მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > უფლის ტაძარში სიარულის შესახებ
უფლის ტაძარში სიარულის შესახებ24-04-2014, 00:01 |
იოანე ოქროპირის სიტყვა, რომელიც მოგვიწოდებს, მივატოვოთ ყველა საქმე და ეკლესიაში წავიდეთ
ბევრი ქრისტიანი ზარმაცია, მათ ღვთის სახლში მისვლა ეზარებათ და იქ დღესასწაულის დღეებშიც კი არ დადიან. ეკლესიის ზარები თითქოს უდაბნოში რეკენ და ჩვენი ეკლესიებიც ცარიელია. გვსურს, ასეთ ზარმაცებს შევახსენოთ იოანე ოქროპირის სიტყვები, თუკი ჩვენ არ გვისმენენ, ყოველთა მოძღვარს მაინც მიაპყრონ ყური. „ყველას ვევედრები, ასწავლეთ ზარმაცებს ეკლესიაში სიარული. თქვენ უკვე იგემეთ სწავლის სიტკბოება, ხოლო მათ-არა. ეკლესია ხომ ყველას თავშესაფარია. ამიტომ ვისწრაფოთ მისკენ. თუ მართალი ხარ, შემოდი ეკლესიაში, რათა დაიცვა შენი მართლმორწმუნოება, თუ ცოდვილი ხარ, იჩქარე, რათა გადარჩე; თუკი არ შეისმენ ეკლესიის სწავლებას, როგორღა შესძლებ კეთილად წარმართო სულიერი ცხოვრება? უფლის სიტყვას ნათელს ეძახიან და ეს ყოველგვარ ხილულ ნათელზე დიადია, ვინაიდან იგი სულს ანათებს. თქვენ, ვინც ხშირად დადიხართ ეკლესიაში, სხვებშიც გააღვიძეთ იგივე სურვილი. ნუ იტყვით, დაკავებული ვარ და არ შემიძლია წამისვლა, იფიქრეთ იმაზე, ვინც მოხმობილნი იყვნენ სამეფო სერობაზე და არ მივიდნენ. ერთმა მოიმიზეზა, ხუთი წყვილი ხარი ვიყიდე, მეორემ-მინდორი, მესამემ-ცოლი შევირთეო. ამის გამო მათზე მეფე განრისხ-და. თქვენ ერთი საათიც არ გსურთ, დაუთმოთ უფალს. რატომ გიჭირთ ეკლესიაში წასვლა, თუკი ვინმე ოქრო-ვერცხლს, თაფლს ან ლუდს დაარიგებდა, მაშინ ხომ იჩქარებდით გაქცევას, ხოლო ეკლე-სიაში, სადაც ყოველდღიურად უფლის სიტყვა რიგდება, რომელიც ყველა თვალ-მარგალიტზე და ოქროზე ძვირფასი და თაფლზე ტკბილია, იშვიათად დადიხართ. ამიტომაც განვიკითხავ თქვენს სიზარმაცეს, ვკიცხავ იმ დაუდევრობას, რასაც ეკლესიის მიმართ იჩენთ. თქვენი სული საღვთო სწავლების გარეშე რჩება, რომლის მეშვეობითაც შეგეძლოთ ღვთისმოსავი გამხდარიყავით და სული გეხსნათ. ამრიგად, ძმანო, იჩქარეთ უფლის ეკლესიაში მისვლა, დატკბით უფლის სიტყვებით, რომელიც ყველა ოქროზე ფასეულია. საღვთო ლიტურგიის დროს გაბრწყინდებით მაცხოვნებელი შეგონებებით, ჩვენი მხსნელის ცხოვრების სმენით. აქ ადიდებთ ღმერთს ქერუბი-მებთან და სერაფიმებთან ერთად და ბოლოს შეძლებთ, წმინდა ზიარების საშუალებით მიეახლოთ უფალს, მის წმინდა სისხლსა და ხორცს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.
უკან დაბრუნება |