნავს, სიყვარული მათ შორის უპირატესია. რასაკვირველია, კარგია, რომ ვლოცულობთ, ვმარხულობთ, არ განვიკითხავთ, თვინიერნი ვართ და სხვა ქრისტიანული სიქველეებით ვიმკობთ თავს; მაგრამ მათგან ყველაფერზე უმაღლესი და უძვირფასესია, გვიყვარდეს ღმერთი და მისადმი ეს სიყვარული მოყვასისადმი სიყვარულით გამოვხატოთ. აი, მაგალითად, ვით, ასე ვთქვათ, თვალსაჩინოდ დადასტურდა ეს სიტყვები ორი წმინდანის შეხვედრისას: იყო სირიაში მავანი წმინდა ბერი, რომელიც უდაბნოსკენ მიმავალ გზასთან ცხოვრობდა. იგი გამუდმებით გზის პირას იჯდა და, როგორც კი დაინახავდა უდაბნოდან მომავალ გლახაკს ან ბერს, მაშინვე სიხარულით მიიწევდა თავისთან, მოასვენებდა, დაანაყრებდა და წყურვილს მოუკლავდა. და აი, ერთხელაც მასთან ერთი გადეგილი მოვიდა. ბერმა ჩვეულებისამებრ საზრდო შესთავაზა; მაგრამ მან არ მიიღო შეთავაზებული, თქვა, რომ მარხულობს. ბევრს ეხვეწა ბერი მოსულს, რომ საზრდელი მიეღო, მაგრამ ვერ დაითანხმა. მაშინ ბერმა თქვა: - დაე, თავად ღმერთმა განგვსაჯოს, რა უფრო აღმატებულია: შენი მარხვა თუ ჩემი სიყვარული? აი, იქ ხე დგას; ვილოცოთ, რომ იგი გადაიხაროს ან ჩემკენ, ან შენკენ. თუკი შენკენ დაიხრება, გვეცოდინება, რომ მარხვა სიყვარულს აღემატება; თუ - ჩემკენ, მაშასადამე, სიყვარული მარხვაზე უმაღლესია. განდეგილი დათანხმდა, მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო. ხე უძრავად იდგა. ილოცა ბერმა, მგზავრთმოყვარემ - და ხე დაუყოვნებლივ მისკენ დაიხარა. ორთავემ ადიდა უფალი. ამრიგად, ძმანო, შეიმკობოდეთ ზოგადად ქრისტიანული სათნოებებით, ხოლო სიყვარულით - სხვათა უმეტეს. იგი მთელი ქრისტიანული რწმენის საფუძველია, მის გარეშე თავად რწმენაც კი უქმი და მკვდარია და არ შეუძლია ჩვენი მიყვანება მარადიულ ცხოვრებასთან. როგორც ნათქვამია: (იაკ. 2, 20.26). სიყვარული იმდენად დიდია, რომ თავად ღმერთსაც მისით სახელდებენ: ღმერთი სიყუარული არს, - ამბობს ქრისტეს საყვარელი მოწაფე, - (1 იოან. 4,16). გახსოვდეთ ეს და მუდამ გქონდეთ საღმრთო სიყვარული. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |